ახლახან, ნიკუშა შენგელაია თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის ბაგრატონთა სამეფო სახლის ორდენით დაჯილდოვდა. მან ეს ჯილდო სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით შეცვლაში გაწეული წვლისლითვის მიიღო. დღეს იგი „რეპორტიორის" სტუმარია და „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ნაბიჯებს აფასებს:
- სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი რამ გამოაშკარავდება და დღის სინათლეს იხილავს...
- პირდაპირ გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ნდობა გაამართლა?
- მან, ჩემი ნდობა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაამართლა! იმდენი რამე აქვს თავისი ხალხისთვის გაკეთებული, რომ... ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ერის მამა, საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი უფროა, ვიდრე პოლიტიკოსი. დიახ, მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და შეცვალა კიდეც სააკაშვილის რეჟიმი.
- ივანიშვილის განცხადებამ ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ ბევრი გაანაწყენა. თვლიან, რომ ჯერ ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი...
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გარბის... იგი, უბრალოდ, ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკაში მოღვაწეობის მეტი გამოცდილება აქვს.
- ალბათ, უკვე, შერჩეული გყავთ კანდიდატი, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერთ...
- სავარაუდოდ, ორ კანდიდატს შორის გავაკეთებ არჩევანს - გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის... ხოლო, თუ ქალბატონი სალომე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილს დავუჭერ მხარს... დანარჩენ კანდიდატებს შორის ღირსეულს ვერავის ვხედავ, ავანტიურისტები არიან...
- არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ხშირად ისმის - ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში შევიდაო...
- არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა თავისი ერთი ადგილისთვის ზრუნავს. ამას ისინი ამბობენ, რომლებიც ადრე ფულზე გაიყიდნენ... ესენი ყველანი გამყიდველები არიან!
- სხვათაშორის, „ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ...
- გამორიცხეთ!... მე გაძლევთ გარანტიას, რომ „ნაციონალები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან! რას უნდა დაეყრდნონ? ელემენტარულად, თანამგრძნობელი ხომ უნდა ჰყავდეთ?! მათი რეიტინგი 5 პროცენტია... სასაცილოა „ნაციონალების" მიერ ჩატარებული პრაიმერი. რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ და რაღაცას ფაფხურობენ... მათ, ხალხი, მგონი, დებილი ჰგონიათ... თითქოს არაფერი მომხდარა... ნაციონალები ნამუსგარეცხილები არიან! ასეთ მდგომარეობაში რომ ჩამეგდო საკუთარი თანამოქალაქეები, ალბათ, თავს მოვიკლავდი! ახლა იცავენ ადამიანის უფლებებს? სად იყვნენ აქამდე? ორივე ხელით თანახმა ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე ძალად გამოცხადდეს!
მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა