reportiori.ge - მიხეილ მაჭავარიანი: „არც მე ვარ მუშნი და არც ვანოა დათა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:50
ინტერვიუ
მიხეილ მაჭავარიანი: „არც მე ვარ მუშნი და არც ვანოა დათა“
ავტორი:
17 მარტი, 2014. 17:13



მას მერე, რაც გიორგი ვაშაძემ თბილისის მერობის პოზიციაზე კანდიდატურა მოხსნა, გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობა“ დედაქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირისპირებს. მელიას პოლიტიკური გამოუცდელობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ექსსახელისუფლებო ძალა თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ პირებს. გვესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანი:

 

– გასული წლის დეკემბერში გადავწყვიტეთ, პარტიაში მიგვეღო ახალი ხალხი, ასევე ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ასპარეზი. ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომლითაც მერობის ან გამგებლობის კანდიდატს აეკრძალა პარტიულ სიაში ყოფნა, ზიანი მოგვაყენა. არ მესმის, პოლიტიკოსს, რომელიც მერი ან გამგებელი ვერ გახდება, რატომ არ უნდა ჰქონდეს საკრებულოში მოხვედრის შანსი?

 

– ანუ თქვენი კანდიდატის გამარჯვება არარეალურად მიიჩნიეთ და ამიტომ არ დაასახელეთ გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?

– უგულავა შტაბს უხელმძღვანელებს. მან მერობის კანდიდატობაზე უარი დასაბუთებულად განაცხადა, არ შეიძლება ადამიანი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ათ წელიწადზე მეტხანს იყოსო. რაც შეეხება ვაშაძეს, მისი არგუმენტით, სჯობდა ერთი  კანდიდატის თავიდანვე გამოკვეთა. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ნიკა მელიასთან ერთად, რომელსაც კარგი სამეურნეო გამოცდილება აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში 20% ავიღეთ, დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერა უფრო გაიზრდება, რადგან ამ ხელისუფლების უნიათობით თბილისში ბევრი პრობლემა დაგროვდა.

 

– თბილისის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით არის დაკომპლექტებული, ანუ პრობლემებზე პასუხისმგებლობის გაზიარება თქვენც მოგიწევთ.

– ვერ დაგეთანხმებით, ვიდრე ქალაქის საკრებულოდან არ შეიქმნა პრობლემები, დედაქალაქში ყველაფერი რიგზე იყო. რაც ახლა ხდება, უკავშირდება იმ პოლიტიკურ და საბიუჯეტო კინკლაობას, რომლის წამომწყებიც  საკრებულოა.

 

– საკრებულოც თქვენი ყოფილი წევრებისგან შედგება.

– ესეც ჩვენი შეცდომა იყო, ბევრი იყო მოკედლებული ჩვენს პარტიას, იდეის გამო კი არა, თანამდებობების გამო იყვნენ ჩვენთან. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს „ქართულ ოცნებას“ ეს ხალხი.

მაგალითად, გზებს მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება. კრწანისის გამგებელმა რომ ჰკითხა, რატომ არ იწყებთ რეაბილიტაციასო, შიხიაშვილმა უპასუხა, იანვარში გზებს ვინ აგებსო?! არადა, ზამთარში ასფალტის საფარი ზიანდება და რეაბილიტაცია სჭირდება. ნახეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იქნებოდა, ნარმანიამ კი მხოლოდ კილომეტრ-ნახევრის დაგება შეძლო.

„ქართული ოცნება“ ხალხს ჰპირდებოდა, რომ სოფლებში თვითმმართველობა იქნებოდა, რეგიონები მეტად დაფინანსდებოდა... არაერთი ჩვენი  აქტივისტია დაკავებული რაიონებში. როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის, პროკურატურამ პარლამენტისგან მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა, ეს ზეწოლის გამო ხდება...

 

– მას კონკრეტულ დანაშაულში სდებენ ბრალს.

– ჩატარდება გამოძიება და ვნახავთ, რა დარჩება ამ ბრალდებისგან. ან ვანო მერაბიშვილს რა ბრალდება აქვს წაყენებული, რასაც ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ედავებიან, სასაცილოა. ამხელა მაქინაცია თუ ჩატარდა, მარტო ეს ორი კაცი იყო დამნაშავე? 26 მაისის საქმეში ვანო მერაბიშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო, ხოლო გენერალი შალვა ჯანაშვილი, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, დაუსჯელია.

 

– დარბევის გადაწყვეტილება ჯანაშვილმა მერაბიშვილის გარეშე მიიღო?

– თუ მერაბიშვილი დამნაშავეა, ჯანაშვილმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი? 26 მაისის მოვლენებზე არსებობს ამერიკელების  დასკვნა, რომლითაც ყველაფერი გამართლებულია. ამას წინათ ხობში, სპეცოპერაციისას ერთი კაცი დაიღუპა, ამის გამო ოდესმე ვინმემ პასუხი უნდა აგოს?

 

– პასუხი უნდა აგოს იმ შემთხვევაში, თუ კანონი დაირღვა.

– 26 მაისს გენერალმა ლორთქიფანიძემ და გენერალმა ჯანაშვილმა მერაბიშვილს ორი გეგმა წარუდგინეს, მინისტრმა დაამტკიცა ჯანაშვილის გეგმა, ოპერაციას ატარებდა ჯანაშვილი, მაგრამ რადგან პროკურატურას მისცა ის ჩვენება, რაც სურდათ, აღარ დასაჯეს. 26 მაისს ზოგი მართლაც მხეცურად იქცეოდა, ამიტომ პასუხი უშუალოდ ოპერაციის ხელმძღვანელს, ჯანაშვილს უნდა ეგო.

 

– 26 მაისის შემდეგ კიდევ კარგა ხანს იყავით ხელისუფლებაში, თუ ეს ტრაგედია ჯანაშვილის ბრალი იყო, რატომ არ აგებინეთ პასუხი?

– მართალი ხართ, უნდა დაგვესაჯა და არა მხოლოდ ჯანაშვილი.

 

– გავრცელებული ინფორმაციით, უგულავას საქმეზე ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა სკაიპით დაჰკითხონ. გავრცელდა ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც ის ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ მართლაც დაიხარჯა ფული, ოღონდი ისე, რომ ადეიშვილი ამ ფონდის ხელმძღვანელს გიორგი საბანაძეს გაურიგდა, გიგი უგულავამ კი თითქოს ამის თაობაზე არაფერი იცოდა.

– თუ ეს უკვე აღიარებული დანაშაულია, მე რა უნდა ვთქვა? ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი ადასტურებს, რომ ამგვარი რამ მართლა მოხდა და დანაშაულისთვის ის პასუხსაც აგებს.

 

– თქვენს ძმაზე, ვანო მაჭავარიანზე, მინდა გკითხოთ, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველია.

– ვანო კარგი ადამიანია. მას ჩემზე კარგი განათლება აქვს მიღებული. თავის დროზე, ზურაბ ჟვანიამ დააწყებინა თანაშემწედ მუშაობა, მას მერე საგარეო საქმეებით იყო დაკავებული. ჩვენი ხელისუფლების დროს იყო ელჩი იაპონიაში, თუმცა ჩვენი აპოლოგეტი არასდროს ყოფილა. ხშირად ვკამათობდით, მიმითითებდა პოლიციასა და ციხეებში არსებულ ვითარებაზე, მოსმენებსა და თვალთვალზე... მიუხედავად სხვადასხვა პოზიციიისა, საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, არც მე ვარ მუშნი ზარანდია და არც ვანოა დათა თუთაშხია.

 

– გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის, 9 დეკემბრის შემდეგ ამხელდით იმ პირებს, ვინც მისი სახელით სპეკულირებდა.

– ჯერ კიდევ ველოდები გამოძიების შედეგებს. ჟვანიას საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის მუდმივად ბინძურად იყენებდნენ, არჩევნების წინ ამტკიცებდნენ, რომ ეს საქმე 2-3 თვეში გაიხსნებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და გამოძიებას დასასრული არ უჩანს. წავიკითხე ამ საქმის ყველა დოკუმენტი, ქართული თუ ამერიკული დასკვნები. დავრწმუნდი, რომ ზურა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ის არავის მოუკლავს.

 

– ამერიკულ დასკვნაში წერია, რომ გამათბობელი გარდაცვალების მიზეზი ვერ იქნებოდა.

– ამერიკულ დასკვნაში ისიც არის ნათქვამი, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილი იყო.

 

– ჟვანიას ოჯახს ამის არ სჯერა.

– მათი ეჭვები უსაფუძვლოა. შეიძლება ზურას საქმესთან დაკავშირებული რაღაც საკითხები ყოფილიყო, მაგრამ ოჯახმა ყველაფერი იცის...

 

– რას გულისხმობთ?

– მეტს აღარაფერს ვიტყვი. გამოძიება რაც მალე დასრულდება, მით მალე მორჩება სპეკულაციაც.

 


ნათია დოლიძე

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016