reportiori.ge - დავით კობეშავიძე: ჩვენ არამარტო ერის გამრავლებაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ფიზიკურ სიჯანსაღეზეც!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:35
პრეს-დაიჯესტი
დავით კობეშავიძე: ჩვენ არამარტო ერის გამრავლებაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ფიზიკურ სიჯანსაღეზეც!
ავტორი:
28 აპრილი, 2014. 15:49

ჩვენს ქვეყანაში არსებული სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობის კვალდაკვალ, ხელისუფლება და საპატრიარქო გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, რაც ყოველი მესამე ბავშვის ნათლობით, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარებით, მშობიარობის დაფინანსებით, საკეისროების წარმოებაში გამძაფრებული კონტროლითა და აბორტების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით გამოიხატება.


საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სპეციალისტები, მათი აზრით, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს საკეისრო კვეთის რიცხვის მატება და აბორტების სიხშირე ქალის ჯანმრთელობისა თუ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების კუთხით? - აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ, სამშობიარო „იმედის კლინიკის" დირექტორს, მეან-გინეკოლოგს, პროფესორ დავით კობეშავიძეს ვეწვიეთ.


- ბატონო დავით, თქვენი აზრით, საკეისრო კვეთების კონტროლი და აბორტების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იქნება თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში?

- სამწუხაროდ, დღემდე ამ კუთხით საქართველოში არანაირი რეგულაციის სისტემა არ არსებობდა, ამიტომ წლების განმავლობაში ექიმები აკეთებდნენ იმას, რასაც საჭიროდ თვლიდნენ. ახალმა ხელისუფლებამ, საპატრიარქოსთან ერთად, გადადგა უმთავრესი ნაბიჯი - შემოიღეს რეგულაციები და სახელმწიფო კონტროლზე აიყვანეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები. სამშობიარო სახლებს დაურიგდათ გაიდლაინები, სადაც მითითებულია ის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ექიმებს საკეისრო კვეთის გაკეთება ევალებათ. ასე რომ, დღეისათვის საკეისრო კვეთის ჩატარების  საკითხი მხოლოდ ჩვენების მიხედვით და გამოუვალ შემთხვევაში დგება. ამავე დროს, წარმოებს აბორტების სრული სტატისტიკა. ამასთან ერთად, აბორტის გასაკეთებლად მოსულ ქალებს მოსაფიქრებელი ვადა ეძლევათ. ამ ყველაფერს თუ კი დავუმატებთ ექიმების მხრიდან გაწეულ აგიტაციას, სასურველ მიზანს ხშირად ვაღწევთ და ქალი საკუთარი შვილის მკვლელობაზე ხელს აღარ აწერს. აღნიშნული ნაბიჯები, რასაკვირველია, დადებით შედეგს გამოიღებს, თუმცა, ამას დრო სჭირდება.


- მაქსიმუმ რამდენი საკეისროს გაკეთება შეუძლია ქალს და რა ზიანს აყენებს ეს ოპერაცია პაციენტს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს, თუ კი ქალის ან ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადრე საკეისრო კვეთის რაოდენობა შეზღუდული გახლდათ. მესამე საკეისროს დროს ექიმები აუცილებლად სტერილიზაციას მივმართავდით. დღეს კი, თანამედროვე საკერავი მასალების ფონზე, თანამედროვე მედიცინა და ოპერაციული ტექნიკა ქალს საკეისროს მეშვეობით სამზე მეტი ბავშვის გაჩენის საშუალებას აძლევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკეისრო კვეთების რაოდენობა ინდივიდუალურია, ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ნაწიბუროვანი საშვილოსნო ფიზიოლოგიურ ჩარჩოებში ვერ ჯდება და ეს გარკვეულწილად პრობლემებს უქმნის ქალს ასაკის მატებასთან ერთად. მინდა, ეს ფაქტი განსაკუთრებით პატარა გოგონებმა გაითვალისწინონ, რომლებიც ახლა ემზადებიან დედობისათვის. ჩვენთან მოსულ ორსულებს, ძირითადად, უკვე გადაწყვეტილი აქვთ საკეისროს გაკეთება და მერე მეან-გინეკოლოგებს დიდი დრო გვეხარჯება მათ გადარწმუნებაში. ქალმა არ უნდა იცხოვროს დღევანდელობით. ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას საკეისროების სიმრავლე კი არა, ფიზიოლოგიური მშობიარობის მატება ესაჭიროება. ჩვენ არამარტო ერის სიმრავლეზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ფიზიკურ სიჯანსაღეზეც. პედიატრები დამეთანხმებიან, რომ ფიზიოლოგიური გზით გაჩენილი ბავშვის გარემოსთან ადაპტაციის უნარი გაცილებით ძლიერია, ვიდრე საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვებისა. დედის მხრივ გართულებებს რაც შეეხება: მოგეხსენებათ, საშვილოსნო კუნთოვანი ქსოვილია, რომელსაც ჰიპერტროფირების, ანუ გაწელვის უნარი შესწევს. ნაწიბურის ადგილზე ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რომელსაც ასეთი უნარი არ გააჩნია და შესაძლებელია, აორსულობის პერიოდში გაიხსნას. დღეისათვის გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ ერთხელ საკეისროგაკეთებული ქალი მეორედ შესაძლებელია, ვამშობიაროთ. აქაც, რასაკვირველია, მშობიარობის დროს არსებობს საშვილოსნოს გახსნის რისკი.


ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია. ქალისთვის ფიზიოლოგიური მშობიარობა ისევე აუცილებელია, როგორც ჟანგბადი. ამ დროს ხდება ორგანიზმის შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.


ქალი კონსტიტუციურ განვითარებას მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ასრულებს. მისი ფსიქიკა კი გარდაიქმნება დედის ფსიქიკად. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს აბსოლუტურად ყველა სისტემა ჯანსაღდება, ორგანიზმი იყენებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს.


- ბატონო დავით, რაც შეეხება აბორტს, რომლის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მეტად გააქტიურდა... რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის აბორტი ქალის ჯანმრთელობას და იწვევს თუ არა შემდგომ უშვილობას?

- გარდა იმისა,რომ აბორტი მკვლელობის ცოდვას წარმოადგენს, ამავე დროს სერიოზულ ტრავმას აყენებს ქალის ჯანმრთელობასა და ფსიქიკას. ყველა აბორტი ნარკოზით ტარდება, რაც დამატებით დაღს ასვამს თავის ტვინს. ამავე დროს, საშვილოსნოს ლორწოვანის რეგენერაციის, ანუ აღდგენის უნარი უსასრულო არგახლავთ. გამოფხეკისას სანაყოფე კვერცხთან ერთად, საშვილოსნოს ლორწოვანიც იფხიკება. საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ პირველი აბორტის შემდეგ ბევრი ქალი უშვილო ხდება, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. თუ გადაიფხიკა ე.წ. ლორწოვანი გარსი, ანუ საშვილოსნოს მოვაშორებთ ფუნქციონალურ შრეს, ბუნებრივია, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა საშვილოსნოს ღრუში შემდეგში ვეღარ მოხდება. როგორც წესი, ასეთ ქალებს ემართებათ თვითნებური აბორტები და ორსულობა ბოლომდე ვერ მიჰყავთ. აბორტის შემდგომ უშვილობა ძალიან ხშირია. ასევე ხშირად ხდება აბორტის დროს საშვილოსნოს მთლიანობის დარღვევა, ანუ პერფორაცია, რის შედეგადაც შესაძლებელია, ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნო საერთოდ დაკარგოს. სამწუხაროდ, აბორტების დიდი რაოდენობა დღევანდელ საქართველოში დამალული ორსულობის გამო კეთდება. ერთი მხრივ, მასმედია ახალგაზრდებს აწვდის ინფორმაციას, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი საჭირო აღარ არის, ბევრი პოპულარული გადაცემა უთმობს საეთერო დროს თავისუფალ, ქორწინებამდელ ურთიერთობებზე საუბარს, თუმცა, ავიწყდებათ მთავარი. როდესაც ქალიშვილობის ინსტიტუტის ავ-კარგიანობაზე საუბრობენ, სტუდიაში მხოლოდ 18 წლის გოგონები კი არ უნდა მიიწვიონ, აუცილებელია, ამ საკითხზე აზრი სპეციალისტებსაც ჰკითხონ. დღევანდელი მიდგომების შედეგი სახეზეა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ე.წ. შეცდენილი გოგონები იკეთებენ აბორტებს. ტაბუ ახსნეს ქალიშვილობის თემას, თვლიან, რომ ეს ინსტიტუტი საჭირო არ არის, მაგრამ, თუ გადმოგვაქვს რამე ევროპიდან ან ამერიკიდან, სწორად მაინც უნდა გადმოვიტანოთ, რათა შემდგომში არ დადგეს დაუგეგმავი ორსულობები, არ დაავადმყოფდნენ ახალგაზრდები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, რაც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე, უშვილობაზე და ა.შ. ცალკე თემაა ის ვირუსები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც არამარტო უშვილობას იწვევენ, არამედ აბსოლუტურად ანგრევენ ქალის ჯანმრთელობას. ამავე დროს, საზოგადოებაში დაბალია სანიტარული განათლების კულტურა. გოგონებისათვის ორსულობამდელი განათლების მიღება აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენი კლინიკა დაინტერესებულია ამ საკითხით. მიმაჩნია, რომ დღეისათვის საჭიროა ქალთა პატრონაჟის ცენტის ჩამოყალიბება, რომელიც თავისთავად გულისხმობს როგორც უკვე ორსული გოგონების პატრონაჟს, ასევე ორსულობამდე ქალისათვის საჭირო და გამოსადეგი განათლების მიცემას. მე დიდი სიამოვნებით ავიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ „იმედის კლინიკაში" შევქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ დაწესებულებაში თუ უმაღლეს სასწავლებელში წაიკითხავს საგანმანათლებლო ლექციათა კურსს გოგონების სრულფასოვანი და ჯანმრთელი დედობისათვის მოსამზადებლად. ამ სალექციო კურსით ჩვენ მოვახდენთ უშვილობის პრევენციას, ვისაუბრებთ აბორტების სავალალო შედეგებზე, კონტრაცეფციის მნიშვნელობაზე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საფრთხეებზე, საკეისრო კვეთის უარყოფით გავლენაზე და ფიზიოლოგიური მშობიარობის სიკეთეებზე! იმისათვის, რომ ჩვენმა გოგონებმა ჯანსაღი მომავალი თაობები აჩუქონ საქართველოს, უნდა იყვნენ ჯანსაღი დედები როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და ფსიქიკურად.




ესაუბრა მეგი საჯაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

28. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016