საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო მაჩვენებელი მატულობს. 2014 წლის პირველის კვარტალის ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, მინერალური წყლების ექსპორტმა 34 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. შარშან ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 15 ათასი დოლარი იყო. გამოდის, რომ წყლების ექსპორტში 125%-იანი მატებაა.
სპეციალისტების ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობა ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი მაჩვენებლით მან 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. არჩვაძის ინფორმაციით, რუსეთში 1 ლიტრი ქართული მინერალური წყლის ფასი საქართველოდან ამავე მოცულობის საექსპორტო ფასს უტოლდება.
"ამჟამად რუსეთში ქართული მინერალური წყლის ღირებულება, მის ემბარგომდელ ფასთან შედარებით, გაოთხმაგებულია. ამ ეტაპზე იგი იმ მაჩვენებელსაც აღემატება, რაც ღირდა ქართული ღვინო რუსეთში 9 წლის წინ. ერთიც და მეორეც რუსულ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ვფიქრობ, ეს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე დეფიციტისა და ნოსტალგიის ფაქტორების თანხვედრამ გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც ჩვენი ღვინო რუსმა მომხმარებელმა დააგემოვნა, აღიარა, რომ ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ხარისხი. საბაბი ამისთვის ნამდვილად აქვთ, ფრანგულთან შედარებით ქართული ღვინო 1 დოლარით ძვირი ნამდვილად არ უნდა ღირდეს.
ასევე უპრეცენდენტოდ მაღალია იქ ჩვენი მინერალური წყლების ფასი. ასე გაგარძელდება, სანამ ამ ნაწარმზე ჯერ კიდევ ნოსტალგიაა და დიდი ხნის უნახაობის ეფექტი არ განელდება. შემდეგ, სავარაუდოდ, ყველაფერი ჩვეულებრიდავ გაგრძელდება, თუმცა ქართულ მინერალურ წყლებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება, "- აცხადებს სოსო არჩვაძე.