reportiori.ge - როცა მრწამსი შავია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როცა მრწამსი შავია...
ავტორი:
06 მაისი, 2014. 14:22


გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატია, სადაც ავტორი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობას აფასებს. „რეპორტიორი“ გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.



როცა მრწამსი შავია...


 

 

გასული კვირის მოვლენებმა „წარუშლელი“ შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ჩემზე, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებზე. აშშ-ი გაკეთებულმა თავდაცვის მინისტრის განცხადებამ, დამარწმუნა, რომ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება დიდი ხანია ასცდა მთავარ ღერძს, რომელზეც ნებისმიერმა მთავრობამ უნდა იტრიალოს.

 

ბრძოლა საპარლამენტო სავარძლებისთვის კარგა ხანია დაიწყო, უპირველესად კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერთა ხმაურიანი განცხადებებით, ხშირად არაპატრიოტული, არაპროფესიონალური, ერის და ქვეყნის ფეხზე დაკიდებით. თუმცა, რა დროს ერი და ქვეყანაა, როდესაც შენი პირადი საქმე გაქვს გასაკვარახჭინებელი?!

 

საკუთარი პოზიციების აშკარა გაკვარახჭინების მაგალითი იყო ალასანიას ამერიკული განცხადება, რომლის არსი ასეთია – საქართველო,რომ გადაურჩეს რუსეთის აგრესიას, საჭიროა NATO-ს მიერ რუსეთის შეტევის შემაკავებელი სამხედრო იარაღის განთავსება საქართველოში.

 

მადლობა მინისტრს, საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის, მაგრამ მართლა საქართველო ადარდებს ამის მთქმელს, თუ საკუთარი პერსონა?

 

ჩავუღრმავდეთ მინისტრის ნათქვამს, ერთის შეხედვით, ცუდი არაფერია ამ ნათქვამში, მაგრამ ეს პოლიტიკური დილეტანტებისთვის. მინისტრი მოითხოვს NATO-სგან თავდაცვითი სისტემების განლაგებას არწევრ ქვეყანაში, რაც თავისთავად უტოპიაა. NATO-ს არაწევრ ქვეყანაში კი არა, წევრ სახელმწიფოშიც, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ასე ჰაი-ჰარად რომ არ ხდება, მინისტრმა უნდა იცოდეს. თუ არ იცის, არც ეს არის გასაკვირი, ვინაიდან პროფესიონალი პოლიტიკოსი, დიპლომატიაში ნამსახურები იმდენ შეცდომებს უშვებს თავისი გამოსვლების დროს, რომ უკეთესს ვერ ინატრებდნენ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები.

 

დავუშვათ, რომ არ იცის ეს „ნიუანსები“, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ თავდაცვითი სისტემის განთავსება სწრაფად და ოპერატიულად არ ხდება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პროცედურა დროშია გაწელილი. ხუმრობა ხომ არ არის, NATO-ს წევრი ქვეყნების შეჯერება ამ საკითხზე?

 

დავუშვათ, რომ შეჯერდნენ, იარაღის განთავსებას დრო სჭირდება. ამასობაში უკრაინის კონფლიქტიც მოთავებული იქნება და NATO-რუსეთს შორის ურთიერთობებიც – გარკვეული. რუსეთის შიშით ითხოვს ალასანია NATO-ს იარაღს?

 

დავუშვათ, ეს პრობლემაც დავძლიეთ და იარაღიც განთავსდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვინ მოემსახურება ამ იარაღს? არ მითხრათ, ქართველი სამხედროებიო! გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ აშშ-სთვის მიმართული წინადადება – რუმინეთ-ბულგარეთში კი არ განათავსოთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, არამედ აქართველოშიო.

 

ვაშინგტონმა შეაქო სააკაშვილის თავგასაპნულობა, მაგრამ ისიც დაამატა, ამ სისტემების მომსახურებას ქართველები ვერ უზრუნველყოფენო.

 

ის, რასაც ალასანია ითხოვს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები არ არის, მაგრამ არც არაფრით ჩამორჩება მათ. განლაგების შემთხვევაში მომსახურება NATO-ს სამხედროებმა უნდა უზრუნველეყონ. იქ, ქართველი სამხედრო, მხოლოდ მესამეხარისხოვანი დამხმარე პერსონალი იქნება.

 

რას ნიშნავს ეს?

 

უპირველეს ყოვლისა, NATO-ს ჯარის შემოყვანას საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა ერთი სამხედრო იქნება, თუ ასი – მთავარია ფაქტი – NATO-ს ანტირუსული რაკეტების განთავსება, რაც თავისთავად არის, ისედაც მტრულად განწყობილი რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანება, შესაძლოა აგრესიამდე. რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს NATO-ში გაწევრების და NATO-ს საბრძოლო იარაღის საქართველოში განთავსება „დე ფაქტო“ NATO-ში შესვლად აღიქმება მისი მხრიდან.

 

მინისტრი, რომელიც ესოდენ მყვირალა მოთხოვნით წარდგა ამერიკელთა წინაშე – არის თუ არა შორსმჭვრეტელი? პასუხი თქვენთვის მომინდვია.

 

ჩემის აზრით კი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც მსგავსი მოწოდებთ მიმართავს რუსეთის ნომერ პირველ მტერ აშშ-ს, არის რუსეთის გამაღიზიანებელი, პირი, რომელიც ვერ ან არ ზომავს რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც ამ განცხადებას, აღარაფერს ვამბობ ქმედებაზე.

 

მავანი იტყვის, რა მოხდა, წამოსცდაო. კეთილი, მაგრამ თავდაცვის მინისტრს არ უნდა წამოსცდეს, ვინაიდან მისი თითოეული სიტყვა პოლიტიკურ საცერში ტარდება.

 

ალასანიამ გააკეთა სკანდალური განცხადება, მაგრამ მარტო ალასანიამ?

 

თავდაცვის მინისტრს ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა თავისთავზე არ უნდა აეღო. მსგავსი სახის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი უნდა აკეთებდეს ან საგარეო საქმეთა მინისტრი, თან იმის მოხსენებით, რომ ასრულებს პრეზიდენტის ან პრემიერის დავალებას. ალასანიას არც ერთი არ უხსენებია, ანუ თავად გამოხტა სამგლე გოჭივით, რაც მისთვის დამახასიათებელია.

 

რა გაეწყობა, კაცს დიდი პოლიტიკისკენ უწევს გული, ეს, კი უბრალოდ, იმის მაუწყებელია, რომ ხელისუფლებაში არავითარი სუბორდინაცია არ არსებობს, ვისაც რა სურს, იმას გაიძახის, თანაც უცხოეთში, ვინაიდან იქ ნათქვამი უფრო წონადია. სად სენატორ მაკკეინისა და მის მსგავსთა კამპანიაში ნათქვამი და სად თბილისში გაკეთებული განცხადება.

 

ალასანიას ნათქვამი უმალ აიტაცა „რუსთავი-2“-მა და თბილისში მყოფი აპატურაი სპეციალურად მიიწვია სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროდ. ჟურნალისტმა კატეგორიულად მოსთხოვა პატივცემულ ჯეიმსს, ალასანიას „ბრძნული“ წინადადების კომენტირება და საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება.

 

ამ ტელეკომპანიის და მისი ჟურნალისტების საყურადღებოდ – აპატურაი არის ბრიუსელის ერთ-ერთი მოხელე, რომელიც ვერაფრით იტყვის, საქართველოს მისცემენ თუ არა „მაპს“. აპატურაის ნათქვამი ვის რად სჭირდება, როდესაც „NATO-ს“ ყველაზე დიდმა შეფმა ობამამ ბრძანა – საქართველო არ დგას NATO-ს გზაზეო. სამწუხაროდ, ასეთი ჟურნალისტების წყალობით, ჩვენ იმ ქვეყნად ვიქეცით, რომელმაც თავმოყვარეობა დაკარგა და სულ მუდამ ყელგამოწვდილ ხვეწნაზეა გადასული, აპატურაი ვინ არის და იმასთანაც.

 

დავუბრუნდეთ ჩვენს „ბიჭუნა“ თავდაცვის მინისტრს. მსგავსი განცხადება, თუნდაც პრეზიდენტ-პრემიერის დავალებით, მიუღებელია. მოთხოვნის წყარო ქართველი ხალხი უნდა იყოს, რამეთუ NATO-ს ჯარის საქართველოში განლაგება ხალხის და არა მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა კი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს მიტმასნილ, „NATO-ში“ შესვლის საკითხით აპელირებს.

 

არადა „NATO“-ში ყოფნა-არყოფნა გაცილებით სერიოზული თემაა, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, თუ არ წავიდნენ, წაიყვანენ, რის მაგალითებიც უხცვადაა საქართველოში, აი, NATO-ში ყოფნა-არყოფნა მთელი ქვეყნის საკითხია. 2008 წელს არავის მიუქცევია ყურადღება ამ საკითხისთვის, მთავარი იყო პრეზიდენტის არჩევა, ცხადია, არა სააკაშვილის.

 

მაშინ არჩეული სააკაშვილი აღარ არის, ხოლო არჩევნებს მიტმასნილი საკითხი, ხალხის მიერ არასერიოზულად აღქმული, მაგრამ ამერიკელთა მიერ სერიოზულად გაბუქებული, სავალალო დღეში აგდებს ქვეყანას.

 

დღევანდელ, ისე, როგორც წინანდელ ხელისუფლებას, ხელზე აქვს დახვეული მაშინდელი პლებისციტის შედეგები და ცხვირწინ გვიფრიალებს, თქვენ არ გადაწყვიტეთ 70-ზე მეტი პროცენტითო?

 

ამას წინათ, ალასანიას მეგობარმა მინისტრმა პეტრიაშვილმა ისიც კი ბრძანა – საქართველოს მოსახლეობის 85 % მოითხოვს NATO-სა და ევროკავშირში შესვლასო. ასეთ დროს, ისღა დაგვრჩენია, დავიგინოთ, მტყუანის?!

 

ალასანიას, პეტრიაშვილის და მათი მსგავსი „პოლიტიკოსები“ პოლიტიკური სიცოხლე პეპელას ჰგავს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი შეცდომა ხანგრძლივია. NATO და ევროკავშირი ისეთი თემებია, ძალაუნებურად რომ ითხოვს ხალხის აზრს, ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხმა, ქვეყანამ არ უნდა იცეკვოს ვიღაცის, თუნდაც ხელისუფლების დაკრულზე. მას თავისი მუსიკა უნდა ჰქონდეს, მის არსებაში გაჟღენთილი, ის, არ უნდა მიჰყვებოდეს, თანაც ცხვარივით, უსინდისო პოლიტიკურ თხებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ და არა ქვეყანა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

პოლიტოლოგი

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016