მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაობით მორწმუნეები ეკლესიაში საზეიმო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობიდან მოყოლებული ყოველი დღე აღდგომის დღესასწაულია.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და ჭრილობები აჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც მან ეს ამბავი შეიტყო, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა მაცხოვარს, მის ადღგომას ვერ დაიჯერებდა.
აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, მაცხოვარი თომა მოციქულის თანდასწრებით კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. მან მოციქულს ჭრილობები აჩვენა და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა მის აღდგომაში დარწმუნებულიყო.
თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, მაცხოვარს თაყვანი სცა და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება სრულად აღიარა. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.