ჰოლივუდის ყველაზე ხანდაზმულმა სასიძომ, ჯორჯ კლუნიმ უცოლო კაცის თავისუფლებაზე უარი თქვა და მეგობარ ქალზე დაინიშნა. ქალბატონი, რომელმაც 52 წლის კლუნის ამ ნაბიჯის გადადგმა გააბედინა, იურისტი ამალ ალამუდინია. ამალი სკანდალური საიტის, Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატია.
წყვილს ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება
არ გაუკეთებია, მეტიც, ეცადნენ, ამ ცერემონიას პრესის ყურადღების გარეშე ჩაევლო, თუმცა დიდი ხნით ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დამალვა ვერ შეძლეს.
ჟურნალ People-ის ინფორმაციით, წყვილს გასულ ხუთშაბათს მეგობრები სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი ჰერბერი ესტუმრნენ. სწორედ ამ შეხვედრისას შენიშნეს ამალის თითზე ბრილიანთით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ოთხშაბათს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში წყვილმა ნიშნობა გადაიხადა. ქორწილის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.