ახლახანს რუსულმა საიტებმა მსახიობ ვენტვორტ მილერის სკანდალური წერილი გაავრცელა, რომელიც მსახიობმა რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს, ქალბატონ მარია ავერბაკს გაუგზავნა.
მილერი წერილში მადლობას უხდის კინოფესტივალის ორგანიზატორებს მიწვევისთვის და მოსკოვში არჩასვლის რეალურ მიზეზებზეც საუბრობს. თუმცა მანამდეც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის 41 წლის მსახიობის გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების შესახებ რუსეთის მიმართ და ვერავინ იფიქრებდა, რომ მილერი გეი იქნებოდა.
„დიდი მადლობა ფესტივალზე მოწვევისათვის. სიამოვნებით დაგთანხმდებოდით, მაგრამ როგორც გეი მამაკაცმა უარი უნდა ვთქვა. შეშფოთებული ვარ იმით, თუ როგორ ეპყრობა რუსეთის მთავრობა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. მსგავსი სიტუაცია ჩემთვის აუტანელია და ვერ დავესწრები კინოფესტივალს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემნაირ ჰომოსექსუალებს ასე ექცევიან. იქნებ, როცა ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, მაშინ გადაწყვეტილებაც შევცვალო".
მილერის აღიარებამ შოკში ჩააგდო ყველა მისი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი. ნებისმიერ სოციალურ ქსელში შოკირებული საზოგადოება უამრავ კომენტარს წერს და აღშფოთებას ვერ მალავს საყვარელი მსახიობის განცხადებაზე.