reportiori.ge - ვაჟა ლორთქიფანიძე: დარწმუნებული ვარ, ბადრი მოკლულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:43
ინტერვიუ
ვაჟა ლორთქიფანიძე: დარწმუნებული ვარ, ბადრი მოკლულია!
ავტორი:
12 აგვისტო, 2013. 15:19

„შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ  მიუხედავად ამისა, შეუდარებლად მშვიდად ვარ, რადგან მე ამ ხელისუფლებისგან ბოროტებას არ ველი" - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც დღეს „რეპორტიორის" სტუმარია:

- დღეს ხელისუფლებაში არ მეგულება ადამიანი (განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან), რომელსაც ბოროტების ჩადენა  შეუძლია...

ცხადია,  მიხეილ სააკაშვილი  იმ დონის ბოროტების ჩადენას  ვერ ახერხებს, რასაც მისი ცხრაწლიანი პრეზიდენტობის დროს სჩადიოდა - ვეღარ ანადგურებს ადამიანებს, ვერც ქვეყანას უქმნის დიდ საფრთხეს, თუმცა, თავისი განცხადებებით, ცდილობს,  ახალ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხოს. ახლა რომ განგაშის ზარს რეკავს და აცხადებს,  ქვეყნის ეკონომიკა უკან წავიდაო, სად იყო მანამდე ეკონომიკა?! ის ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა"  გვთავაზობდა,  თვალის ახვევა გახლდათ... რომელ ეკონომიკაზე იყო საუბარი, როდესაც, ლამის, ნახევარ საბიუჯეტო შემოსავლებს პროკურატურა ასრულებდა...

ერთხელ ზურაბ ჟვანიამ მითხრა,  მიშას კარგად ეხერხება დანგრევა, თუ გინდა რამის დანგრევა, სააკაშვილი უნდა მიუშვაო... ვუთხარი, ამას ხელს ნუ უწყობ, თორემ ის, ვინც ყველაფერს ანგრევს, ბოლოს შენც მოგიტრიალდება და დაგანგრევს-მეთქი. ვიციო, - მითხრა... ის ამას აცნობიერებდა... მისი მხრიდან თვალთმაქცობაა ისიც, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს სათანამშრომლოდ ხელს უწვდის.  ვის რაში სჭირდება მისი ხელის ჩამორთმევა?!.

სააკაშვილი ბევრ რამეს არსებული ხელისუფლების ჯინაზე აკეთებს. მან  გუნავას შეწყალებით დესტრუქციული ქმედება ჩაიდინა. ცხადია, პრეზიდენტს აქვს უფლება, დამნაშავე შეიწყალოს , მაგრამ  არ აქვს მორალური უფლება, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი პიროვნება ისევ გუბერნატორად დანიშნოს. თუ დამანაშავე არ არის, რატომ შეიწყალე? და თუ შეიწყალე, რატომ ნიშნავ ისევ თანამდებობაზე?!..

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მას კიდევ შეუძლია  დესტრუქციული ქმედებების ჩადენა, მაგრამ ეს რეალურად სურათს ვეღარ შეცვლის. მე და თქვენ, ცხრა ცხოვრება რომ ვიცხოვროთ, ის არ მოგვივა თავში, რაც სააკაშვილს მოუვა. შლეგი თავისუფალია!..  ბიძინას მთავარი დამსახურება  სწორედ ის არის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორა!

- მას ისევ აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი...

- სააკაშვილი გუშინდელი კი არა, გუშინწინდელი დღეა. მან ყველა პატრონა დასცალა! მისი პიარიც კი გაიცვითა.  ამ ადამიანის აღარავის სჯერა... 

- ბატონო ვაჟა, ზურაბ ჟვანიას თემას მივუბრუნდეთ...

- მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთმანეთის მწვავე ოპონენტები ვიყავით, ზურაბთან ხანგრძლივი და საკმაოდ კარგი, თბილი ურთიერთობა მქონდა... 

სხვათაშორის,  2003 წლის ნოემბერში საააკშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველ ადგილზე ყოფილიყო. მას არც სიების სისწორე ადარდებდა და არც არჩევნების გაყალბება. ასევე, მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკს ბარიერი  არ გადაელახა - ნუ გადაგყავთ ბურჯანაძე ჟვანიას ბლოკი, მათ ხომ მხოლოდ ხუთი პროცენტი აიღესო... სამწუხაროდ, შემდეგ სხვაგვარად განვითარდა მოვლენები...

როდესაც ზურაბი გარდაიცვალა, ცხადია, ეჭვი გამიჩნდა, რომ იგი გაზით არ გაგუდულა. ეს ეჭვი ახლაც მაქვს და ვფიქრობ, სულ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება... გამოვრიცხავ იმას, რომ პროკურატურა სპეციალურად აჭიანურებდეს ზურაბ ჟვანიას და სხვა გახმაურებული საქმეების გახსნას, იმიტომ, რომ ეს საქმეები სააკაშვილამდე მივა!

სააკაშვილს ბევრ რამეზე მოუწევს პასუხისგება -  7 ნოემბრისთვის, 26 მაისისთვის, გირგვლიანისთვის, ვაზაგაშვილისთვის,  სვანეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვაჟკაცურად რომ გამოვიდა და თქვა, ბარამიძესთან რა გინდათ, ეს დავალება მე მივეციო... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!..

- ხომ შეიძლება ამერიკიდან გარანტიები  მიიღოს?!..

- ვის აინტერესებს სააკაშვილი?! ვისთვის დაუფარებიათ ხელი ამერიკელებს, ვისი გულისთვის მოიკლავენ თავს?! არავის ჩაყოლიან საფლავში.  ხომ ხედავთ, რას წერს კონდოლიზა რაისი, ბუში?!. ის, რომ სააკაშვილი პასუხს აგებს, გადაწყვეტილია!

- ბადრი პატარკაციშვილიც გავიხსენოთ, რომლის სახელმაც, სხვათაშორის, სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში გაიჟღერა...

- ბოლო პერიოდში, ჩემმა მიშიკომ  ბადრის თემითაც ისპეკულიანტმა („ჩემი ვაჟიკოო" - რომ მახსენა, ახლა, მეც სიყვარულით მოვიხსენიებ მას) მისი მხრიდან ესეც მორიგი აღვირახსნილი ინტრიგანობაა. მას ყველაფერი აღვირახსნილი აქვს - ცინიზმი, ტყუილი, ცილისწამება... ვითომ, იმის თქმა უნდოდა, რომ ბიძინას ბადრისი ეშინოდა და ბადრი რომ გარდაიცვალა, აღარ დასჭირდა ხელისუფლების მფარველობა და  მათ განუდგა... ეს იყო სააკაშვილის  მორიგი პრიმიტიული ნაბოდვარი. მიცვალებულ ბადრისაც კი  ეომება... სხვათაშორის, დარწმუნებული ვარ, ბადრი მოკლულია! გულით  უეცარი გარდაცვალება ხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა არ იცის, რომ გული აწუხებს. ზოგერ ადამიანს ჩუმი იშემია აქვს...  თვენახევრით ადრე, ბადრიმ ისრაელში გამოკვლელვა  ჩაიტარა  და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ერთ თვეში არ შეიძლება ასეთი ავადმყოფობა მომწიფდეს. გარდა ამისა, დღეს ტექნოლოგია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიaნის უცაბედი სიკვდილი გამოიწვიოს. ჯერ კიდევ სტალინის დროს იყო ე.წ. წამალი - რიცინი, რომელიც ორგანიზმში ნემსით შეჰყავდათ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ინფარქტს ან ინსულტს იწვევდა.  წარმოიდგინეთ, ახლა, ეს ტექნოლოგია, სადამდე იქნება წასული... არის ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმში თუ მოხვდება, ერთი კვირის, ერთი თვის ან სამი დღის შემდეგ   სიკვდილს იწვევს. ზოგიერთი ბაქტერია სისხლში კვალსაც არ ტოვებს, ექსპერტიზამ  რამდენიც არ უნდა შეისწავლოს, კვალს ვერ მიაგნებს. ყველაფრიდან გამომდინარე,  ჩემი შინაგანი რწმენაა, რომ ბადრი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა...

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016