ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ფიქრობს, რომ "რუსთავი 2"-ის უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ და მისმა კოლეგებმა იცრუეს. ამავდროულად, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მამუკა ღლონტი კოლეგებად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ტელეპროდიუსერი Facebook-ის პირად გვერდზე წერს:
"გუშინდელი მთავარი ამბის - მიყურადების დამგმობლებს (რომელთა რიცხვში მეც ვარ) მინდა მივმართო და ავუხსნა რატომ არ ვთვლი "რ2"-ელებს კოლეგებად: ყველა "ომი" მთავრდება ზავით, "რ2" ისევე როგორც "მაესტრო" იყო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფი და მონაწილე. "რ2" იბრძოდა აკრძალული წესებით და იყო ბოროტების, სიცრუის და აღარ ჩამოვთვლი ათასი უბედურების ბუდე (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). "მაესტრო" ცდილობდა ყოფილიყო ობიექტური მედია (რამდენად გამოგვივიდა ეს ცალკე ამბავია). დამთავრდა ეს ომი, მაგრამ ვერსად ვნახეთ (ზავი) და მოვისმინეთ "რ2"-ელების მონანიება ან მობოდიშება, გუშინაც როდესაც ნიკა გვარამიამ "მოუბოდიშა" საზოგადოებას იქვე დიდი ტყუილი დააბრეხვა მოსმენებთან დაკავშირებით, როდესაც "რ2"-ელები სოლიდარობას მოითხოვენ, მინიმუმ სიმართლის და ობიექტურობის ბილიკზე მაინც უნდა იდგნენ. მდგომარეობა კი საპირისპიროა ბოდიშს, ტყუილი მოსდევს, ვინ არის ის ვინც მომთხოვს სოლიდარული ვიყო მატყუარასთან? აი, ამიტომ ვერ ჩავთვლი მათ კოლეგებად და ვერ ვიქნები მათდამი სოლიდარული. ჩემი აზრით, "რ2" არც არის მედია საშუალება, რა არის ამას აქ არ დავწერ, არ ეწყინოთ. :))" - წერს მამუკაღლონტი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა. ამასთან, მან ბოდიშიც მოიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.