reportiori.ge - თიკა კანდელაკი: "პუტინთან ულტიმატუმით საუბარი არ გამოვა"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:55
ინტერვიუ
თიკა კანდელაკი: "პუტინთან ულტიმატუმით საუბარი არ გამოვა"
ავტორი:
23 აპრილი, 2014. 11:07

წარმატებული ბიზნესლედი სკანდალური იმიჯით" - ასე მოიხსენიებს რუსული ისტებლიშმენტი მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ტელეწამყვან თიკა კანდელაკს, რომელიც ბიზნესის პარალელურად რუსეთის ყველაზე რეიტინგული არხებისთვის გადაცემებს ამზადებს. ის კომპანია "აპოსტოლმედიას" მფლობელი და ორი შოუს "- "ყველაზე ჭკვიანისა" და "არარეალური პოლიტიკის" წამყვანია. მოსკოვში საკუთარი რესტორანი აქვს და რუსული "ვიატკა ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლავთ. თიკამ პოლიტიკაშიც სცადა ბედი. როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა მისი უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტია. "კვირის პალიტრა" თიკა კანდელაკს მოსკოვში დაუკავშირდა:

 

- თიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ ქმართან, თემურ დოლიძესთან ერთად საქართველოშიც გაქვთ ბიზნესი.

- რა ჩემი ქმარი? თემიკო ჩემი ბავშვობის საყვარელი მეგობარია. არანაირი ბიზნესი არა გვაქვს. მხოლოდ ერთხელ გავთხოვდი, ამჟამად ქმარს გაშორებული ვარ. ანდრეი კონდრახინი ჩემი პირველი და უკანასკნელი ქმარი იყო.


- უკანასკნელი? გამოდის, გათხოვებას აღარ აპირებთ...

- ამ შეკითხვას ჟურნალისტები ხშირად მისვამენ. გეტყვით მარტივად: Дорога во власти, это дорога одиночества, ანუ როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახი აუცილებლად ინგრევა, ან არავინ ქორწინდება, უბრალოდ, შენ უკვე გააკეთე არჩევანი, იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმ მიზანს უნდა ემსახურო, რომელიც დაისახე. აქედან გამომდინარე, უკვე 7 წელია "თავისუფალი" ვარ. ვერ გეტყვით, რომ არავის მოვწონვარ ან მე არავინ მომწონს, მაგრამ ბოლო 7 წელია, არც ერთი მამაკაცი ჩემი შვილებისთვის ისე არ წარმიდგენია, როგორც ადამიანი, რომელთანაც ვაპირებ ცხოვრებას... თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე. არა იმიტომ, რომ ქართველი ქალი ვარ და გათხოვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უბრალოდ, ძალიან დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისა და სერიოზული ურთიერთობის დრო ჩემს გრაფიკში არ მოიაზრება. თავისუფალ დროს  შვილებსა და დედას ვუთმობ. ჩათვალეთ, რომ პირადი ცხოვრება არა მაქვს.


- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- წელს, 9 ნოემბერს ჩამოვედი თბილისში და 10-ში უკან დავბრუნდი. სამწუხაროდ, ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი.


- მუდმივად აკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს, შუა საუკუნეების ტირანს უწოდებდით და პოლიტიკურ კურსს უწუნებდით. ახალ ხელისუფლებაზე რა აზრის ხართ?

- როგორც ქართველი, ვალდებული ვარ, თვალყური ვადევნო ქართულ პოლიტიკას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა და ინტერვიუ მისცა "ვრემიას", მხოლოდ მაშინ მოვკარი მის გამოსვლას თვალი... დრო არა მაქვს, რომ საფუძვლიანად გავერკვე, რა ხდება საქართველოში, როგორ შეიცვალა შიდა პოლიტიკა, ან როგორ ავითარებს ხელისუფლება საგარეო კურსს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალგაზრდა პრემიერი და პრეზიდენტი, რომელთაც არა აქვთ საკუთარი ბიზნესი,  ქვეყანას აძლევენ შანსს, სხვა გზით წავიდეს. სამწუხაროდ, კახი კალაძის გარდა, ახალი მთავრობის წევრებიდან არავის ვიცნობ. კახიც წლებია, არ მინახავს. რაც შეეხება საგარეო კურსს, დღევანდელი გეოპოლიტიკა, გარკვეულწილად, ერთპოლუსიანი გახდა, მაგრამ ეს დროებითია - მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს, ამერიკას კარგად ესმის, რომ მეორე ძლიერი მოთამაშე რუსეთია... ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს მომავალი, გვინდა თუ არა ქართველებს, რუსეთთან არის დაკავშირებული. რუსეთი  საქართველოს მეზობელია და მეტი საშუალების მომცემია, ვიდრე ამერიკა.


- რას გულისხმობთ საშუალებებში?

- მაგალითად, საქართველოს შეუძლია  რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, რომ რუსული კაპიტალით ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილი შექმნას.


- ხშირად აკრიტიკებდით სააკაშვილს, მაგრამ ცუდი არაფერი გითქვამთ პუტინზე, ასეთი უნაკლოა?

- უკრაინაში ბევრი ახლობელი მყავს.  ხშირად ვეუბნები, რომ დღეს ცუდად ცხოვრობენ. უკრაინაში როგორი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს, მთავარია, ხალხი როგორ იცხოვრებს - უკეთესად თუ უარესად. დღეს უარესად ცხოვრობენ და უფრო უარესად იქნებიან, თუ ყველაზე მთავარს - ეკონომიკურ ურთიერთობას გაწყვეტენ რუსეთთან. პუტინმა მიაღწია იმას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრების დონე ძალიან ამაღლდა, შეიქმნა სამუშაო ადგილები და ხალხი დასაქმებულია. ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და გავლენიანმა პირმა მითხრა: ამას ვერასოდეს ვიტყვი ამერიკაში ხმამაღლა, მაგრამ რუსეთის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა დაჩოქილი აღარ არის და ბევრ ევროპულ ქვეყანას მოიტოვებს უკანო. აქედან გამომდინარე, როგორ არ დავუჭირო მხარი პუტინს?!


რუსეთისთვის პუტინმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ბოლო 40 წელი ვერც ერთმა ლიდერმა ვერ შეძლო.

ბევრი პრობლემაც არის ქვეყანაში, მაგალითად, დაბალია განათლების ხარისხი, მაგრამ ყველაფრის ერთბაშად შეცვლა შეუძლებელია. მოვიშველიებ ამერიკელი პარტნიორებისა და კოლეგების გამონათქვამებს და გავიმეორებ, რომ რუსეთი დიდი ხანია, მუხლებზე აღარ დგას!

 

- რუსეთმა თქვენი სამშობლოს ტერიტორიების 20% მიიტაცა...

- ამის თაობაზე მე მაქვს უცვლელი პოზიცია - როდესაც მეკითხებიან, რას ფიქრობთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეო, ვპასუხობ, არ არსებობს ისეთი ქართველი, რომელიც იტყვის, რომ ეს ჩვენი მიწები არ არის. ვინც ამას იტყვის, ქართველი არ არის-მეთქი. მე ქართველი ვარ და გული მწყდება, რომ სააკაშვილმა საქართველო იქამდე მიიყვანა, მიწები დაგვაკარგვინა. ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა, დღევანდელის ჩათვლით, უნდა იყოს ამ საკითხის გადაჭრა. როცა ეს პრობლემა მოგვარდება, საქართველოს ახალი გზაც გამოუჩნდება.


- რას გულისხმობთ, სად მიდის ეს გზა და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

- რა არის საქართველოს გზა - ნატოს ალიანსი? ეს სასაცილოა. დაფიქრდით, ჩვენს ბიჭებს უშვებდნენ ყველა იმ ცხელ წერტილში, სადაც ნატოს ჯარებს გზავნიდნენ. ამიხსენით, რისთვის, რატომ უნდა იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები?! ქართველი "ნაიომნიკები"? მეხუმრებით?

ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ამერიკელი პარტნიორებიც კი მსოფლიოში ნომერ პირველ პოლიტიკოსად აღიარებენ და მასთან ულტიმატუმით ლაპარაკი არ გამოდგება.


ამიტომ საქართველოს ხელისუფლება დიალოგის ინიციატორი უნდა იყოს. იმის თავიდათავი, რომ ტერიტორიების 20% დაიკარგა, სააკაშვილია. მისი არამყარი ფსიქიკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგია ტერიტორიების დაკარგვა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის საზღვრების დარღვევისთვის, რომლის პრეზიდენტიც იყო. მე მას ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებოდი სათქმელს და ახლაც ვეტყვი. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გადავირიე, როცა თავი დავით აღმაშენებელს შეადარა. გამეცინა და ვუთხარი, მართალია, თქვენი წარმოდგენით აღმაშენებელთან ასოცირდებით, მაგრამ ისტორიაში შეხვალთ იმ ლიდერად, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა-მეთქი.

 

- პუტინმა არც უკრაინას დააყენა კარგი დღე... გამორიცხავთ, რომ მისი მორიგი სამიზნე საქართველო გახდეს?

- კარგად ვიცნობ უკრაინას და მისი ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს. ამას ჰქვია "თამაშები გაზის მილის გარშემო" - 10-15 უკრაინელი ოლიგარქი თამაშობს გაზის მილის გარშემო. მაიდანზე ხალხი ტიმოშენკოსა და პარაშენკოსთვის იხოცებოდა?! ვფიქრობ, რაც მოხდა, ყველაფერში დამნაშავე პრეზიდენტი იანუკოვიჩია. რუსეთი, ისევე როგორც ამერიკა, დიდი და ძლიერი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური კონფლიქტისას არავითარ შემთხვევაში არ აირჩევს წაგებულის პოზიციას. ვერ ნახეთ, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას?! ამის შედეგად მათ მიიღეს სხვა პენსია და ცხოვრების უკეთესი პირობები. ეს იყო იმ ხალხის არჩევანი, რომელსაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს. პუტინს, იანუკოვიჩისგან განსხვავებით, ესმის, რომ რეგიონებს განვითარება სჭირდებათ. იანუკოვიჩი ყირიმს ყურადღებას არ აქცევდა, რამაც ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ სიხარულით დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციაში შესვლას. უკეთესია, იყო დიდებული ქვეყნის ნაწილი, ვიდრე იმ ქვეყნისა, რომელიც შენ თვალწინ ინგრევა. ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, მიყვარს ისინი და მინდა უკეთესად იცხოვრონ... ხალხს არჩევანის გაკეთება უწევს, ორ ოლიგარქს - ტიმოშენკოსა და პარაშენკოს შორის, რომელთა დროშიც უკვე იცხოვრეს და რატომ უნდა დაბრუნდნენ უკან?!


 

(ნანა ფიცხელაური, გაზეთი „კვირის პალიტრა")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016