ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფ „შავფაროსნებისა" და ანსამბლ „ჩვენებურების" გამოსვლას რომში Natale Di Roma-ზე დიდი გამოუხმაურება მოჰყვა. ქართული კულტურით და „შავფაროსნების" წარმოდგენით მოხიბლული ათიათასობით მაყურებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად უკრავდა ტაშს. რომის ისტორიულ ქუჩებში გამართულ მსვლელობაზე კი ქართული დელაგაციის მიმართ, აპლოდისმენტები არ წყდებოდა.
ქართველების მიმართ მაყურებლის ასეთმა აღფრთოვანებამ იტალიური მედიაც დააინტერესა. ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა ტელეარხმა ქართული სიმღერის ფონზე მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში თავიდან ბოლომდე აჩვენა, ცნობილმა ტელეკომპანია „rai news" -მა კი მათზე სიუჟეტი მოამზადა.
როგორც „შავფაროსნების" პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე აღნიშნავს, ქართულ სიმღერასა და ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლუდი „მთიელის" და „სამოსელი პირველის" მიერ სპეციალურად რომის ფესტივალისთვის დამზადებულმა ხევსურულმა სამოსმა.
„რომის ფესტივალზე ჩვენი გამოსვლა კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის კულუტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და ლუდი „მთიელის" დამსახურებაა. სწორედ მათი მხარდაჭერით მოხდა ქართული კულტურის პოპულარიზაცია ისეთ მასშტაბურ ფესტივალზე, როგორიცაა Natale Di Roma. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იტალიაში მცხოვრებ იმ უამრავ ქართველს, რომლებიც ჩვენ გამოსვლაზე მოვიდნენ და გვგულშემატკივრობდნენ. მთელი მსვლელობის მანძილზე გვერდით მოგვყვებოდნენ და ქართული კულტურით მოხიბლულ ტურისტებსა და იტალიელებს საქრთველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ძალიან ემოციური გამოსვლა გვქონდა, რაც მათი გულშემატკივრობის დამსახურებაც იყო... დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ იტალიელიებზე, ყველა ბრავოს და ჯორჯიანოს გვეძახდა... განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ტელევიზიებმაც, ყველა ჩვენ გვიღებდა. ფესტივალის ორგანიზატორები მადლობას გვიხდიდნენ, რომ ასეთი ეფექტური საჩვენებელი წარმოდგენა ვაჩვენეთ და ფესტივალს სხვა მუხტი და ენერგია შევძინეთ. სხვა ქვეყნის წარმოამდგენლები თეატრალიზირებულ საბრძოლო სცენებს დგამენ, ჩვენ კი ქართული სიმღერის ფონზე რეალური ორთაბრძოლები წარვადგინეთ. განსაკუთრებული მოწონება გოგონების ორთაბრძოლებმა დაიმსახურეს. საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის კულტურა გაგაქვს ევროპის ასეთ დიდ ქალაქში და ასეთი დიდი რეზონანსი მოყვება მას", - აღნიშნა რომიდან დაბრუნებულმა „შავფაროსნების" პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ და დასძინა, რომ ასეთი ეფექტური გამოსვლის გამო „შავფაროსნები" რომის ფესტივალის მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდნენ.
იხილეთ იტალიელი ფოტოგრაფის ფოტები ალბომიდან "შავფაროსნების რომში გამოსვლა https://www.flickr.com/photos/fr_photography/sets/72157644236638722/