reportiori.ge - კახა კახიშვლი: ამ იდეის განხორციელებით, ხელისუფლების ძალაუფლება შესუსტდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:56
ინტერვიუ
კახა კახიშვლი: ამ იდეის განხორციელებით, ხელისუფლების ძალაუფლება შესუსტდება
06 მაისი, 2014. 14:18

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს უქმნის თავისუფალი არჩევანის პირობებს. ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას, პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის არჩევანს..."


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადების  საპირისპიროდ, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა გარკვეული ნაწილი,  დღეს არსებულ საარჩევნო გარემოს  კრიტიკულად აფასებს.


უფრო მეტიც,  „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის"  ხელმძღვანელი,  კახა კახიშვილი  „რეპორტიორთან" საუბრისას,  საარჩევნო მიმართულებით  განხორციელებულ ცვლილებებს  ფასადურს უწოდებს და თვლის, რომ  დღეს არსებული  საარჩევნო გარემოს იდეალურობაზე საუბარი  - უსაფუძვლოა.


რატომ წაიღო ხელისუფლებამ უკან, არც თუ  ისე დიდი ხნის წინ , საარჩევნო სიებთან   დაკავშირებით შემოთავაზებული  წინადადება, რისი შიში აქვს,  რამდენად არის დაცული საარჩევნო გარემო სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უხეში  ჩარევისგან, რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ  ბრძოლა პოლიტიკურ ძალებს,  ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში  წყვეტს თუ არა ბიზნესი საკუთარი  ნებით  - რომელი პოლიტიკური ძალა დააფინანსოს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  კახა კახიშვილს ვესაუბრეთ.


საუბარი,  საარჩევო გარემოს შეფასებით დავიწყეთ...



- ამჟამინდელი  საარჩევნო გარემო,  გასულ წლებთან შედარებით შეცვლილია.    წლების წინ,  საზოგადოებას, ხმის ამოღების შიშიც კი ჰქონდა. ამ მხრივ - ვითარების შედარებაც კი არ შეიძლება, თუმცა, თუ  ხალხი სულმოუთქმელად ელოდა „ნაციონალური მოძრაობის"  ხელისუფლებიდან წასვლას, დღეს, ხალხი, ამჟამინდელი  ხელისუფელბისგან, სასიკეთო ცვლილებებს  ელოდება, მათ შორის საარჩევნო დარგშიც.


-         ბატონო კახა, რამდენად შეძლო ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება?


-         სამწუხაროდ,  ხელისუფლებამ, არ გაატარა ძირეული რეფორმები, არ შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული ის კანონმდებლობა, რომელიც აგებული იყო „ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს ყოფნის" ფორმულაზე.  ამ ხელისუფლებამ ეს კანონმდებლობა კარგად მოირგო, შეიტანა რამდენიმე ფასადური ცვლილება, და... სულ ეს იყო.  იმ ტიპის ცვლილება, რომელიც საარჩევნო გარემოზე დადებით გავლენას მოახდენდა - არ განხორციელებულა.  სახეზე გვაქვს ფასადური გარემო.


-         საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რა ვითარებაა  ამ დროისთვის?

 

-         ისევ გაურკვეველი ვითარებაა.  ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნისას ამბობდა, რომ საარჩევნო სიები „გაბერილი" იყო. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით,    კარგი პროექტიც ჰქონდათ მომზადებული,- სიების ბიომეტრიული პარამეტრებით შედგენას ვგულისხმობ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  აღნიშნული პროექტის  განხორციელება, სავსებით შესაძლებელი იყო.   თუმცა, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, აცხადებენ, რომ   ამის დრო არ  არის  და მისი განხორციელება ვერ მოხერხდება .

 

-          როგორ ფიქრობთ, რატომ წაიღო ხელისუფლებამ უკან, მათ მიერ, არც თუ  ისე დიდი ხნის წინ   შემოთავაზებული  წინადადება?


-         როგორც ჩანს, არ სურთ საარჩევნო სიის „გაცხრილვა", რადგან კარგად მოირგეს საკანონმდებლო ბერკეტები.


-         ბატონო კახა, ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ხომ არ ეშინია?


-         ხელისუფელბამ ამით, შესაძლოა არ დაკარგოს ძალაუფლება, მაგრამ   ეს იდეა რომ განახორციელონ, მათი ძალაუფლება შესუსტდება და   ოპონენტად არა „ნაციონალური მოძრაობა", არამედ სხვა ძალა აღმოჩნდება.  ასეთ შემთხვევაში,  იმ დოზით  ვერ გაამარჯვებინებს საკუთარ კანდიდატებს, როგორც ეს დაგეგმილი აქვს.


საარჩევნო სია, მანიპულირების კარგ საშუალებას იძლევა .   არსებობს სხვა პრობლემური საკითხებიც - არ არის შეცვლილი  საარჩევნო სისტემა, საარჩევნო დავების განხილვის წესი.   ხელისუფლება გვეუბნება -  მოსამართლეები, რომელებიც  9 წლის განმავლობაში საარჩევნო დავებს იხილავდნენ, დღესაც ისინი განიხილავენ  საქმეებს და თუ ჩვენ, მათ გადაწყვეტილებებს არ ვენდობოდით ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს   მათ ვენდობით და რადგან ჩვენ ვენდობით - თქვენც უნდა ენდოთო...  ეს კი, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მისაღები ფორმულა - ნამდვილად არ არის. ამიტომაც, იმაზე საუბარი, რომ საარჩევნო გარემო იდეალური, ან იდეალურთან მიახლოებულია - უსაფუძვლოა!


სწორედ ეს  საარჩევნო კოდექსი აძლევს მათ გამარჯვების საფუძველს და არა ის, რომ რომელიმე  საარჩევნო კანდიდატია ადგილობრივ დონეზე პოპულარული.  დღეს, ხელისუფლებისთვის არა ხალხის არჩევანი,  არამედ მთავარია საკანონმდებლო ბერკეტები და ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანის ნდობის საკითხი. 


-         ბატონო კახა, თქვენი შეფასებით, რამდენად თანაბარ პირობებში უწევთ  ბრძოლა პოლიტიკურ ძალებს?


-         პირობები  განსხვავებულია. ხელისუფლების ხელში,  არამხოლოდ საარჩევნო ბერკეტებია.  საარჩევნო შედეგების შეჯამება, მისული ამომრჩევლის რაოდენობით ხდება.  ამას გამოაკელით ბათილი ბიულიტენები,  რაც სუფთა ხმას ნიშნავს, ამავდროულად არ არის დაწესებული ბარიერი, თუ რამდენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს  არჩევნებში მონაწილეობა, რომ თქვა არჩევნები რა შემთხვევაში   ითვლება შემდგარად.  ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის  30%-იანი ბარიერის დაწესება, მხოლოდ და მხოლოდ სახლისუფლებო კოალიციას გააჩნია  ადმინისტრაციული ბერკეტები,  ყველაზე დიდი დაფინანსება და საარჩევნო კამპანიის ჩატარების ხელსაყრელი გარემო.  იმისთვის, რომ  მარტივად შეაფასოთ საარჩევნო გარემო, გადით ქუჩაში,  ნახეთ,  როგორც  სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალების საარჩევო შტაბები. როგორ სხვაობასაც მათ შორის ნახავთ, ისეთი განსხვავებაა სახელისუფლებო  და არასახელისუფლებო  პარტიების საარჩევნო გარემოს შორის.


-         ბატონო კახა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მოსალოდნელი ადგილობრივი  თვითმმართველობის  არჩევნები, ბოლო არჩევნები იქნება, როცა  საზოგადოება  კოალიცია „ქართულ ოცნებას" აირჩევს. როგორია თქვენი შეფასებით, ამ დროისთვის საზოგადოების განწყობა - არჩევნებთან, ცვლილებებთან მიმართებაში?


-         სამწუხაროდ, არჩევნების შედეგები ხალხის  განწყობაზე  დამოკიდებული არ იქნება . საარჩევნო ტექნოლოგიები ხელისუფლებას აძლევს იმის საშუალებას, რომ  ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის შემთხვევაშიც კი სასურველი შედეგი მიიღოს.  ხელისუფლება, მხოლოდ  იმ შემთხვევაში დაკარგავს  ძალაუფლების ბერკეტებს,  თუ უპრეცენდენტოდ ბევრი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან.  როგორც ეს  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. როცა ამომრჩეველი არ მიდის არჩევნებზე, ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას". თუ არჩევნებზე, მხოლოდ მოტივირებული ამომრჩეველი მივა, ასეთ შემთხვევაში  ის სურათი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს  დაიდო, არ შეიცვლება.

 

-         ბატონო კახა, რამდენად შეძლებს  არასაპარლამენტო ოპოციზია რეალური შედეგის „დადებას?"

-         არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი გაერთიანება ვერ შედგა, მეტიც - თუ  იმაზეც ვერ შეთანხმდებიან, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მაინც არ დაუპირისპირონ  და ხმები არ გაუხლიჩონ  ერთმანეთს, მივიღებთ ასეთ შედეგს  -  პირევლ ადგილზე გავა კოალიცია „ქართული ოცნება",  მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო მესამე ადგილს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გაინაწილებენ.  არა იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური გემოვნება აქვს ჩვენს მოსახლეობას, არამედ იმიტომ, რომ ასეთი საარჩევნო კოდექსი გვაქვს.  


-         ბიზნესი, არჩევნების დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მიიჩნეოდა და მიიჩნევა.  ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში რამდენად არის ბიზნესი თავისუფალი, რომ საკუთარი  ნებით გადაწყვიტონ - რომელი პოლიტიკური ძალის დაფინანსება სურთ?


-         ყველა  ბიზნესმენი, რომელიც გასულ წლებში,   დიდი ენთუზიაზმით აფინანსებდა  „ნაციონალურ მოძრაობას", დღეს მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას"  აფინანსებს. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ბიზნესს აკონტროლებს. არა  მცირე  და საშუალო ბიზნესს, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, არამედ - მსხვილ ბიზნესს. მცირე და საშუალო ბიზნესი, ისეთ ცუდ დღეშია ამ ქვეყანაში, რომ  პარტიების დაფინანსება კი არა, საკუთარ თავს ძლივს ირჩენს.  ბიზნესი, რომელსაც  პოლიტიკური პარტიის დაფინანსება შეუძლია -  დღეს კონტროლირებადია.


-         რამდენადაა მოტივირებული ხელისუფლება, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს?


-         ხელისუფლებას ამ დროისთვის არ აქვს იმის სურვილი, რომ ოპონენტად აღიაროს ნინო ბურჯანაძე,  კახა კუკავა ან სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. მას  სურს, რომ ოპოზიციაში ყოფილი ხელისუფლება ჰყავდეს, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ხელისუფელბაში „ქართული ოცნება" იყოს, რადგან მათ პირობებში არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.



-         ბატონო კახა, ექსპერტთა  და პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფებისგან, ხშირად მსმენია, რომ  ყოფილი ხელისუფლება არჩევნებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ატარებდა. რა ინფორმაცია გაქვთ, ამ დროისთვის, რამდენად არის დაცული საარჩევნო გარემო სამართალდამავი სტრუქტურების მხრიდან არაჯეროვანი ჩარევისგან?


-         დღეს,  როგორც ვიცი,  პირდაპირი წესით  სამართალდამცავების მხრიდან ამომრჩეველზე მუქარა, ცემა, წამება და კონტროლი არ აღინიშნება. არ გვირეკავენ საგინებლად, არ არსებობს გზავნილები - „დაეტიე შენს ადგილზე და ჭკვიანად მოიქეცი"  და მისთანანი, მაგრამ, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციისგან მაქვს ინფორმაცია და ზემოთაც აღვნიშნე - სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მკაცრად კონტროლდება ბიზნესი,  რომ მათ არ გაუჩნდეთ რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დაფინანსების სურვილი.  შსს ასევე აქტიურად მონაწილეობს მაჟორიტარების, მერობის კანდიდატების  შერჩევაში.


-         რა კუთხით?


-          კანდიდატთა სანდოობის და გადამოწმების კუთხით.   როგორც ვიცი ,  ადგილობრივ დონეზე საარჩევნო კანდიდატების სია, სწორედ სუს-ის დეპარტამენტიდან წამოვიდა.  კონფიგურაციებს დააკვირდით - პირველ ჯერზე გუბერნატორებად ის კადრები მოგვევლინენ, რომლებიც სუს-ში ირიცხებოდნენ. დღეს ისინი ადგილებზე არიან მივლენილნი და აქტიურად მუშაობენ.  მათ პოლიტიკური პროცესების მართვა დაევალათ, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად.


-         ამომრჩევლისა და ხელისუფლების  ურთიერთობის  დეფიციტზე საუბრობენ ხშირად. თქვენ რამდენად მწვავედ  აღიქვამთ ამ პრობლემას?


-         ხელისუფლებამ კარგად ვერ იმუშავა საზოგადოებასთან, ვერ შედგა  კომუნიკაცია. ხელისუფელბამ ვერ აუხსნა საზოგადოებას რას - რატომ აკეთებს. ხშირია  შემთხვევა, როცა მთავრობა ვერ განმარტავს - რა უნდა საერთოდ!


-         რეზიუმეს სახით გვითხარით - ერთი შეხედვით რა სურათი შეიძლება დაიდოს შექმნილ  საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?


-         როცა ამომრჩეველთა მხოლოდ 49%  მიდის არჩევნებზე, ხოლო 51%  გეუბნება, რომ არ აინტერესებ, არ გენდობა არც შენ და არც შენს კანდიდატს, რადგან იცის, რომ  არაფერს შეცვლი და ურჩევნია  სახლში დაჯდეს - ამაზე ნათელი რეზიუმე, ამ შემთხვევაში შეუძლებელია დაიდოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016