დღეს, როდესაც „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე ანშლაგით იბეჭდება საქართველოს ისტორიის დღემდე აკრძალული სახელმძღვანელო, არქიტექტორი თარხუჯ ჯავახიშვილი იხსენებს თავის სახელოვან პაპას, დიდ მეცნიერს, ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც თავის მოსწავლეებთან ერთად გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს ეს უნიკალური წიგნი დაწერა:
- უფროსკლასელთათვის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველ გამოცემას (1943 წელი) პაპაჩემი - ივანე ჯავახიშვილი ვერ მოესწრო. ამ ნაშრომზე ის მუშაობდა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ეს ნამუშევარი წიგნად აწყობილიც არ უნახავს. 1943 წლის შემდეგ ორჯერ გამოიცა ეს სახელმძღვანელო, ბოლო ვარიანტია 1948 წლის გამოცემა. სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი ივანეს სტუდენტები იყვნენ (უნივერსიტეტის პირველი გამოშვება), შემდეგ - ასპირანტები და მისი მეგობრები.
- ვინ იყო ივანე ჯავახიშვილის ოჯახის ახლო მეგობარი?
- იგივე სიმონ ჯანაშია, აკაკი შანიძე და ბავშვობის მეგობარი ივანე ნიჟარაძე (ქართული ენის პედაგოგი). აკაკი შანიძე ივანეს ყოველთვის გვერდით ედგა, მაშინაც კი, როდესაც ივანეს საწინააღმდეგო გამოსვლები იყო, მან ხმამაღლა განაცხადა: მე ვარ ივანეს მოწაფეც, მეგობარიც და ამით ვამაყობო!
- ვინ ეწინააღმდეგებოდა ივანე ჯავახიშვილს?
- მაშინ ახალაღზევებული კომკავშირულ-პარტიული ორგანიზაციის წევრები, ბოლო წლებში - უნივერსიტეტის რექტორი კარლო ორაგველიძე. ამ დაპირისპირების შესახებ ივანე წერდა: „რექტორმა ორაბელიძემ სამსაათიანი მოხსენება წაიკითხა უნივერსიტეტში, სადაც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა. ბედმა ბევრი უსიამოვნება მარგუნა და ერთადერთი ნუგეში ჩემთვის სამეცნიერო კვლევა-ძიება იყო, ახლაც მუშაობა არ შემიწყვეტია, იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი საზიზღარი შეურაცხყოფა ჩემი მოღვაწეობისთვის ჯერ არავის მოუყენებია". დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებითაც, წარმოიდგინეთ, ინიციატორებსაც და დამფუძნებლებსაც ბოლომდე ეჭვი ეპარებოდათ, რომ უნივერსიტეტის გახსნას შეძლებდნენ. არადა, უნივერსიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ივანე ამბობდა: „ქართველმა საკმაო ნაწილმა აღარ იცოდა ხეირიანად ქართული ლაპარაკი. რასაკვირველია, მასა განაგრძობდა ამ ენაზე ლაპარაკს, მაგრამ მრავალთათავის ეს ენა უკვე დედაენა აღარ იყო". უნივერსიტეტის დამფუძნებლები ჩიოდნენ, ფული არა გვაქვს, უნივერსიტეტს ნაჩქარევად არ გავხსნითო. მაგრამ ივანე წინ აღუდგა უნივერსიტეტის გახსნის შეგვიანებას და მასთან ერთად - მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (ივანეს მეუღლის მამიდა) და მწერალი ნინო ნაკაშიძე. ივანეს რეკომენდაციით რექტორად დაინიშნა პეტრე მელიქიშვილი, პეტრეზე ამბობდა, ცნობილი მეცნიერია და მისი რექტორობა უნივერსიტეტს სახელს მოუტანსო. პეტრე უსასყიდჟლოდ ასრულებდა რექტორის მოვალეობას, შენობაში არ იყო გათბობა, მაგრამ არცერთი ლექტორი პალტოთი არ შესულა ლექციაზე. 1919 წლის 11 ოქტომბერს მელიქიშვილი გადადგა და რექტორად აირჩიეს ივანე ჯავახიშვილი. დიდი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა: 27 მონოგრაფია, შექმნა „ქართველი ერის ისტორია", ქართველი ერის ისტორიის" შესავალი, კაპიტალური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა", „ქართული საისტორიო მწერლობა", „ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა", „საქართველოს ეკონომიკური ისტორია" და ა.შ. იმ პერიოდში გაქრა მისი ნაშრომი „საქართველოს მრეწველობის ისტორია" - ვიღაცებს არ აწყობდათ მისი გამოცემა. შემდეგ ერთი ეგზემპლარი ლიტერატურის ინსტიტუტში აღმოაჩინეს და მხოლოდ 60-იან წლებში მოხერხდა მისი გამოცემა. ივანემ იმუშავა სამხედრო ტერმინოლოგიის შექმნაზე, იოსებ ყიფშიძესთან ერთად შექმნა რუსულ-ქართული ლექსიკონი და ა.შ. თავმდაბალი კაციიყო, როდესაც მისი ერთ-ერთი ნაშრომი კონკურსზე უნდა გაეტანათ, უარი განაცხადა - კონკურსი იმისთვის არის, რომ ახალგაზრდები წახალისდნენ, ზნეობრივად არ მიმაჩნია, მათ კონკურენცია გავუწიოო. როდესაც ივანე ნიკო მართან ერთად სინას მთაზე ხელნაწერებს ეძებდა, ხელში მოხვდა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", თავის მასწავლებელს ნიკო მარს მიუტანა და უთხრა, ხელმძღვანელი თქვენ ხართ და ეს ხელნაწერიც თქვენ გეკუთვნითო. უკიდურესად მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, აკადემიკოსად არჩევას ულოცავდნენ, ის კი ამაზე წერდა: „აკადემიკოსობას ჩემი სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობის გაორმაგება-გაორკეცება მოჰყვება, ჩემი ძალ-ღონე კი უაღრესად დაძაბულია და ჩემს ჯანმრთელობას ამაზე მეტის ატანა არ შეუძლია. მე ახალ მოვალეობას პირნათლად ვერ შევასრულებ, ამას კი მიჩვეული არა ვარ და ეს ზნეობრივად დამტანჯამს". იყო უკომპრომისო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბოლშევიკებმა უნივერსიტეტის შენობის ხელში ჩაგდება განიზრახეს, ივანე შევიდა უნივერსიტეტში, კარი შიგნიდან ჩაკეტა და თქვა, ახლაც შემოვიდნენო. ორი დღე ჩაკეტილები იყვნენ, მერე კომუნისტებს ეყოთ ჭკუა და ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. მეორე შემთხვევას გეტყვით - ლავრენტი ბერიამ ივანე ჯავახიშვილს უთხრა, ჩემი ცოლი უნივერსიტეტში მიიღე, სკოლის ატესტატი არა აქვსო. ივანემ უპასუხა, ვერ ჩავრიცხავო. ბერიამ მუქარით ჰკითხა, ბრძანება რომ იყოსო? ივანემ უკან არ დაიხია: უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვიძლევიო.
- ბოლო პერიოდში ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთ ნაშრომზე ორაზროვანი საუბარი წამოიჭრა...
- ეს ეხებოდა სტუდენტობის დროს დაწერილ ნაშრომს, რაშიც უნივერსიტეტის ჯილდო ოქროს მედალოი მიიღო (უფულობის გამო ეს მედალი დააგირავა, ხოლო, როდესაც გამოსასყიდად მივიდა, უთხრეს, დააგვიანეთ და გავყიდეთო). ნაშრომი ეხებოდა წმინდა ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობას საქართველოში. „წმინდა ნინოს შატბერდისეული ცხოვრება" და „მოქცევაი ქართლისაი" გვაუწყებენ, რომ ნინომ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა, მაგრამ იგივე ნაშრომები დუმან წმინდა ანდრიას შესახებ. არადა, გადმოცემით, ანდრიამ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა. ივანეს მეცნიერული სიზუსტის დადგენა უნდოდა, კვლევის ჩატარება, იმ მიზეზის პოვნა, რატომ არ იყო მოხსენიებული წმინდა ანდრია ნაშრომებში. რამდენიმე წლის წინათაც გაიხსენეს ეს ამბავი, ჯავახიშვილს ანდრია მოციქულის საქართველოში მოგზაურობაში ეჭვი შეეპარაო. პირდაპირ ვიტყვი, მხატვარმა თენგიზ მირზაშვილმა დაწერა, ვინ ეკითხებოდა ივანე ჯავახიშვილს საქართველოს ისტორიის კორექტირებასო. ისტორიკოს ჯავახიშვილს არ ეკითხებოდა მეცნიერებაში კვლევის ჩატარება და მხატვარ მირზაშვილს ეკითხებოდა? ივანე ჯავახიშვილისთვის ქრისტიანობა იყო შეგნებათა კრებული, მისი ცხოვრების წესი, არ ახასიათებდა არც შური, არც ღვარძლი, არც თავის განდიდება, მისი ხმამაღალი საუბარიც კი არავის გაუგია. დღეს ეკლესიაში ფორმალურად სანთელს ანთებენ, გულმოდგინედ გადაიწერენ პირჯვარს, ხოლო ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ საკუთარ დედებს აგინებენ. ასეთები ივანე ჯავახიშვილზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, მათი არაფერი მჯერა!
- გვიამბეთ ივანე ჯავახიშვილის ოჯახის შესახებ.
- მისი მეუღლე გახლდათ ანასტასია ჯამბაუკრ-ორბელიანი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა - ნათელა, კახა და ალექსანდრე (შინაურობაში ლალის ეძახდნენ). მე კახას ერთადერთი ვაჟი გახლავართ. მამიდა და მამიდაშვილები უკვე გარდაცვლილნი არიან. სახეზე არიან ჩემი ბიძაშვილები - ერთი ქალბატონი და ორი ვაჟი. ივანეს მეუღლე ანასტასია ერეკლე მეორის შთამომავალი გახლდათ, მის აღზრდაში დიდი დამსახურება მიუძღვოდა მამიდას მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს. სხვათაშორის, ეს ის ქალბატონია, რომელმაც უკანასკნელად ნახა ილია ჭავჭავაძე თბილისში. წინა საღამოს ოლღასთან მისულა სტუმრად - ოლღა, თურმე, კარტს შლიდა და ოხრავდა, ცუდი კარტი ამოდის, ილიამ იქნებ საგურამოში წასვლა გადაიფიქროსო. ილიას არ გადაუფიქრებია, მეორე დღეს კი ის წიწამურთან მოკლეს.
- ივანე ჯავახიშვილი თბილისში მეუღლესთან ერთად კალინინის ქუჩაზე (ახლანდელი ჯავახიშვილის ქუჩა) ცხოვრობდა, ამ შენობის ერთ მხარეს იყვნენ ჯავახიშვილები, მეორე მხარეს - საქართველოში პროფესიული ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლის კიტა აბაშიძის ოჯახი - მისი მეუღლე თეკლე და ივანეს მეუღლე ანასტასია დები იყვნენ. დღეს იმ სახლში - ერთ ფლიგელში ცხოვრობენ კიტა აბაშიძის შთამომავალი ქეთინო აბაშიძე თავის ვაჟთან ერთად და მეორეში - ივანე ჯავახიშვილის შვილის - ნათელას შვილიშვილები - პაატა ჯავახიშვილი და ლევან ცინცაძე (აქ ცხოვრობდა ცოტნე ჯავახიშვილიც, რომელიც ამჟამად ამერიკაშია):
- უჩვეულო იყო ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალება...
- თუ კი არსებობს ბუნებაში რაიმე კანონზომიერება, ივანე ჯავახიშვილი ისე უნდა გარდაცვლილიყო, როგორც გარდაიცვალა. 1940 წლის 18 ნოემბერს სოლოლაკში მდებარე ხელოვნების მუშაკთა სახლში საღამოს 8 საათზე ლექცია უნდა წაეკითხა - ამ ლექციის მოსაწვევი დღესაც შენახული მაქვს. თურმე, სახლში უთქვამს, შეუძლოდ ვარო, მაგრამ არ დარჩენილა - სირცხვილია, ბევრი ხალხი მოვა, მოსაწვევები დარიგებულიაო. დაიწყო ლექცია და სიტყვა შუაში გაუწყდა (ლეგენდად ამბობენ, რომ „თათრის" წარმოთქმის შემდეგ). როგორც ჩანს, გულმა უმტყუნა. გვერდით ოთახში მაგიდაზე დააწვინეს, მაგრამ ვერ უშველეს. ლექციას ესწრებოდნენ აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, სხვა მეცნიერები, ოჯახიდან - მისი ქალიშვილი ნათელა. საერთოდ, ივანეს ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ჰქონდა შერყეული, სტუდენტობისას თბილისში არდადეგებზე ჩამოსვლის დროს შაბით მოიწამლა - საკონდიტროში ის ნამცხვარი მიირთვა, რომელსაც ზემოდან დანაყული შაქარყინული ეყარა - როგორც აღმოჩნდა ნამცხვრისთვის შაქარყინული იმავე თასში დანაყეს, სადაც შაბსაც ნაყავდნენ. იმ ნამცხვრებით მაშინ რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, ორი გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ ივანე მთელი ცხოვრება დიეტაზე იყო, არ შეიძლებოდა მისთვის ცხიმიანი და სხვა მსუყე კერძების მირთმევა. მუდმივმა დაძაბულმა შრომამაც თავისი გაიტანა და 64 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. ივანეს შემდეგ ბებიამ დიდხანს იცოცხლა, არასდროს დაუწუწუნია და, სხვათა შორის, მეუღლეზე არ საუბრობდა. შარშან ხელნაწერთა ინსტიტუტმა გამოფინა ივანესა და ანასტასიას პირადი წერილები. ჩემთვის უცხო იყო ის სიტყვები, რაც იქ ამოვიკითხე, იმიტომ, რომ ასეთი ბებია მე არ მახსოვს, ზედმეტი საუბარი არ უყვარდა, მკაცრი იყო და შვილიშვილებს მხოლოდ ამას გვაფრთხილებდა: ერთადერთი, რაც გევალებათ, არ შეარცხვინოთ ივანე ჯავახიშვილის სახელიო.
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"
5 მაისი, 2014 წ.