2014 წლის 2 მაისს 8 წელი შესრულდა ე.წ. კორტების სისხლიანი სპეცოპერაციიდან, როცა თბილისში, სანაპიროზე, პოლიციელებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და მასთან ერთად მყოფი ალექსანდრე ხუბულოვი. ამ ტრაგედიის ადგილას წლეულს კვლავ შეიკრიბნენ ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები, ნიშანდობლივი კი ერთი რამ იყო - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, არ შეცვლილა დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახისა და საზოგადოების მოთხოვნა - დაისაჯონ მკვლელები! „ასავალ-დასავალს" ესაუბრება ზურა ვაზაგაშვილის მამა, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლეს" ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი:
- სამწუხაროდ, ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ იმედი გაგვიცრუა! დღეს ხელისუფლებაში მოკალათებულთა უმეტეს ნაწილს ოპოზიციაში ყოფნის დროს პიგრზე ეკერა ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების სახელები, ყველა მიტინგს ამ თემით იწყებდნენ და ამთავრებდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი დახვრეტილი შვილები უცბად დაავიწყდათ!
წელიწადნახევარზე მეტი გავიდა, რაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ ესენი და ამ ხნის განმავლობაში ერთი საქმის გამოძიებაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, მხოლოდ ტელეშოუების მოწყობით არიან დაკავებულნი, ხან ერთს დაიბარებენ დაკითხვაზე, ხან - მეორეს! დაკითხვა კი არა, დიდი ხანია, გასამართლებული უნდა ჰყავდეთ!
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი შვილის მკვლელობის ადგილას ისევ იმ პლაკატებით მომიწია მისვლა, რითაც წინა ხელისუფლების დროს მ ივდიოდი! დიახ, ნამდვილად არ მეგონა, რომ ისევ მექნებოდა მოთხოვნა - დაისაჯონ მკვლელები!
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ისევ ვერ ეღირსა ნორმალური ხელისუფლება!
ის კი არა, ბატონი ირაკლი ალასანია გამოდის და აცხადებს, ნაციონალური მოძრაობისათვის ბევრი რამის პატიება მოგვიწევსო. გაოგნებული დავრჩი ალასანიას ამ განცხადებით!
- ირაკლი ალასანიამ თავისი პირდაპირი მაგალითი მოიყვანა, მე აფხაზებს მამაჩემის დახვრეტა ვაპატიეო...
- კი ბატონო, ირაკლი ალასანიას მამა გმირულად დაიღუპა, მაგრამ ის იყო ომი და ომში სიკვდილისაგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენი შვილები ომში უცხოს არ დაუხოცია, ისინი ქუჩებში დახვრიტა ჩვენივე ქვეყნის ხელისუფლებამ.
ალასანიას ის მაინც ეთქვა,იმათ უნდა ვაპატიოთ, ვისაც მძიმე დანაშაული არა აქვს ჩადენილიო. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ განცხადების გამო ძალიან განაწყენებულია ბატონ ირაკლიზე. პირადად მე, ლამის სიგიჟემდე ვარ მისული.
თქვენი გაზეთის საშუალებით კატეგორიულად მოვითხოვ, გამოვიდეს ირაკლი ალასანია და აგვიხსნას, ჩვენ ჩვენი შვილების დახვრეტა როგორ ვაპატიოთ ნაცმოძრაობას და იმ მკვლელებს, რომლებიც ამ ხელისუფლებაშიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ?!
დიახ, იმის მაგივრად, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის დროინდელი მკვლელებისა და დამნაშავეებისაგან გაასუფთაონ, პირიქით, მათ პატიებაზე გველაპარაკებიან! გვპირდებოდნენ, კოჰაბიტაცია საპრეზიდენტო არჩევნების დღესვე დამთავრდებაო, მაგრამ კი არ დამთავრდა, უფრო ღრმად გაიდგა ფესვები!
- როგორ ფიქრობთ, თუ „ქართული ოცნება" მართლაც ბევრ რამეს აპატიებს ნაციონალურ მოძრაობას, მერე ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას" ამას აპატიებს?
- ხალხი ისეა განაწყენებული და იმედგაცრუებული, „ქართულ ოცნებას" აღარაფერს აპატიებს, მითუმეტეს, მკვლელებთან და დამნაშავეებთან კოჰაბიტაციას აღარ შევეგუებით.
ჩემნაირი გაუბედურებული ხალხი, ყოფილი პოლიტპატიმრები, უკანონო პატიმრები, ქონებაწართმეული ხალხი დავდგებით ერთად და ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, სამართლიანობა აღადგინოს. დიახ, ვაიძულებთ და ვნახოთ ერთი, რას დაგვიპირისპირებენ, ვნახოთ, ისე დაგვარბევენ თუ არა, როგორც წინა ხელისუფლება გვარბევდა.
ჩვენ, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივადგებით!
- შინაგან საქმეთა სამინისტროს რატომ?
- იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძველი ზონდერებითა და მკვლელებით არის სავსე და ბატონი ჭიკაიძე მათ პირადად მფარველობს!
- ბატონო იური, არა მგონია, ასე იყოს!
- რა არ გგონიათ?
- რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დამნაშავეებს მფარველობდეს!
- თუ არ გგონიათ, მე ამის კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ!.. როცა პროკურატურაში მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ მკვლელობის თანამონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, რომელ გამოძიებაზე და სამართალზე შეიძლება ლაპარაკი?! პროკურატურამ როგორ უნდა გამოიძიოს ეს საქმე?!
მე პროკურატურას ხელს კი არ ვაფარებ, მაგრამ, როცა სამართლიანობის აღსადგენად პოლიტიკური ნება არ არსებობს. იქ პროკურატურა უძლურია!
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ჭიკაიძეს ჩემი შვილის მკვლელი გიორგი დალაქიშვილი ჰყავს დანიშნული.
- ბატონო იური, ძალიან გთხოვთ, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, ძალიან მძიმე ბრალდებას უყუნებთ ამ პიროვნებას...
- მე გამწარებული მამა ვარ, ვინც იმ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ჩემთვის სუყველა ჩემი შვილის მკვლელია და თქვენ როგორც გინდათ, ისე დაწერეთ...
ბატონ ჭიკაიძეს რომ შევხვდი, მითხრა, დალაქიშვილი არაფერ შუაშია, სპეცოპერაციის ადგილას 150 მეტრით იყო მოშორებულიო. მე ყველა მტკიცებულება დავუმალე მინისტრს, მათ შორის, თავად დალაქიშვილის ჩვენება, რომელშიც წერს, რომ ჩემი შვილის მანქანასთან 150 მეტრში კი არა, 2 მეტრში იდგა.
გიორგი ცააძე მოსკოვში იყო გაქცეული და ახლა თბილისში დაბრუნდა. გეკითხებით, გაქცეული კაცი უკან რა შემთხვევაში ბრუნდება? მაშინ, როცა ხელშეუხებლობის გარანტია აქვს მიღებული.
იმის მაგივრად, რომ ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები ბატონ ჭიკაიძეს გამოძიების დასრულებამდე მაინც გადაეყენებინა თანამდებობიდან, ადგა და ისინი დააწინაურა!
- ვინ დააწინაურა?
- ორენჩ მირზოევი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობიდან გადაიყვანა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მის ადგილას კი ნიკა სამარღანაშვილი დანიშნა, რომელიც ასევე უშუალოდ მონაწილეობდა ჩემი შვილის მკვლელობაში.
მე პირადად გეუბნებით, ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას" სისხლიანი დამნაშავეების მფარველობას არ აპატიებს!
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ისევ ვქმნით დიდ გაერთიანებას. შევიმუშავეთ მიმართვა და გთხოვთ, რომ გამოგვიქვეყნოთ თქვენს პოპულარულ გაზეთში, რომელაც მთელი საქართველო კითხულობს.
უახლოეს ხანებში დიდ ყრილობას ჩავატარებთ და გადავწყვეტთ, არის თუ არა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი?!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"
5 მაისი, 2014 წ