„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჟურნალ „გზასთან „ ინტერვიუში ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ ფარული მოსმენების სკანდალზე საუბრობს:
„მართალი გითხრათ, ფარული მოსმენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არც ისეთი ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ხელისუფლებაზე. თუ ეს , რა თქმა უნდა, ხელისუფლების გაკეთებულია, უფრო სწორად შს სამინისტროსი, რისი თქმის საფუძველიც და წინაპირობაც, ჯერჯერობით, ნამდვილად არსებობს.
__ ბატონო ნიკა, ახლა, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს ყველაფერი, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ფარული მოსმენების დანაშაულებრივი პრაქტიკა სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ასეთ ჩანაწერებს „რუსთავი 2" წარმატებით ავრცელებდა?
_ არა, „რუსთავი 2" არაფერ შუაშია, ამ არჩევანს აკეთებდა ხელისუფლება , რომლის ნაწილიც მე ვიყავი. ვერ დავეთანხმები იმას რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივი პრაქტიკა დაიწყო. უბრალოდ, გადაწყვეტილება, თუნდაც ლეგალურად მოპოვებული ფარული მოსმენების გამოქვეყნებაზე სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, შესაძლოა კანონიერი ყოფილიყო, მაგრამ მიზანშეუწონელი იყო. ამიტომ მოვიხადე ბოდიში, რომ ვმონაწილეობდი ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. გულწრფელად გეტყვით: ძალიან ვწუხვარ რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილებებისთვის ხელის შესაშლელად არაფერი ვიღონე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო ინსტიტუტების სრულ დისკრეციას."
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა. ამასთან, მან ბოდიშიც მოიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.