ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გუშინ პოლიტიკური პარტია „ამცახარასა" და საზოგადოების წარმომადგენლებთან მრავალსაათიანი შეხვედრისას ანქვაბმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„დაახლოებით 21:15 საათზე, პრეზიდენტი დამოუკიდებლად მივიდა სოხუმის მეორე საქალაქო საავადმყოფოში, სადაც კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. გამოკვლევების შემდეგ, პაციენტს ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზი დაუსვეს. დღეს დილისთვის სპეციალისტები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურს. არტერიული წნევა და სხვა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია", - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.