reportiori.ge - ილია II : ადრე ზნეობაზე უარს არ ამბობდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:27
რელიგია
ილია II : ადრე ზნეობაზე უარს არ ამბობდნენ
23 აპრილი, 2014. 11:21

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ  სააღდგომო ეპისტოლეში აღნიშნა, რომ  თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს სურს მოსპოს ცნება ცოდვა, რადგან ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს, ამიტომ იერიში აქვთ მიტანილი ზნეობაზეუნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც.



   „დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს. 

   ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.


  თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. 


   იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის" მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან." 

    ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ: 


,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ (მთ.18,6, 18,7) _ ბრძანებს უფალი",- აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016