reportiori.ge - რას მალავს საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:34
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რას მალავს საგარეო საქმეთა მინისტრი
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 18:53



ვინ გაახმოვანა მაია ფანჯიკიძემ თავისი სკანდალური განცხადებით? ის რადიკალები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე გაიძახიან, რომ უცხოელი დამკვირვებლები არ უნდა მოვიწვიოთ და რომ ისინი გაყალბებულ არჩევნებს „აპრავებენ“. ასეთი ფიგურები არიან პარლამენტშიც და მცირე ძალები – პარლამენტს გარეთაც.

 

თუმცა, როგორც ირკვევა, მაია ფანჯიკიძემ, ამ სკანდალური განცხადებით, დაფარა რეალური მიზეზები. ის, რომ რუსეთი უშლის ხელს სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას არჩევნებზე და ისიც, რომ სამინისტრომ ჯეროვნად ვერ იმუშავა ვეტოს დასაძლევად. თუმცა, შესაძლოა, ვითარება კიდევ შეიცვალოს.

მაია ფანჯიკივე ჯერ სერიოზულ დიპლომატად არ აღიქმებოდა და ახლა უკვე მინისტრადაც არ აღიქმება. მხოლოდ პროდასავლური ორიენტაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ხმაურიანი განცხადებების ავტორი არაერთხელ გახდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ საერთოდ ყოველგვარ ზღვარს გადაააჭარბა. წინასაარჩევნოდ მის განცხადებას უცხოელი დამკვირვებლების შესახებ დიდი სკანდალიც მოჰყვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მინისტრმა საკუთარი შეხედულება გაახმოვანა და მთავრობასთან ის შეთანხმებული არ იყო.

დიპლომატებს, უბრალოდ, არ სჯერათ, რომ ფანჯიკიძეს ასეთი სისულელე შეიძლებოდა ეთქვა, მთავრობის სხდომიდან გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ:

– ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საქართველოში შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს... როდესაც სავარაუდო თარიღი ცნობილი იყო, უკვე გავაგზავნეთ კონკრეტული თარიღით მოწვევები. გამოხმაურება ჯერჯერობით არ გვქონია. თუმცა, ერთი რამ ვიცით, რომ შეიძლება, ODIHR-მა არ გამოაგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ეს არის ადგილობრივი არჩევნები და არ შედის მათ კომპეტენციაში. გარდა ამისა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს პრესტიჟი არის ამაღლებული, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, იმდენი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე არ ჩამოვა, რამდენიც წინაზე ჩამოვიდა.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გაოცებულია. მისი განმარტებით, საქართველომ რამდენიმე თვეში ხელი უნდა მოაწეროს ევროპასთან ასოცირებულ ხელშეკრულებას და შესაბამისად, საქართველო ახლა დასავლეთის მხრიდან სერიოზული დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ამ არჩევნებს, მისივე განმარტებით, დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და შეფასებების კრიტერიუმიც მკაცრი იქნება.

თუმცა, მთელი ინტრიგა აქ ის კი არ არის, რომ თურმე ისე გავიზარდეთ, თვალსა და ხელს შუა, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ადგილობრივამდე, რომ დამკვირვებლები აღარ გვჭირდებიან, არამედ ის, რომ თურმე ODIHR ადგილობრივ არჩევნებს არ აკვირდება. ექსპერტებმა მაშინვე დასვეს კითხვა: და შესაძლებელია, საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცოდეს, 2010 წლის ადგილობრვი არჩევნებს საქართველოში, მათ შორის, ODIHR-ის 400-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა?

სკანდალი პიკზე იყო, რომ მინისტრმა მეორე განცხადება გააკეთა და რამდენიმე საათში მაია ფანჯიკიძე ისევ ხმაურის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამჯერად მინისტრმა გვაუწყა, რომ თურმე ODIHR ნატოში შეეშალა. ეს ხომ საერთოდ ნონსენსია. ასეთი რაღაცის არევას სტუდენტს არ აპატიებენ და შეიძლება საშემოდგომო გამოაყოლონ, არათუ მინისტრს და ახლა მეორე შეკითხვა დაისვა: და როგორ იქნება ფანჯიკიძის შემოდგომა?

თავად მინისტრმა „შეცდომა“ ენობრივი ლაფსუსით ახსნა. ლევან ალაფიშვილისთვის ეს არგუმენტი არ არის. ასე მიაჩნიათ სხვა ექსპერტებსაც. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც მინისტრი ჯერ ერთი და მერე მეორე განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. მით უფრო, რომ ჩასწორებულ ვარიანტში ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ODIHR-ის დამკვირვებლები ვერ ჩამოვლენ, რადგანაც სამინისტროსთვის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოწერილ წერილში წერდნენ, ფინანსური პრობლემების გამო ვერ დავაკვირდებით არჩევნებსო.

ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა მინისტრს ამ წერილის გასაჯაროება სთხოვეს, თუმცა, მინისტრს წერილი დღემდე არ გამოუქვეყნებია.

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი მინისტრის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა:

„მარტო ენობრივი ლაფსუსი რომ იყოს, კომენტარისგან თავს შევიკავებდი. ჯერ ერთი, ვის გაუგონია 3-ჯერ მოსაწვევის გაგზავნა. ანუ ამის ჯერ გაკეთება და მერე თქმა უკვე ლაფსუსია და თანაც არა ენობრივი. არის ასევე ტყუილის ლაფსუსიც, რადგან მარტში გამართული ევროსაბჭოს კონგრესის პლენ:არული სხდომის პირველ დღეს კონგრესის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გვაუწყა, რომ მოწვევა არ მიუღიათ, ანუ დეკემბერში მათთან არაფერი გაგზავნილა. ამ შეხვედრის მეორე დღეს ევკონგრესმა მიიღო მიწვევა, არადა მორიგი ლაფსუსი ისაა,რომ მაშინ არჩევნები დანიშნული ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად. კიდევ ბევრი რამ შეიძლება გავალაფსუსოთ, მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესოა ODIHR-ის წერილი, სადაც წერია, რომ ისეთ არჩევნებს ვატარებთ, რომ მათი ჩამოსვლა აღარაა, აუცილებელი. ისე, ინფორმაციისთვის: ეს ორგანო არჩევნებს აკვირდება აშშ-იც და საფრანგეთშიც და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა გამოვტყდე – ლაფსუსი მარტო ენობრივი არაა.

მაინც რისთვის დასჭირდა ასეთი განცხადების გაკეთება მინისტრ ფანჯიკიძეს, თანაც მთავრობის სხდომის შემდეგ?

გოკა გაბაშვილის განმარტებით, მინისტრმა ფანჯიკიძემ მთელ ამ ისტორიაში მთავარი დამალა, მან არ თქვა რეალური მიზეზი, რატომ არ ფინანსდება ODIHR. გაბაშვილის თქმით, ეუთოში სწორედ რუსეთმა დაადო ვეტო საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოშვებას – დაუბლოკა ბიუჯეტი. დეპუტატის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მექანიზმები, იმოქმედოს და ეს ვეტო გადალახოს. თუ საქართველო მოითხოვს მისიას, ის მიიღებს მას.

მეორე დღეს უკვე პრეზიდენტმა მარგელაშვილმა განმარტა, რომ დამკვირვებლებს დიდი მისია აკისრიათ საქართველოში:

 „შარშან საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან წარმატებული იყო დამკვირვებლების ჩამოსვლა, იმიტომ რომ მათ დაინახეს, დაადასტურეს და, ფაქტობრივად, მთელ ცივილიზებულ სამყაროს მათი მეშვეობით ეცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო დემოკრატიული და კონკურენტული. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ დამკვირვებლებს მივესალმებით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაესწრონ. რომელი ორგანიზაცია დაესწრება და რა რაოდენობით, ეს დეტალები ჩემს კომპეტენციაში ნაკლება შედის“.

კომპეტენცია საგარეო საქმეთა სამინისტროსია, თუმცა, რამდენად კომპეტენტურია მაია ფანჯიკიძე, კითხვები უკვე გაჩნდა.

 

ქეთი ხატიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი“

 

19. 04. 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016