ბატონო ომარ, ირაკლი ღარიბაშვილმა კი გამოუცხადა მორატორიუმი „ნაციონალებს", მაგრამ, როგორც ვვარაუდობდით, ამათთვის არც მორატორიუმი ნიშნავს რამეს და არც კოჰაბიტაცია, ისევ ძველებურად აწყობენ პროვოკაციებს. როგორ ფიქრობთ, ღირდა კი ცალმხრივი მორატორიუმის გამოცხადება?
- ჩვენ მაგათ მივეცით კიდევ ერთი შანსი, ეს მერამდენეა, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მოვექეცით ადამიანურად. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მაინც ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. არჩევნები უნდა ჩატარდეს სტაბილურ ვითარებაში და „ნაციონალებს" სათქმელი არ უნდა დავუტოვოთ, ვიმეორებ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, მაგრამ ისინი არიან ურცხვები, შუბლზე ძარღვი რომ გაგიწყდეს, ეს ძარღვი უნდა გქონდეს. როდესაც ძარღვი არა გავქს, რა გაგიყწდება?.. ამათი გამოსწორება არ იქნება, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ რა მოვუხერხოთ ამ უბედურებას, ქვეყანა გადავაყოლოთ?... მოდი, ასე ვთქვათ, იქნებ, როგორმე სტაბილურად გადავიტანოთ ეს არჩევნები, ანუ მესამე ეტაპი, რომელიც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
- კი ბატონო, სტაბილურად გადავაგოროთ ეს არჩევნები, გეთანხმებით, მაგრამ შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ „ნაციონალების" მოღვაწეობა პარლამანტში, არჩევნების შემდეგ გამოსწორდებიან?
- შენ ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ იცი, მე თავიდანვე კოჰაბიტაციას ვებრძოდი, ახლაც ვებრძვი და მომავალშიც ასე იქნება. როდესაც ადამიანი დანაშაულს ინანიებს, მის მიმართ ლმობიერი ვიქნები, მაგრამ, როდესაც დამნაშავეები აქეთ გაჯდებიან თავზე და გიკიჟინებენ, - თქვენ არაფერს აკეთებთ, არ ვარგიხართ, ჩვენ ქვეყანას ვაშენებდითო, ამ შემთხვევაში ჩემი მოთმინების ფიალა ივსება. შეიძლება ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ უკვე მომხრე ვარ, რომ ამათ საბოლოოდ ჩავუგდოთ ენა. საჭიროა მოიძებნორს საამისო ხერხი. როგორც პრესაში ქვეყნდება, „ნაციონალების" რეიტინგი არც ერთ რაიონში 10%-ს არ აღემატება. ჩაივლის არჩევნები და ჩვენ გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ. ეს უნდა მოიფიქროთ თქვენ, ჟურნალისტებმაც. ამიხსენით, სად არის გამოსავალი, როგორ ჩავაწყვიტოთ ამ ადამიანებს ერთად ხმა?..
- ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს და მერე ჩემსასაც გეტყვით...
- პარლამენტში ჩხუბი მე არ მაკლია და გაწევ-გამოწევა, მათ ერთ სიტყვასაც არ დავუთმობ, მაგრამ ვატყობ, ეს არ არის გამოსავალი. საბოლოო ჯამში, ერთად უნდა ვეძიოთ, რათა გამოვნახოთ რეალური გზა. ჩვენ ამათგან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა. ნეტა, მართლა იყვნენ ესენი „ნაციონალები", მე მაგათ შევარქვი „ფსე-ნაცები". ეგენი ფსევდონაციონალები არიან, აბა, რა ოხრები არიან?.. მე თანახმა ვარ ყველაფერზე, ოღონდ ამათგან გაიწმინდოს ქვეყანა.
- ბატონო ომარ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაც კი არ დასთანხმდება.
- კი, მაგაზე არის მსჯელობა, პრინციპში, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ხელახლა რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნება" მინიმუმ 60%-ს მაინც მიიღებს, „ნაციონალები" დარჩებიან მშრალზე.
- სამი „ნაციონალი" მაინც გვინდა ნიმუშად, როგორც ამერიკელებს ინდიელები ჰყავთ რეზერვაციაში, მომავალ თაობებს უნდა ვაჩვენოთ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი.
- მე თანახმა ვარ და ვითხოვ, რომ „ნაციონალები" ჩავსვათ სპირტის კოლბაში, შევინახოთ საუკუნეების განმავლობაში და ყველა თაობას ავუხსნათ, რომ ესენი იყვნენ ქვეყნის დამაქცევრები. მე ისტორიკოსი ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს ისტორიული ნიმუში, დიდი სიამოვნებით შემოვუნახავდი მაგათ დასპირტულ თავებს შთამომავლობას.
- თქვენ როგორ უყურებთ სააკაშვილის მუქარას უცხოეთიდან. ის დღეგამოშვებით გვპირდება, რომ სულ სხვანაირად ჩამოვა საქართველოში და ერთ კაი ქართულ მაიდანსაც მოგვიწყობს. ეს საშიშია, თუ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ?
- არა, ჩვენ ყურადღება ყველაფერს უნდა მივაქციოთ, უყურადღებობა ნამდვილად არ შეიძლება. მე მეგობრები უცხოეთიდანაც მირეკავენ, ისინი გარკვეულწილად შეშფოთებულები არიან და მეუბნებიან, რომ „ნაციონალებს" ძალიან საეჭვოდ შერჩათ ძალა და მათ ხელში ძალიან დიდი ფულიც არისო. ფინანსური წყაროები მათ ნამდვილად აქვთ, სხვათა შორის, დასავლეთში ზოგიერთი ჩვენს მეგობრად რომ ასაღებს თავს, ისინი თავიანთი ინტერესების გამო, კაციჭამიებსაც კი ინახავენ ხოლმე. დემოკრატიას მიწაშიც რომ მარხავდე, მათთვის მაინც შუქურა ხარ. ჩვენ ხომ ვიცით ეს, რომ ასეც ხდება? აი, ამიტომ უნდა ვიყოთ ჩვენ ყურადღებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილი ჩვენი მოსახლეობის ნერვებზე თამაშობს, საკუთარ თავზე აღარაფერს ვამბობ. მე სასაყვედურო მაქვს ჟურნალისტების მისამართითაც, პრესას ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ ტელევიზიები ძალიან დიდ დროს უთმობენ ამ ყავლგასულ პიროვნებებს. დროის დათმობასაც აიტანდა კაცი, ტელეარხების უმეტესობა რომ არ მუშაობდეს სააკაშვილზე. მე მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქართულმა გაზეთებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. დიდი მადლობა ამითვის, მაგარმ ამ ტელეარხებს რა წამალი უშველით, არ ვიცით.
- ზოგიერთები იმასაც ამბობენ, თითქოს პროკურატურამ ბოლო დროს ერეკლე კოდუასა და ახალაიების საქმეები იმიტომ წამოსწია, თითქოს, ხელისუფლებას საქმე კარგად არ აქვს და ამის გადაფარვა უნდათ.
- ეს რომ ასე არ არის, ჩემზე უკეთესად იცით. როგორც კი ფარცხალაძე გააქტიურდა, ერთი ამბავი ატეხეს და ათასი სიბინძურე მოიგონეს. რამდენი პროკურატურა გააქტიურდება, იმდენი ისტერიკაში ვარდებიან „ნაციონალები". დღეს პროკურატურა ზომიერად არის გააქტიურებული და მე ველოდები უფრო მეტ გააქტიურებას. არც ერთი დამნაშავე არ დარჩება, რომ პასუხი არ აგოს კანონის წინაშე, სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს. დღეს ჩვენ პროფესიონალი კადრების დეფიციტი გვაქვს, მაგრამ დადგება დრო, პროურატურა გადაეწყობა და ყველა აგებს პასუხს. დამიჯერეთ, მე ძალიან მიჭირს „ნაციონალებთან" ერთად ყოფნა პარლამენტში. მე მათ გამარჯობასაც კი აღარ ვეუბნები, ვნანობ,რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ძალიან ახლო ურთიერთობაშია „ნაციონალებთან". ხდვები რას ვამბობ?
- ვხვდები, ბატონო ომარ... ესე იგი თქვენი კოლეგები უმრავლეოსბიდან ჩახუტებულები არიან „ნაციონალებთან", ხომ?..
- კი, ჩახუტებულები არიან და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. კარგად არიან შესულები „ნაციონალების" გარემოში, მე არ დავაკონკრეტებ, გვარებს არ დავასახელებ, ისინი თვითონ მიხვდებიან, უბრალოდ, მე ასეთ რაღაცას ვერ მივესალმები და არ არის ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა. ადამიანებთან,რომლებმაც სამშობლო გამიყიდეს და დამიქციეს, მე ახლოს ვერ მივალ, ხელს ვერ ჩამოვართმევ და ვერც გამარჯობას ვეტყვი. დანარჩენი იმათ სინდისზე იყოს, ვინც მაგათ ჩაეხუტება.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"
26. 04. 2014 წ.