reportiori.ge - ექსკლუზიური ინტერვიუ ანზორ მაისურაძესთან, ანუ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი აშშ სპეცსამსახურების აგენტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:42
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ ანზორ მაისურაძესთან, ანუ, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი აშშ სპეცსამსახურების აგენტი
26 აპრილი, 2014. 01:03

როგორ აფასებს უკრაინაში შექმნილ ვითარებას უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე თავისი პროფესიის თვალსაწიერიდან?

ქვემორე შემოთავაზებულ ინტერვიუში ამაზე ვისაუბრებთ.


- ბატონო ანზორ, თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ქვეყანაში მოწყობილი ყველა არეულობის უკან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები დგას. მაშინ საქართველოზე ვსაუბრობდით.

- ახლაც დაგიმოწმებთ და გეტყვით, რომ დღეს იგივე ხდება უკრაინაში. უწინარეს ყოვლისა, ლაპარაკია აშშ-სა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე. ამას მოგახსენებთ საკუთარ მრავალწლიან პრაქტიკაზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩემო ბატონო.


- ხომ არ მეტყვით, რომელ გამოცდილებას გულისხმობთ?

- არ არის საჭირო იმაზე ლაპარაკით შევაწყინო თქვენი მკითხველი, რა და როგორ გამიკეთებია ამ მიმართულებით უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მუშაობის დროს.


- გინდა თქვათ, რომ იგივეს აკეთებდით?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კვლავ გიდასტურებთ, რომ ყველა მიტინგი, რომლებიც კი ჩატარებულა, მაგალითად, ჩვენთან, საქართველოში, ხაზს ვუსვამ, მიტინგიც კი, შემიძლია დაგარწმუნოთ, დაგეგმილი და დაფინანსებული იყო საზღვარგარეთის სპეცსამსახურების მიერ.


- აბა რევოლუციური აღტკინება და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ხალხის კეთილდღეობისთვის არაფერს ნიშნავს?

- პირდაპირ გეტყვით - ამ ლოზუნგური მაღალი იდეალებით ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ დარაზმავ. საჭიროა დიდი მოცულობის ორგანიზაციული სამუშაოს ჩატარება, სწავლება, სისტემატური ტრენინგები, როგორც ეს იყო „ოტპორისა" და „კმარას" შემთხვევაში, საერთოდ „ფერადი რევოლუციების" მომზადებისა და ჩატარების პროცესში: საპროტესტო აქციების მომზადება-გაფორმება, პიარი ტელევიზიითა და პრესით და ა.შ.

რევოლუციებს თუ სახელმწიფო გადატრიალებებს დღეს ფული კვებავს. ხომ ცნობილია (და ეს აშშ-ში აღიარეს), რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ამერიკა დიდი ხანია ემზადებოდა და  წლების განმავლობაში „დემოკრატიისთვის" ეს ბრძოლა მას ხუთი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

თუ დააკვირდებით, ყველგან ერთი ხელწერაა. ყველაზე ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ასეთი გადატრიალების შედეგად ადამიანების ახალი ჯგუფი ჯდება ხელისუფლების სათავეში და მას დაუყოვნებლივ და სრულად მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები.


- ნაყიდი ჰყავთ და იმიტომ?

- შეიძლება ასეც ითქვას... ჩემი შეხედულება თავს რომ არ მოგახვიოთ, დავიმოწმებ ამერიკელ ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ, რომ უკრაინის მოვლენებს აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საფირმო ბეჭედი ადევს.

ბოლოს და ბოლოს, ამასვე ადასტურებს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი კიევში და დეფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრები. მართალია, იგი სხვა გვარით ჩავიდა უკრაინაში, მაგრამ მალევე დაადასტურა თვით შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს ოკეანისგაღმელი სტუმარი ჯონ ბრენონი იყო. ორიოდ დღის წინათ კი აშშ კიცეპრეზიდენტი ჯონ ბაიდენიც ჩავიდა კიევში.


- ბევრის მიმანიშნებლად მეჩვენა ედუარდ სნოუდენის მონაწილეობა პუტინის პრესკონფერენციაში.

- რა თქმა უნდა, ასე იყო. სნოუდენის გამოჩენა, თითქოს შემთხვევითი, თითქოს არაფერი, მაგრამ მაკომპრომენტირებელი მასალის კარგად გათვლილი საჯარო ჩვენება იყო. ეფექტიც შესაბამისი ჰქონდა.

მე აღარ დავიმოწმებ არაბულ გაზაფხულს. ეს ისედაც ცნობილია. მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ ერთ გარემოებას: ამერიკელების მიერ დასმულმა არცერთმა ხელისუფლებამ არცერთ ქვეყანაში არ ივარგა. ასე იყო ეგვიპტეში, ერაყში, ლიბიაში, ავღანეთშიც ასეა, და რაც საქართველოს ნაცების ზეობის ჟამს 9 წლის განმავლობაში თავს გადაგვხდა, ყველამ კარგად ვიცით.


- ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ახალ მაღალჩინოსანთა შორის არიან აშშ სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტები. მაგალითად ასახელებენ ნალივაიჩენკოს, რომელიც თავის დროზე შეერთებულ შტატებში უკრაინის კონსულად მუშაობდა. რამდენად სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია?

- კონკრეტულად ნალივაიჩენკოზე დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ქვეყანამ იცის, რომ იაკოვლევი, საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში, პერესტროიკის ერთ-ერთი მამამთავარი და გენერალი კალუგინი, რომელიც სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის დაზვერვის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა. ნალივაიჩენკო რა გასაკვირია? ზებუნებრივი ამაში არაფერია - ამას ვაკეთებდით ჩვენც - საბჭოთა კავშირი, ასე იქცეოდნენ ისინიც - შეერთებული შტატები.

ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.


- რით დაგვაჯერებთ?!

- ჩემი გამოცდილების კაცს ნახევარი სიტყვაც დაეჯერება, მე კი სრულად გეუბნებით. დარწმუნებული ვარ, რადგან თვითონ მიმიღია მონაწილეობა ამ საქმიანობაში.


- სააკაშვილზეც რომ იგივეს ამბობენ?

- სააკაშვილი, რა თქმა უნდა, გადაბირებული იყო. დარწმუნებული ვარ, თუმცა ამის დამტკიცება ძნელია. იმთავითვე ვამბობდი, რომ მიშას აღზევებაში აშშ სპეცსამსახურების ხელი ურევია.


- დავუბრუნდეთ უკრაინას. ამ ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე კრუტოვი დაინიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული(!) ოპერაციის ხელმძღვანელად. ამბოხებულ ქალაქებში შედიან რეგულარული არმიის ნაწილები ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით, გაურკვეველი წარმომავლობის სამხედრო გაერთიანებები, მოფაშისტო ბანდერელები, მაიდნის თავდაცვის შეიარაღებული ჯგუფები.

მიგაჩნიათ, რომ ასეთი ოპერაცია დაამშვიდებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს, რომელიც მოითხოვს კონსტიტუციის შეცვლას, ქვეყნის ფედერალიზაციასა და რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას?

- რუსეთში და უკრაინაში იშვიათია ოჯახი, რომელიც ან თვითონ არ იყოს შერეული ქორწინების შედეგად შექმნილი, ან არ ჰყავდეს ახლობლები და ნათესავები ერთ ან მეორე ქვეყანაში. ამიტომ არც რუსი ჯარისკაცი ესვრის უკრაინელს, არც უკრაინის არმიიის ჯარისკაცი რუსებს, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში ათიადან-ბაბადან არიან დასახლებული.

გამორიცხულია, რომ იქ შეყვანილმა არმიელებმა ტანკებით შეუტიონ მოძმე ხალხს.

ისინი ხომ პრაქტიკულად ერთი ერია, ერთი სისხლისა და ხორცის. არ გამოუვა უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელობას თავისი ხალხის წინააღმდეგ რეგულარული არმიის გამოყენება.

ასევე გამორიცხულია რუსეთის მხრიდან ძალისმიერი ჩარევა უკრაინის მოვლენებში. სხვათა შორის, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ვლადიმირ პუტინმა მასშტაბურ პრესკონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

- ყირიმი?

- ყირიმის შემოერთება საზოგადოებრიობამ აღიქვა, როგორც სამართლიანი მოვლენა. ეს, შეიძლება ითქვას, მსოფლიო პრესამაც აღიარა. რუსოფობებს არ ვგულისმხობ. ვოლუნტარისტ ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ 1954 წელს უკრაინისთვის ყირიმის ხონჩით მირთმევა იყო უსამართლო მოქმედება. მეტ-ნაკლებად განათლებულმა ადამიანებმა იციან, რომ ყირიმი ძირძველი რუსული მიწაა. ხოლო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქების თემა სპეციფიკურია და დღის წესრიგში მათი გამოყოფის, ან რუსეთთან მიერთების საკითხი არ დგას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათი შემოერთებისა და პატრონობის რესურსი რუსეთს დღეს არ გააჩნია.

ამიტომაც არ უღირს თავის ატკივებად. თუმცა ის, რაც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში მოიმოქმედა, საშინელი უსამართლობა და დანაშაულია. ასეთივე უსამართლობა იქნება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქების რუსეთთან შეერთება.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას რომ შეეკითხნენ, რატომ შეიყვანეთო ტანკები ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვსო, პასუხად მიიღეს - დავზვერეთ, რა მდგომარეობა იყოო იქ. პარტიზანული მეთოდიაო. მეთოდი კი არა, სრული სისულელეა და უვიცობა. ამგვარი ტაქტიკით მშვიდობის დამყარებას თუ აპირებენ, პირიქით მოხდება: გარდუვალ სამოქალაქო ომს დიდი სისხლისღვრა მოჰყვება და არეულობა შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეზეც გავრცელდეს.

შენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ტანკების გამოყვანა შენი სისუსტის მანიშნებელია, უწინარეს ყოვლისა. როცა უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა ამას აკეთებს, დიდ დანაშაულს ჩადის. აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.


- არადა, იგივე კრუტოვი, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ, საჯაროდ აცხადებს, რომ არმიის ნაწილები იმიტომ შევიყვანეთ, რათა გავანადგუროთ ამბოხებულებიო. იულია ტიმოშენკოს გამოსვლაც ხომ საყოველთაოდ ცნობილია - რუსეთი უნდა ვაქციოთ გადამწვარ ტერიტორიად. ამტომური ბომბით კაცაპების გაწყვეტით დაემუქრა რუსეთს. ამას როგორ აფასებთ?

- ეს ნიშნავს, რომ ძველი-ახალი ლიდერები აგონიაში არიან. ბოლო დღეების მოვლენები ამტკიცებს, რომ ისინი შეჩერებას არ აპირებენ. არმიისა და გვარდიის დაპირისპირებას სახალხო თავდაცვის რაზმებთან უკვე მოჰყვა მსხვერპლი: ორივე მხარეს არიან მოკლულები და დაჭრილები. ჯერჯერობით უკრაინის ახალ ხელიუფლებაში გაბატონებულია ულტრანაციონალისტური იდეები ფაშისტური გადახრებით.


- იუშჩენკოს და იანუკოვიჩის რეჟიმებს ანალიტიკოსები ერთი მედლის ორ მხარედ მიიჩნევენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- არ მინდა სხვისა ომში ბრძენად  გამოვჩნდე. ამიტომ კატეგორიული დასკვნისგან თავს შევიკავებ. ვიტყვი იმას, რაშიც დარწმუნებული ვარ: ერთიც და მეორეც დამნაშავეა თავისი ხალხის წინაშე. სიკეთე ხალხისთვის არცერთს არ მოუტანია, ქვეყანა კორუფციის სათარეშო ასპარეზად აქციეს.

ახალი ხელისუფლება კი, ჩემი აზრით, თვით კიევშიც ვერ აკონტროლებს ვითარებას, არათუ მთელ უკრაინაში. და კარგა ხანს ვერ გააკონტროლებს. დესტაბილიზაცია არა მარტო უკრაინის მოსახლეობისთვისაა ნეგატიური შედეგების მომტანი, არამედ ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედებს, და ესაა სამწუხარო.


- დასკვნას როგორს შესთავაზებთ ჩვენს მკითხველებს?

- მე მგონი, რომ უკრაინის დესტაბილიზაციის ავტორები მიხვდნენ - ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. არ ელოდნენ, რომ რუსეთი ასეთ გადამჭრელ ღონისძიებებს განახორციელებდა. მათ შორის, ოპერატიულად და უსისხლოდ, მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერით მიიერთებდა ყირიმსა და სევსატოპოლს; რომ უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეები ასე ორგანიზებულად გამოვიდოდნენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ყირიმი მათთვის მაინც დიდი დარტყმა იყო.


- ნიშნავს ეს, რომ ყირიმის დაკარგვით აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მარცხი განიცადა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაპირისპირებაში?

- ხაზგასმით გეტყვით - ამერიკელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა სათანადოდ ვერ შეაფასეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კარგად გათვლილი ნაბიჯები ყირიმთან დაკავშირებით. ამან აშშ-ში სპეცსამსახურების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.


P. S. 17 აპრილს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად ჟენევაში გამართულ უკრაინის, აშშ-ის, რუსეთის და ევროკავშირის მოლაპარაკების შედეგებს ანალიტიკოსები პოზიტიურად აფასებენ. ყინული დაიძრა - ასეთია საერთო აზრი. თუმცა, რაც აღდგომის დღეებში და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, ამ დასკვნას საეჭვოს ხდის.

 



არმაზ სანებლიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016