reportiori.ge - აპრილის იმ საღამოს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
აპრილის იმ საღამოს...
26 აპრილი, 2014. 01:08

ერთი პატარა ლექსი, რომელიც 50-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა თავის მომავალ მეუღლეს ირმა ჩხეიძეს მიუძღვნა, ასე მთავრდებოდა:

რადგან აპრილში

ის გოგოა დაბადებული...

კითხულობდა ხოლმე ამ ლექსს (რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება) უნივერსიტეტში გამართულ პოეზიის საღამოებზე ჯანსუღ ჩარკვიანი და მუდამ სტუდენტების მოწონებას იმსახურებდა.

სტუდენტობის წლები შეყვარებულობის პერიოდია.

აპრილი - დაბადების თვე.

წლევანდელი აპრილის თორმეტს თითქოს კვლავ დაიბადა ჯანსუღ ჩარკვიანის ბრწყინვალე პოეტური ნიმმუშები, ლექსები, რომლებიც ჭეშმარიტი ლიტერატურის მოყვარულმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თეატრალურ დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დიდ ქართველ პოეტთან, რომელსაც სულ ახლახან სახალხო პოეტის საპატიო სახელი მიენიჭა.

როგორც იქნა, და მადლობა ღმერთს!

ვაღიარებ: არ მეგონა, არ ველოდი, რომ დღევანდელ აღვირახსნილ ყოფაში გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ბილწსიტყვაობის სიუხვით ყროლი „ლიტერატურის" უჩვეულობას კი არ მოჰყავს აღტაცებაში, არამედ ვაჟა ფშაველას დიდ ბერმუხობასა და მყინვარმთობას:

შატილით მოდიოდა -

დიდი მთებით.

მთვარეს შეხვდებოდა

ჟინვალთან,

მთვარისოდენა ხინკალს

მიირთმევდა -

ეს დიდი ბერმუხა და

მყინვარმთა.

ხელები ჰქონდა, -

წყაროს ამოსცლოდა,

ქვეყნის მაჯისცემას

უგდებდა ყურს,

მერე დაჰყვებოდა,

ბალახებს დაჰკოცნიდა

და შეუკურთხებდა

ციმბირის წყლულს!

ის იყო დიდი და

ის იყო სხვა,

მისი მართალი სულის ცხონებამ,

მერე ცხოვრებას მოუჭრა გზა

და შორს გაასწრო

თვითონ ცხოვრებას.

(„ვაჟა")


როგორ კითხულობდნენ, როგორი განცდითა და სულის ამოყოლებით!

აუჰ!

ყველა ლექსს, ჩანაცვლებით - ლექსების და დეკლამატორების - გოგოებისა და ბიჭების.


ჯიშიანი და გონიერი თაობა გამოდიოდა იმ საღამოს პიონერთა სასახლის თეატრალური დარბაზის სცენაზე.


პარტერში კი ვისხედით 60-ს, 70-ს გადაცილებული ქალბატონები და კაცები და შევციცინებდით მათ, შევნატროდით დიდ პოეტს, რომლის შემოქმედებამ შეგვინარჩუნა ეს სუფთა გულები.


მორჭმით იჯდა ჯანსუღ ჩარკვიანი მახვშის სავარძელში და აშკარად ეტყობოდა (არც მალავდა), რომ ჩამოიბერტყა თავისი 80 წელიწადი და ამათი თანატოლი გახდა.

„ჩამოვიბერგტყოთ ფეხზე ვით მტვერი"...

რევოლუციური შეძახილი, სიახლისკენ სვლის მოწოდება, გნებავთ, ლოზუნგი.


რახან სიტყვამ მოიტანა, მაინც და მაინც ახლა მინდა ვთქვა, რომ იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედების ერთ განსაკუთრებულ თავისებურებასა და უნიკალობაში, რასაც მხოლოდ რამდენიმე შტრიხით წარმოგიდგენთ. ფრაგმენტულად.


ამეკვიატა აზრი, რომ მისი პოეტური ქმნილებები გასული საუკუნის დიდი რევოლუციების „წითელი ღმერთების" მოწოდებათა ძლიერი რიტმის, ფოლადისებრი სიმტკიცის, არაორაზროვნების („Вам слово, товарищ маузер!" - მაიაკოვსკი) და აქვე - სულიერი სილბილისა და კაცთმოყვარეობის („Впереди с кровавым флагом,... / В белом венчике из роз / Впереди Иисус Христос".. ბლოკი), ამ ორი განსხვავებულობის ჰარმონიული და ორგანული შერწყმის უიშვიათესი ლიტერატურული ფაქტია:

ძლივს, ძლივს ამოდის

მთვარე სამოთხის

ტყვია მიზანში

მოსახვედრია!

თავისუფლება ისე არ მოდის,

თავისუფლება ლომთა ხვედრია!


ეს ერთი მხარე, და მეორეც მის გვერდით: გამარჯვების დროშად აფრიალებული დახეული ქარი, როგორც ფიალის ცრემლით ავსების მიზეზი:

მთებზე დახეული ქარი ფრიალებს,

ბრძოლაგამოვლილ დროშად ფრიალებს

და გამარჯვების დროშად ფრიალებს,

მე ცრემლით ვავსებ ყველა ფიალას

და ვსვამ ბრძოლების დიდ სადღეგრძელოს.

(„სადღეგრძელო")


ბრძოლის ჟინი და აღტკინება ცრემლით გაკეთილშობილებული. „ბეთანიის" თეთრი ქარებით ავსებული დღეები, „ლურჯი, ქრისტეს ტანივით", ფასკუნჯისფერი და ქედნისფერი ფრესკის სიშორე - „ჩემი სხეულის ძველი კედლები".


სიწმინდის ამ მიუწვდომლობიდან, როცა მოუნდება, მიწაზე დაგვაბრუნებს - ახალგაზრდობის დროსა და სივრცეში, რომელსაც, რაც უფრო ვცილდებით, უფრო ახლობელი ხდება.

სანატრელი და თბილად მოსაგონარი:

ზედ რუსთაველის დასაწყისთან,

კაფე „მეტროს" წინ,

დაახლოებით თორმე საათზე,

ვიდექით ისე...

არ გვქონდა საქმე,

ვფიქრობდით

ლუდი დაგველია.

შუადღის ქარი სულ მთლად შიშველი,

წვიმის გუბეში აბრუნებდა

ფერად ფირფიტებს

და ამღერებდა პატარა გუბეს...


ის დღეები გაგვიცოცხლდა 2014 წლის აპრილის თორმეტს. აპრილი აღდგომის თვეა და დაბადების ჟამის (ეს უკვე გითხარით), და ვინმემ იმ საღამოს და იმ საათზე შემთხვევით რუსთაველის პროსპექტზე თუ გაიარეთ, აუცილებლად დაინახავდით, რომ პიონერთა სასახლიდან ახალგაზრდებთან ერთად გამოდიოდნან ხანდაზმული ადამიანები გასხივოსნებული სახეებითა და წლების სიმძიმე შემსუბუქებულები.

გამოდიოდნენ და, როგორც წლების წინ, უზრუნველად მიუყვებოდნენ ჩვენი ახალგაზრდობის პროსპექტს:


- მანქანით ხომ არ წამობრძანდებით?

- არა, გმადლობთ! ფეხით გავისეირნებთ.

დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორებს - მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ხელმძღვანელებს ნუგზარ ფოფხაძესა და გიორგი მამაკაცაშვილს (ესეც თაობათა უნიკალური სინეთზის ფაქტია), მასთან არსებული არტსახელოსნოს „კოლიბრის" წევრებს, ვინც ქართული სიტყვისა და სიტყვაკაზმული მწერლობის ერთგულება დაამტკიცა, ვინც ხვალ უპატრონებს მაღალ ხელოვნებას. დღესაც ხომ პატრონობენ!


P. S. გასული საუკუნის დასაწყისში ვლადიმერ მაიაკოვსკიმ ლექსების წერის პრეტენზიის მქონე „სიტყვის ოსტატებს" ნიშნისმოგებით მიმართა:

А Вы

ноктюрн сыграть

могли бы

на флеите водосточных

труб?

 

დარწმუნებული ვარ: იმ საღამოს მუხლებში ძალაჩამდგარი თაობა, რომელმაც რუსთაველზე ისე გაისეირნა, როგორც შორეულ ახალგაზრდობაში, საქართველოში გაზრდილ დიდ რუს პოეტს უპასუხებდა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანმა შეძლო და წყალსადინარი მილების ფლეიტაზე დაუკრა ღვთაებრივი ნოქტიურნი.


რაც, მამულის სიყვარულისა არ იყოს, „განსაცვიფრებლად არის მთავარი".

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016