reportiori.ge - რა ჯდება ბავშვების აცრა და ვის უნდა მიმართონ მშობლებმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:51
პრეს-დაიჯესტი
რა ჯდება ბავშვების აცრა და ვის უნდა მიმართონ მშობლებმა?
ავტორი:
23 აპრილი, 2014. 17:38

საქართველოში იმუნიზაციის კვირეული „აცერი და დაიცავი" დაიწყო, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. კვირეულის მიზანი საზოგადოებისთვის დროული იმუნიზაციის მნიშვნელობის შეხსენებაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებით, სახელმწიფო იმუნიზაციის პროცესს თერთმეტი საშიში ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ახორციელებს. წელს აცრების ეროვნულ კალენდარს პნევომკოკური ინფექციის გამოწვევის საწინააღმდეგო აცრაც დაემატა, რაც ბავშვებს ფილტვების ანთების დაავადებისგან დაიცავს.


კონკრეტულად რომელი დაავადების აცრა მოხდება და ფასიანია თუ არა ეს აცრები?

„ალიას" ესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე:

- მოგეხსენებათ, სამშობიაროდანვე ხდება „ბე ჰეპატიტის" აცრა, რომელიც ახალშობილისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, სამშობიაროშივე ხდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. ორი თვის ასაკში იწყება მთელი სერია აცრებისა: ესაა დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ისევ „ბე" ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, ახლა დაემატა უკვე როტავირუსული ინფექცია, რომელიც შარშან პირველად დაინერგა საქართველოში, და რომელიც ბავშვებში მძიმე დიარეული დაავადების შემთხვევებს ამცირებს. სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მესამე ქვეყანა ვართ, ვისაც ეს ვაქცინა გააჩნია. შემდეგ უკვე ერთი წლის ასაკში ბავშვი იცრება ყბაყურაზე, შემდეგ იცრება ისევ წითელა, წითურა, ყბაყურა და შემდეგ ისევ დიფტერიასა და ტეტანუსზე. სულ ბოლოს უკვე 14 წლის ასაკში კი ბავშვი იცრება ტეტანუსსა და დიფტერიაზე და ამით სრულდება ძირითადად, აცრები. ჩვენს მიერ გამოცხადებულ აცრის კვირეულში ყველა ამ აცრაზე გამახვილდება ყურადღება და, რადგანაც მთელ ქალაქში ძალიან გვაწუხებს წითელა, ამიტომ კიდევ ერთხელ წითელაზეც გამახვილდება აქცენტი. სხვათა შორის, წითელაზე კვლევებიც გვაქვს ჩატარებული და ამის მიხედვით ჩანს, რომ დაახლოებით 20-დან 40-წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 20 % არაიმუნურია ამ აცრის მიმართ, ანუ არც აცრილი არაა და არც გადატანილი არ აქვს, ამიტომაც არის, რომ წითელა და წითურა საკმაოდ მოდებულია განსაკუთრებით დიდებში. მაგრამ აქ მეორე პრობლემაცაა, თუ დედას არ აქვს გადატანილი და არ არის აცრილი, მაშინ ბავშვს არ გამოჰყვება დედისგან დაცვა, რადგანაც ბავშვებს ექვს თვემდე იცავს დედისეული იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აცრამდე პატარა ბავშვებსაც ემართებათ წითელა და წითურა, რაც ძალიან საშიშია მათი პატარა ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ ახალგაზრდებს და დედებს მოვუწოდებ, რომ აიცრან და იქნებიან დაცულები არა მარტო თავად, არამედ მათი შვილებიც.


- ანუ, ამ კვირეულში უფროსიც შეიძლება, აიცრას?

- კი, ისეთი უფროსი ადამიანი, რომელიც კონტაქტში იყო „წითელიანთან", უფასოდ აიცრება. აქ ერთი რამაა კიდევ მნიშვნელოვანი: დედებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ უწერიათ კალენდარში ბავშვის აცრა, იმ დღეს უნდა აცრან ბავშვი და არ უნდა დაელოდონ რაღაცას. 2 თვის ასაკში რატომ იცრება ის ბავშვი პირველად? ამ დროს ყველაზე ეფექტურია ვაქცინა და თანაც ყველაზე უფრო უსაფრთხო.


- რაც შეეხება ვაქცინის ფასს, რა ღირს აცრა?

- ეს აქცია სახელმწიფო პროგრამით მიმდინარეობს, ვაქცინა ყველა უფასოა და აცრა ჩატარდება ნებისმიერ პოლიკლინიკაში, პირველადი ჯანდაცვის ნებისმიერ დაწესებულებაში. რაც შეეხება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, აქ კამპანიების დროს ხდება აცრები. 2008 წელს როცა დაგეგმილი გვქონდა, რომ 2 მილიონი ადამიანი აგვეცრა საქართველოში წითელაზე და წითურაზე, ეს მაშინ სკოლებში ტარდებოდა და უმაღლესებშიც, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარებას სპეციალური მომზადება უნდა, სპეციალური მაცივრები და ბრიგადები, იქ რამდენიმე ბავშვს მაშინ რომ გული წაუვიდა ნემსის დანახვაზე, ამას საკმაოდ არასასურველი რეაქცია მოჰყვა ტელევიზიებში, არიქა, ბავშვებს გვიკლავენ ამ აცრებითო. ხოდა, სამაგიეროდ, მივიღეთ სურათი, რომ ახლა გვაქვს წითელა. ათას კაცში ერთს კლავს, უამრავი ხვდება საავადმყოფოში, ძალიან მძიმედ გადააქვს მოზრდილს და რატომ იწვალებთ თავს, არ ვიცი. მთლიანად გიცავთ მთელი ცხოვრება. ეს ერთკვირიანი აქცია ტარდება მთელ ევროპაში და ყველას ახსენებენ, აცრები არ გამოგრჩეთო, თორემ, წესით, აცრა წლის მანძილზე მიმდინარეობს კალენდრის მიხედვით და თავად ეს კალენდარი შეიძლება, დაირღვეს და რთულია, მას მივყვეთ, მაგრამ ვიტყვი, რომ კალენდრით ჩატარებული აცრები არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე უსაფრთხო, მაგრამ თუ გამორჩათ მშობლებს, მაშინ ამ კვირეულში უნდა გაითვალისწინონ ეს და გამოტოვებული აანაზღაურონ.


- ნიუსში ნათქვამია, რომ წელს ამ აცრებს დაემატება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრაო. ეს რას ნიშნავს?

- კი, ეს ზაფხულიდან დაემატა დანარჩენ აცრებს. არსებული კალენდრით ცოტათი ჩამოვრჩებით ევროპას, მაგრამ ამ ვაქცინის დამატების შემდეგ უკვე თითქმის ევროპული კალენდარი გვექნება. სრული სურათისთვის კიდევ ორი ვაქცინა დაგვრჩება, რომელიც ჯერ ყველა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც არ აქვთ, ესაა სტაფილოპაპილუის საწინააღმდეგო და ჩუტყვავილის საწინააღმდეგო, რაც ჯერ ჩვენთან კალენდარში არ არის.


- და ბოლოს, ხშირად გამიგია, რომ ვაქცინები არის ვადაგასული, საშიში, ჯანმრთელობის დამანგრეველი... გავაგრძელო?

- გეთანხმებით, პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ასეთი სისულელეები, უარესიც გამიგია სხვა ქვეყნებში, აზიაში იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ გამრავლების საწინააღმდეგოდ არისო ყველაფერიო. პირველად ყვავილის ვაქცინა რომ მიიღეს, მაშინ დაიბეჭდა ინგლისში, არ არცრათ ბავშვები, რადგანაც ჩლიქები ამოუვათო.


- ანუ „ატვეჩაი" ხართ, რომ ჩლიქები არ ამოგვივა?

- მაგაზე ნამდვილად „ატვეჩაი" ვარ!


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"

23. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016