reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: საქართველოში „მეხუთე კოლონად“ მომიაზრებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:42
ინტერვიუ
ვალერი ხაბურძანია: საქართველოში „მეხუთე კოლონად“ მომიაზრებენ!
ავტორი:
23 აპრილი, 2014. 15:33

ავტორი: ნადანა ფრიდრიქსონი


ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი,ვალერი  ხაბურძანია, გვიამბობს რა ნიშნები უნდა გააჩნდეს პატრიოტს, როგორ უნდა გამოასწოროს საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და შესაძლებელია თუ არა საქართველოში ევრაზიული პოლიტიკური ძალის ფორმირება.

 

- თავს ქვეყნის პატრიოტად მიიჩნევთ?

- ვარ კიდეც.


- რა თვისებები გამოარჩევს პატრიოტს?

- პატრიოტიზმმა ადამიანებს ბედნიერება უნდა მოუტანოს. ახლა საქართველოში პატრიოტიზმი ერთგვარ მოდად იქცა. ჩვენთან არიან ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ ცნობენ სამშობლოს, მათთვის მთავარი მცნება ადამიანის უფლებები და ლიბერალიზმია. მე მათ ტერიტორიულ პატრიოტებს ვეძახი. როგორც კი საქმე აფხაზეთსა და ოსეთს შეეხება, დაშტამპულებივით გაიძახიან - „ოკუპანტები"!


ვუხსნი, რომ ეს მათი ტერმინი არ არის, ისინი კი მაშინვე „ხალხის მტრად" მაცხადებენ, რადგან საქართველოს განვითარების მათგან განსხვავებულ კურსს ვუჭერ მხარს. ვეკითხები: როგორ გათვალეთ, რომ დასავლეთზე აღებული კურსი უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას-მეთქი? პასუხი ლაკონურია: რუსეთი - ოკუპანტია, რადგან ოკუპანტს უჭერ მხარს, ე.ი. ხალხის მტერი ხარ.


ჩემი ცხოვრების მანძილზე ვითარების გათვლა ვისწავლე და შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთსა და ევრაზიულ სივრცეზე ორიენტაცია, საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე დასავლეთისკენ სწრაფვა, მაგრამ პროდასავლელობა დღეს საქართველოში იმდენად მოდურია, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო პროდასავლურია.


- ამჟამად მოსკოვში ცხოვრობთ?

- უკვე სამი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ მოსკოვში.


- თქვენი აზრით, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბებული პოლიტიკა თუ გააჩნია?

- სამწუხაროდ, რეალურად ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ვერ ვხედავ. მოსკოვს, უფრო რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკა აინტერესებს. ამ ეტაპზე რუსეთი თვლის, რომ „თავისი საქმე მომთავრებული აქვს".


- რას გულისხმობთ?

- რუსეთმა შეიკედლა ორი პატარა სახელმწიფო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ სამხედრო ბაზები განალაგა და ამის იქით წასვლას არ გეგმავს, თუ რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან სწორი სვლები არ იქნება. ალბათ კარგად გახსოვთ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელმაც ომამდე მიიყვანა საქმე.

ვიცი, ამ სიტყვებისთვის ანათემას გადამცემენ - როგორ თუ საქართველომ დაიწყო ომიო, მაგრამ ფაქტია, რომ ომი სააკაშვილმა წამოიწყო და იმ ხუთი დღის მანძილზე დაღვრილი სისხლი მის სინდისზეა.

რუსეთი, საქართველოს ნაბიჯებს ელის, რადგან არსად ეჩქარება და საკუთარი პრობლემები აქვს, ამიტომ საქართველომ უნდა იჩქაროს.


- რა მოხდება თუ საქართველო ვერ მოასწრებს?

- თუ ვერ მოვასწარით, დავიღუპებით. ყოველთვის ვამბობდი, რომ გლობალიზაცია გვაიძულებს რომელიმე გლობალურ რეგიონალურ გაერთიანებას მივეკედლოთ.

საქართველო დასავლეთისკენ იყურება, მაგრამ არც ევროკავშირი და არც NATO არ გვღებულობს, რაღაც აბსტრაქტულ პირობებს გვიყენებენ და არავინ იცის რა უნდა გავაკეთოთ, რომ სადმე მიგვიღონ.

დასავლეთმა იცის, საქართველო პრობლემური ქვეყანაა. თუ ჩვენ, ხვალ, უარს ვიტყვით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ევროკავშირში ზეგვე მიგვიღებენ, მაგრამ არცერთი ქართველი ხელისუფალი, რა დონის გამყიდველიც არ უნდა იყოს, ამაზე არ დათანხმდება.

რუსეთთან ურთიერთობის რეალურად მოგვარების გარეშე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ჩემი მოსაზრებით, საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ადრე უნდა გაწევრიანდეს პრორუსულ ინტეგრაციულ პროექტში.


- ამბობენ საქართველოში კრიზისი მწიფდებაო, უკრაინის მაიდნის გამეორება შესაძლებელია?

- ამის გაკეთება მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებას შეუძლია, მაგრამ მათ ხალხი  არ აჰყვება. არც ამერიკელები მოიკლავენ თავს, რადგან როგორც წესი, ისინი მხარს გამარჯვებულებს უჭერენ.


- ანუ საქართველოში ეს სცენარი მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს?

- ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. უკრაინაში მაიდნის უკან უკრაინელი ხალხის ნება იდგა. საქართველოში ხალხი ნაციონალებს არ აჰყვება.


- რატომ მოხდა, რომ თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი პრორუსულ ორგანიზაციებს აყალიბებს, მეორე კი დროშებს წვავს?

- ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ერთნი სწორ გზას დაადგნენ, მეორენი - სახელისუფლებოს. ასე ხდება, თუმცა ახალგაზრდების უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთი მტერია.


- თუ მოსკოვში გადაწყვიტეს საქართველოში დასაყრდენის ფორმირება, აქცენტი ვისზე უნდა გაკეთდეს? ჩემი აზრით, ნინო ბურჯანაძემ ნდობის კრედიტი უკვე ამოწურა, დავით უსუფაშვილის კანდიდატურაზე რა აზრის ხართ?

- გამორიცხულია. მე მას კარგად ვიცნობ და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პროამერიკელი ადამიანია. მართალია, რუსეთთან ურთიერთობისას ზედმიწევნით დელიკატურია, მაგარმ რუსეთ-საქართველოს საერთო ინტერესებს ვერანაირად ვერ გამონახავს.


- რომელ პარტიაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

- საქართველოში პოლიტიკური სისტემა არ არის. 2012 წელს მოვიდა ივანიშვილი - ერთი კაცი, მილიარდერი, და დე იურე შექმნა პარტია. სინამდვილეში - არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ კაცის ავტორიტეტის გარშემო გაერთიანდა. არ იქნება ივანიშვილი - „ქართული ოცნებისგან" არაფერი დარჩება. იგივე ვითარებაა ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც. თუ „რკინის ლედი" პოლიტიკიდან წავა „დემოკრატიული მოძრაობაც" აღარ იარსებებს. იმის თქმა მინდა, რომ იდეოლოგია არ არსებობს. ეს ერთკაციანი პარტიებია. როდესაც პროდასავლური მიმართულების პარტია იქმნება, იდეოლოგიის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ადამიანური რესურსის ცვლილება, პარტიის კურსის ცვლილებას არ გამოიწვევს.


თუ ქვეყანაში პრორუსული ორიენტაციის პარტია შეიქმნება, რომელშიც შეიძლება ვიყო მე, ან ბურჯანაძე, ან ვინმე სხვა, ახალი სახე - ქვეყანაში პარტიებს შორის კონკურენცია შეიქმნება და ეს პარტია კადრების ცვლილების მიუხედავად, - იარსებებს.


სამწუხაროდ, საზოგადოება შედეგს ელოდება დღეს, ხვალ. ხალხი ხედავს, რომ დასავლურ ორიენტაციას პოზიტიური შედეგები არ მოაქვს, მაგრამ არც რუსეთთან დაახლოებაა იმის გარანტია, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. დღეისთვის ჩიხური ვითარებაა, თუმცა ამის გამო ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.



თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016