reportiori.ge - ამირან ბიწაძე: ვიცი იმ სპორტსმენების ვინაობა, რომლებიც ჩემს წამებაში მონაწილეობდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:16
პრეს-დაიჯესტი
ამირან ბიწაძე: ვიცი იმ სპორტსმენების ვინაობა, რომლებიც ჩემს წამებაში მონაწილეობდნენ
ავტორი:
08 მაისი, 2014. 12:08



"მხარი, იდაყვი, ხელის მტევანი, კოჭი და წვივი მოტეხილი მქონდა"


"199-ე საკანში რომ შემიყვანეს, პატიმრები ხმას არ იღებდნენ. წინაღამეს საკნიდან ორი ადამიანი გაუსვენებიათ, ცემით მოკლესო" 


"მადლობა ღმერთს, რომ ეს კოშმარი დამთავრდა"


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მძლეოსანი და კარატისტი ამირან ბიწაძე, რომელსაც არაერთი მოწინააღმდეგე დაუმარცხებია რინგზე, საშინელი ძალადობის და წამების მსხვერპლი გახდა. არადა, იგი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამბობს, რომ სააკაშვილის გუნდის სამიზნე განსხვავებული აზრის გამო გახდა... გლდანის საპყრობილეში ორი თვე გაატარა და იმ პირობით გამოუშვეს, თუ საქართველოს დატოვებდა. 


ამირან ბიწაძე: - მიშამ მტრად იმ დღიდან გამომაცხადა, მარჯანიშვილზე აქციის მონაწილეები რომ დახვდნენ, მათ რიცხვში მეც ვიყავი. პოლიციელები მომიტინგეებს დაერივნენ, მე კი ხალხს ვშველოდი. მაშინ სიძულვილით შეპყრობილმა სააკაშვილმა ჩემი განადგურება გადაწყვიტა. პირველად 2009 წლის 28 მაისს დამიპირეს დაკავება.  რუსთავში, ჩემს სახლში, მეუღლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. თბილისში კარვები იყო გაშლილი და აქციები იმართებოდა. სახლთან უამრავი ძალოვანი მოგროვდა. მივხვდი, ჩემი და ჩემი ძმის, ტარიელის (ტარიელ ბიწაძე მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია. - ავტ.) დაკავებას აპირებდნენ. მაშინვე დავურეკე ჩემს ნათესავს, ბადრი ბიწაძეს... განყოფილებაში წაყოლა მომთხოვეს,  შენმა მოწაფემ ვიღაც დაჭრაო, გვარიც არ იცოდნენ... 


ამ დროს ნინო ბურჯანაძეს მიტინგზე გამოუცხადებია, რუსთავში მივდივარ, იქ სპეცოპერაცია იგეგმებაო. არ ვიცი, ეს იყო მიზეზი თუ სხვა ბრძანება მიიღეს, მაგრამ ფაქტია, წავიდნენ. მეორე დღეს, ჩემი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მაღაზიაში საგადასახადო შევიდა - რუსთავში ტექნიკის მაღაზია გვქონდა. მისი დაკავება მოინდომეს, ამით ჩემი გამწარება უნდოდათ. ვიღაც ზურასთან შემიყვანეს, უფროსიაო. მეუბნება, - გაფრთხილებ, ყველაფერი ვიცი თქვენზე და ჯობია ყველაფერი აღიაროო. მაშინ დავემუქრე, თუ დავაშავე, მზად ვარ, პასუხი ვაგო, მაგრამ მეუღლეს თუ რამეს მოუწყობთ, კაცი არ ვიყო, თუ არ მოგკლა-მეთქი. საბუთების ფალსიფიცირებას გვედავებოდნენ, საბოლოოდ 3 800 ლარით დამაჯარიმეს. მეუღლის გამო დავთმე. 


2009 წლის 2 აგვისტოს კი ბიძაშვილთან, დათო ბენდელიანთან ერთად მანქანით ცხვარიჭამიის გზაზე მივდიოდით, როცა "ჯიპმა" გზა ჩაგვიჭრა. ახლობელი მეგონა და მანქანა გადავაყენე. უცებ ჩემ გვერდით სამარშრუტო ავტობუსი გაჩერდა, უკან - "ნივა", "ბმვ" და "07" - ალყაში მომაქციეს. მივხვდი, რაღაც ხდებოდა და დათოს ვუთხარი, არ გაინძრე-მეთქი. მანქანებიდან ნიღბიანები სროლა-სროლით გადმოცვივდნენ, შესაშინებლად ჰაერში ისროდნენ... უცებ ვიგრძენი, რაღაც მომხვდა ფერდში... (როგორც შემდეგ გავარკვიე, რეზინის ტყვიები ყოფილა) ჩემი ბიძაშვილი მანქანიდან გაიტაცეს, მე საჭეს ჩავებღაუჭე და წმინდა გიორგის დახმარება შევთხოვე, ამ საშინელებიდან ვაჟკაცურად გამომიყვანე-მეთქი. მერე ღვთისმშობლის ლოცვაც წავიკითხე... 



უცნაურია, მაგრამ უცებ თვალწინ ჩემი შვილები და ჩემი ცხოვრება კადრებად  დამიდგა. მშობლები ადრე დამეღუპნენ და გავიფიქრე, ნუთუ მეც ადრე უნდა მოვკვდე-მეთქი, ჩემი ოჯახი შემეცოდა... მერე ისევ რეალობაში დავბრუნდი. მანქანიდან ჩემს გადმოთრევას ცდილობდნენ, მივხვდი, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა... არმატურით მცემდნენ, იმდენი მირტყეს, ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, მერე ვიღაცამ ელექტროშოკი მომადო და ავყვირდი. უნდა გენახათ, როგორ გაუხარდათ. მერე კიდევ 5-ჯერ მომადეს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შიგნით მთელი სხეული დამეგლიჯა. ვყვიროდი, თუ მკლავთ, კაცურად მაინც მომკალით-მეთქი... 


ჩემს წამებაში მორაგბეები და მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ნიღბები ეკეთათ, მაგრამ მათი ვინაობა ვიცი, მალე დავასახელებ. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც არიან... სამარშრუტო ავტობუსის ჭერზე სისხლის კვალი შევნიშნე, გავიფიქრე, ის მანქანა ხომ არ არის, სადაც გია კრიალაშვილი მოკლეს-მეთქი... დამაგდეს და წიხლებით შემდგნენ, თან არმატურას მირტყამდნენ. პარალელურად, ვიღაცას რაციით ელაპარაკებოდნენ. მერე, წავედითო და მანქანა დაიძრა.


- თქვენს ბიძაშვილს რა ბედი ეწია?

-  ნაცემი იქვე დააგდეს. მერე მომიყვა, ძირს დაგდებულს ავტომატის ჯერი როგორ გადაატარეს. ხელი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი, ფეხიც მოტეხილი ჰქონდა, თვალი დასივებული. მითხრა, ვხედავდი, ყველა ტყვია როგორ აკრიფეს და, რაც ყველაზე ამაზრზენია, ამ საშინელებას კამერით იღებდნენო. სადისტები არიან, ამის ყურებით იღებდნენ სიამოვნებას. დათო გამვლელებმა აღმოაჩინეს... სამწუხაროდ, იმავე წელს, 41 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა... 


- თქვენ სად წაგიყვანეს?

- სასაფლაოსკენ, სადღაც გორაზე, ირგვლივ ტრიალი მდელო იყო. მანქანიდან გადმომაგდეს, იქ ვიღაცები დაგვხვდნენ, მხოლოდ მათ ფეხებს ვხედავდი. ისევ განაგრძეს ჩემი ცემა. სამარშრუტო ავტობუსის საბურავს ჩავებღაუჭე, თავი შიგნით შევყავი და ვცდილობდი ასე დამეცვა თავი დარტყმისგან. ისეთი გამწარებული ვიყავი, გავიფიქრე, 2-3 კაცს მივახრჩობ-მეთქი...


- არ ჰკითხეთ, რას გერჩოდნენ?

- ვყვიროდი, რატომ მკლავთ-მეთქი. ჩვენიანებს რომ ურტყამდი, აბა რა გეგონაო. ვუხსნიდი, არავისთვის დამირტყამს, ხატის წინ დავიფიცებ-მეთქი და ამ დროს კიდევ დამცხეს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი წამება, მერე ვიღაცამ დაიძახა, მანქანით გადავუაროთო. აიტაცეს ეს იდეა და მარჯვენა ხელზე გადამიარეს, მერე იქაურობა დატოვეს... 


გონს რომ მოვედი, ჩემი დაცხრილული მანქანა შევნიშნე, ეტყობა, ვიღაც ჩემი მანქანით უკან გამოგვყვა... ძლივს მივღოღდი იქამდე, გასაღები ამოცლილი ჰქონდა. წყალი მწყუროდა საშინლად, საქარე მინის საწმენდის პლასტმასის ბაკი ამოვგლიჯე და ის წყალი დავლიე. მანქანაში რომ ჩავჯექი, მერეღა დავინახე, რომ ქვევით უამრავი ქვეწარმავალი ირეოდა. კარი მოვხურე, შემეშინდა გველს არ დავეგესლე და ისევ ლოცვა დავიწყე. 


4-5 საათი ვიყავი ასე... თავს როგორც კი წამოვყოფდი, ღებინება მეწყებოდა. ჭრილობაც საშინლად მაწუხებდა, სიმწრით ერთი ტყვია ამოვიძვრე. ვიგრძენი ბლანტი სისხლი როგორ წამოვიდა. ძალა დავკარგე, კანკალი დამაწყებინა. რომ მოვსულიერდი, შევნიშნე, მანქანაში რაღაც ხახვის ნაჭრებივით ეყარა. გამიკვირდა, ხახვს აქ რა უნდოდა-მეთქი, ერთს ხელი წავავლე და ჩემი დაფლეთილი ხორცი შემრჩა. მერე მანქანის ჭერზეც ვნახე მიკრული, ეტყობა, რეზინის ტყვიები რომ დამიშინეს, მაშინ ხორცი მანქანაში მიმოიფანტა. 


4 სმ სიგრძის ტყვია იყო. ახლო მანძილიდან ნებისმიერ ადამიანს მოკლავს. ორი ცალი მქონდა ფერდში, მეორე ტყვიას ვერ მივწვდი, თორემ მასაც ამოვაძრობდი... მერე მოშორებით ადამიანები შევნიშნე და ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი... სასწრაფოთი ღუდუშაურში გადამიყვანეს. მხარი, იდაყვი, ხელის მტევანი, კოჭი და წვივი მოტეხილი მქონდა. ნინო ბურჯანაძემ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩემი ამბავი. ეუთოს წარმომადგენელი პიტერ სემნები ორჯერ შემხვდა, ნუ გეშინია, აწი არაფერი მოგივაო. ვუთხარი, პრეზიდენტისგან ამის პირობა მიიღეთ-მეთქი? პასუხი ვერ გამცა.


- საქმე არ აღძრულა? 


- ჩემი საქმე მტვრიან კუთხეში დევს დღესაც. ახლა ერთს ველოდებოდი, რომელმაც იცის ყველაფერი. ისიც ჩამოვიდა საქართველოში, განდევნილი იყო ჩემსავით.

(გაგრძელება გვ7.)


- თქვენ როდის დატოვეთ საქართველო?


- შარშან დამაპატიმრეს. გლდანის ციხეში ორი თვე  გავატარე. თურმე ბავშვობისას მე ვავარჯიშებდი ციხის მაშინდელ დირექტორს, დავით ხუჭუას და მინისტრის მოადგილეს. ამიტომ არ მცემეს. 29 წლის ხუჭუა 46 წლის კაცს მეუბნება, ხომ იცი, ჭკვიანად უნდა მოიქცეო. 


- დაპატიმრების საფუძველი რა იყო?


- ივანიშვილს პოლიტიკური მოქმედებები დაწყებული ჰქონდა და თურმე ვიღაცას ჩემი კანდიდატურა შეუთავაზებია. ეტყობა, ეს გაიგეს... ბრალი კი სხვა რამე იყო. თბილისიდან ვინმე ხვედელიძე ჩამოვიდა რუსთავში და ჩემი სახლის შესასვლელთან ძაღლივით მოშარდა. მის ცემაში მადანაშაულებდნენ. ის რომ მეცემა, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა. ხელი მოვკიდე იღლიებში და ღობეზე მივაკარი, უცებ ყვირილი ატეხა და მივხვდი, პროვოკაციას მიწყობდნენ. სასწრაფოდ შინ შევედი. ხვედელიძე პრობაციონერი აღმოჩნდა. ხვედელიძის სხეულის დაზიანებაში დამდეს ბრალი და 2012 წლის 12 მაისს დამაპატიმრეს... მახსოვს, 199-ე საკანში რომ შემიყვანეს, პატიმრები ხმას არ იღებდნენ. წინა ღამეს საკნიდან ორი ადამიანი გაუსვენებიათ, ცემით მოკლესო. პატრიარქის ჩარევით გამიშვეს ციხიდან და პირობა წამომიყენეს, რომ საქართველოდან წავსულიყავი. 3 თვე ვიყავი რუსეთში, პატრიარქის კურთხევით დავბრუნდი არჩევნების შემდეგ.


ოჯახი გაფრთხილებული მყავდა, თუ ისევ "ნაციონალები" მოიგებდნენ, სახლი გაეყიდათ და ყველანი წამოსულიყვნენ. არადა, რატომ უნდა დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა? როგორც სპორტსმენს, იაპონელები, ჰოლანდიელები, ფრანგები მთავაზობდნენ თავიანთ ქვეყანაში დარჩენას, მაგრამ მე სამშობლოში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს, რომ ეს კოშმარი დამთავრდა. მჯერა, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს ჩემი წამების გამო. დამოუკიდებლად ვატარებ გამოძიებას და ვიცი ბევრი იმ სპორტსმენის ვინაობა, რომელიც ჩემს წამებაში მონაწილეობდა. 


თქვენ არ იცით, სააკაშვილი და მისი გუნდი რა საშინელებებს სჩადიოდნენ, თან ამ ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდნენ და მერე ყურებით ტკბებოდნენ. ყოფილი ძალოვანი დაშნიანი 2009 წელს სასტიკად აწამეს იმის გამო, რომ მათი დაკვეთების შესრულებაზე უარი თქვა. სასაფლაოზე აიყვანეს, ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს და ზემოდან დააშარდეს. ასეთი ავადმყოფები და მაზოხისტები იყვნენ. ესენი დაუსჯელები არ უნდა დადიოდნენ.



(თეა ხურცილავა, „კვირის პალიტრა“)



ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016