კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი მარინა ბერიძე თანამდებობას ტოვებს და სატელევიზიო სივრცეში ბრუნდება. ვინ ჩაანაცვლებს ბერიძეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე სახელდება ზოგიერთი კანდიდატი...
ინფორმაციის გადასამოწმებლად Aმბები.გე მარინა ბერიძეს დაუკავშირდა:
-ქალბატონო მარინა, გვინდა გადავამოწმოთ ინფორმაცია თქვენს მიერ კულტურის სამინისტროს დატოვებასთან დაკავშირებით.
- დიახ, ვადასტურებ.
- გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსთავი 2 -ში თქვენს შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით...
- ასეა, ვადასტურებ.
- რა პოზიციას დაიკავებთ "რუსთავი 2"-ზე, ძველებურად არხის მუსიკალური პროდიუსერი იქნებით?
- არა, ამჯერად ტელეწამყვანად ვბრუნდები გადაცემაში "შუადღე". თუმცა, ვიქნები არა გადაცემის მთავარი წამყვანი, არამედ თანაწამყვანი. ჩემი საეთერო დღე ხუთშაბათი იქნება. ვისაუბრებ მუსიკაზე, ისევე როგორც დათო ტურაშვილი საუბრობს კვირაში ერთხელ ლიტერატურაზე.
- როდიდან გიხილავთ ტელემაყურებელი?
- ალბათ, მომდევნო ხუთშაბათს დავჯდები ეთერში.
- რაც შეეხება თქვენს მიერ კულტურის სამინისტროს დატოვებას, შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ დაიკავებს თქვენს ადგილს სამინისტროში?
- განიხილება რამდენიმე კანდიდატი, თუმცა ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზე. ასე ადვილი არ არის... ძალიან ჩქარა გადაწყდა ეს ამბავი. დიდი დეპარტამენტია და ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ვინ იქნება. მე ვისურვებდი, რომ მუსიკალური განათლება,
გემოვნება და მენეჯერის თვისებები ჰქონდეს. მე ასე მგონია, რომ ეს სამი კომპონენტი უნდა არსებობდეს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად თიკა რუხაძე განიხილება...
- იცით რა, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე კანდიდატურა იყო და ერთ-ერთი მათგანი, მე მგონი, თიკაც არის...
(Ambebi.ge ნათია გედენიძე)