reportiori.ge - გოჩა ბახია: ვიღაცებს ძალიან უნდათ, ამ სიბინძურეში ჩამითრიონ და რაღაც პროვოკაცია მოაწყონ, რაც არ გამოუვათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:56
პრეს-დაიჯესტი
გოჩა ბახია: ვიღაცებს ძალიან უნდათ, ამ სიბინძურეში ჩამითრიონ და რაღაც პროვოკაცია მოაწყონ, რაც არ გამოუვათ!
ავტორი:
06 მაისი, 2014. 16:36

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცნობილი თანამებრძოლი გოჩა ბახია ამ რამდენიმე დღის წინათ ტიტულოვანმა და გავლენიანმა რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ" შეუწყნარებელ საქმეში დაადანაშაულა და დაწერა - გოჩა ბახიას, რომელიცზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი იყო, უკრაინაში სააკაშვილის ნაციონალები ჩაჰყავს, რომლებსაც საომრად ამზადებენო! ბახიამ, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად მუდმივად ფინეთში ცხოვრობს, „იზვესტიას" ჰელსინკის სასამართლოში უკვე უჩივლა...  გოჩა ბახიას ინტერესებს ადვოკატი ინგრიდ ჰეიკელი დაიცავს. საქართველოში მან ასევე სარჩელი  შეიტანა „ევრაზიული სახლის" აქტივისტის ავთანდილ ჭყოიძის წინააღმდეგ, სადაც გოჩა ბახიას სიმართლეს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დაიცავს!



- ბატონო გოჩა, მე ვიცი, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში თქვენ სულ ფინეთში იყავით და სააკაშვილის ნაცისტებს უკრაინაში როგორღა გზავნიდით? ვის და რატომ აწყობს თქვენი „გაშავება"?

 

- როგორც კი „იზვესტიას" ვუჩივლე, მაშინვე დამირეკა ხსენებული გაზეთის ფინეთის ბიუროს წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ბურსოვამ, რომელმაც მითხრა - ჩვენ მაგათ დიდად არ ვენდობით, მაგრამ ეს ინფორმაცია მივიღეთ „რია ნოვოსტისგან", რომელმაც, თავის მხრივ, ცნობა ვინმე ავთანდილ ჭყოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელაო!


- ეს ჭყოიძე ვიღაა?

 

- როგორ გავარკვიე, ავთანდილ ჭყოიძე აღმოჩნდა დუგინის ხელისბიჭი, რომელიც გორში ცხოვრობს და „ევრაზიული სახლოის" ეგიდით აქციებს მართავს საქართველოში. მე უკვე ველაპარაკე ცნობილ ადვოკატს სოსო ბარათაშვილს და ცილისწამების გამო ანალოგიური სარჩელი სასამართლოში შევა ავანდილ ჭყოიძის წინააღმდეგ. შესაძლოა, ვიღაცას ჩაფიქრებული აქვს თბილისში რუსის ჯარის შემოყვანა და ამ სიბინძურესთან ჩემი სახელისა და გვარის მიწებება, რაც არ მოხდება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე რუსეთში დიდი ხანია, შესვლა აკრძალული მაქვს. ამასთან, ერთი რამ ახლვე უნდა ვთქვა - თუ დასავლეთმა რუსეთის ალაგმვა ვერ მოახერხა, მაშინ პროვოკაციები საქართველოში გახშირდება და რაც ახლა ჩემს წინააღმდეგ მოაწყვეს, ეს იქნება დასაწყისი, უარესი წინ გვიძევს!.. მე არ ვიცი, რომელ ჭკუაპთმყოფელს შეიძლება მოუვიდეს თავში სააკაშვილის ნაცისტეთან ჩემი დაკავშირება, როცა მხოლოდ ტელევიზორში თუ მომიკრავს მაგათთვის თვალი. ბოცო წიკლაურს კი ვიცნობდი ადრე, მაგრამ რაც წიკლაური გამიშარასტდა, არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. თქვენ ძალიან კარგად იცით დღევანდელი ქართული პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ. ესენი არიან მრავალჯერ გათხოვილ-გამოთხოვილი ხალხი, რომლებსაც ზნეობა არ გააჩნიათ! მოკლედ, ეს არის შევარდნაძის პარლამენტი და ამით ყველაფერია ნათქვამი!


- ბატონო გოჩა, ჟიული შარტავას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა ჩემმა რესპონდენტმა - ოჩამჩირელმა ოთარ ჭითანავამ, რომელმაც მითხრა, ჟიული შარტავა შევარდნაძემ მხედრიონელებს მოაკვლევინაო! თქვენ რას იტყვით?

 

- ჩემი მეგობრები, მათ შორის, ცხონებული დიმა ჭურღულია, იყვნენ ჟიული შარტავას დაცვაში და მათგან ვიცი, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს, დილით, ჟიული შარტავა და ედუარდ შევარდნაძე ე.წ. „გოსდაჩაზე" რუსულად დაელაპარაკნენ ერთმანეთს. ჟიული ეკითხება შევარდნაძეს - „ჩტო ბუდეტ?" - „ა ჩტო დოლჟნა ბიტ, ესლი ვოკრუგ ნიჩევო ნე დელაეტსია?!" - უპასუხა შევარდნაძემ. ამ საუბარს ესწრებოდა ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ჩემი მეგობარი ლაშა ამირეჯიბი, რომელმაც ეს ამბავი დამიდასტურა.


- ჭითანავამ ისიც მითხრა, რომ ჟიული შარტავა ლოთი ქობალიას აფრთხილებდა, შევარდნაძემ გვიღალატა, ყველაფერი დაკარგულია, შენი ხალხი გადაარჩინეო! ამის შესახებ რა იცით?

 

- მე შემიძლია მოგახსენოთ მინისტრთა საბჭოს უკანასკნელი სხდომის შესახებ, რომელიც სოხუმში 1993 წლის 26 სექტემბერის ღამეს გაიმართა და სადაც გენერალმა გენო ადამიამ ედუარდ შევარდნაძეს პირდაპირ უთხრა - ვიცი, რაც გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ შენ სოხუმიდან არ გაგიშვებთ, ჩვენთან ერად დარჩები ქალაქშიო! სამწუხაროდ, შევარდნაძემ მაინც მოახერხა ქალაქიდან გამოპარვა და ჟიული შარტავა და საცოდავი ქართველი ბიჭები, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს, სოხუმში ჩატოვა! საერთოდ, ბურუსით არის მოცული გენერალ გენო ადამიას მკვლელობა. ის გახლდათ დიდი პატრიოტი და ნამდვილი ქართველი, რომლის ცოცხლად გადარჩენა შევარდნაძეს ხელს არ აძლევდა.


- რატომ?

 

- იმიტომ, რომ ცოცხალი გენიო ადამია აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ თბილისში შექმნიდა სერიოზულ პრობლემებს და ის იქნებოდა შევარდნაძისა და მისი მოღალატური ხროვის ერთ-ერთი მთავარი ბრალმდებელი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალი გენო ადამია მდინარე მაჭარას ხიდთან შეხვდა გია ყარყარაშვილს, სადაც ასევე იყო დოდო გუგეშაშვილიც. ადამიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გუგეშაშვილს. იქ გაიმართა ძალიან მძიმე საუბარი. გენო ადამია შევარდნაძესა და მის მომხრეებს აგინებდა - ომი რატომ დაიწყეთ და ამ დღეში რატომ ჩააგდეთ ქვეყანა, სოხუმი არ მიატოვოთო! მერე დოდო გუგუშაშვილს მოუქნია ხელი - ეს რისი მეომარია, ამის იმედად გინდათ სოხუმის გადარჩენაო?! აი, ასეთ სიტუაციაში მოვიდა მაცნე, რომელმაც გენერალ გენო ადამიას განუცხადა - თქვენი ვაჟი დაიღუპაო! გენერალი ადამია დაცვის ოთხ-ხუთ წევრთან ერთად სასწრაფოდ სოხუმისკენ გაემართა მანქანით. სოხუმამდე არმისული, ე.წ. „კაშტაკის მოსახვევთან" მანქანაში მყოფები ჩაცხრილეს და არცერთი ცოცხალი არ გაუშვეს. ამ ამბიდან დაახლოებით ექვსი-რვა საათის შემდეგ დაეცა სოხუმი და ქალაქში მტერი შემოვიდა. აფხაზებმა გენო ადამიას ცხედარი რომ ნახეს, მიხვდნენ, რომ ის არ იყო რიგითი ადამიანი და მდინარე მაჭარას ნაპირას სასწრაფოდ დამარხეს, რათა შემდეგ, ცხედარი გაეცვალათ ან გამოსასყიდი მოეთხოვათ.


- ვინ მოკლა გენერალი გენო ადამია?

 

- ჩემი ინფორმაციით, გენერალი გენო ადამია შევარდნაძემ მხედრიონელებს მოაკვლევინა!


- ბატონო გოჩა, ზეოთ არ მიპასუხეთ... ჩემმა რესპონდენტმა ოთარ ჭითანავამ „ასავალ-დასავალის" წინა ნომერში განაცხადა - ჟიული შარტავა შევარდნაძემ მხედრიონელებს მოაკვლევინაო! თქვენ რა იცით?

 

- მე ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მეც ასე ვიცი!


P. S. ძვირფასო მკითხველო, ქედს ვიხრი გენერალ გენო ადამიანს ნათელი ხსოვნის წინაშე და ჩვენი გაზეთის მაღალი ტრიბუნიდან პატივისცემითა და მოკრძალებით მივმართავ გმირი ქართველი გენერლის ჭირისუფლებსა და შთამომავლებს, რომ დამიკავშირდნენ!.. ასევე „ისტორიის უკეთ გაგებისათვის" შთამომავლობამ უნდა იცოდეს ცოცხლად გადარჩენილ იმ მხედრიონელთა მონათხრობიც, რომლებმაც ეს ამბები მხოლოდ ყურმოკვრით როდი იციან. ჩემი პოვნა ძნელი არ არის, ტელეფონის ნომერი გაზეთში წერია...

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

5 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016