reportiori.ge - ვაჟა ჩოხელი: დუშელ ახალგაზრდებს წარმატების მისაღწევად ხელს მაქსიმალურად შევუწყობ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:03
პრეს-დაიჯესტი
ვაჟა ჩოხელი: დუშელ ახალგაზრდებს წარმატების მისაღწევად ხელს მაქსიმალურად შევუწყობ
ავტორი:
09 მაისი, 2014. 14:45



დუშეთის რაიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას შიდა მიგრაცია წარმოადგენს - ახალგაზრდები მუდმივ საცხოვრებლად ქალაქს ირჩევენ  და მამაპაპისეულ სახლს ტოვებენ. შედეგად, განსაკუთრებით სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლები, მოსახლეობისგან, პრაქტიკულად,  დაცლილია. როგორ აპირებს ახალგაზრდა თაობის რაიონში დაბრუნებას და რა კონკრეტული პროექტები დაიგეგმა ამ მიმართულებით, for.ge დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვაჟა ჩოხელს ესაუბრა:

- გასულ წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, 700 ათასი ლარის ფარგლებში შემოსავალი მიიღო, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ პროექტებზე გადანაწილდა. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრასთან ერთად, ხორხისა და სხვა მაღალმთიანი სოფლებიდან, უფასო ავტობუსები დავნიშნეთ, რომლებიც კვირაში ერთხელ ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურებიან. 20 წელზე მეტია, სოფელი ხორხი რაიონს მოწყვეტილია და გადაადგილება მხოლოდ შესაბამისი ტრანსპორტით იყო შესაძლებელი. ამასთან, სტუდენტებისთვის დუშეთი-თბილისის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ ივლიან. ახალგაზრდების 80-მდე განაცხადი გამგეობაში უკვე შემოსულია, სტუდენტურ ბარათებს კი, მათზე უახლოეს მომავალში გავცემთ. მოგეხსენებათ, დუშეთი თბილისიდან 55 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ამიტომ სტუდენტთა უმრავლესობა უნივერსიტეტში ყოველდღიურად სწორედ რაიონიდან დადის. ვფიქრობ, მათი მშობლებისთვის გამგეობის ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან სტიმულს სპორტი წარმოადგენს. მათიჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის კონკრეტული პროექტები დაგეგმილიგაქვთ?  

- რამდენიმე დღის წინ, დუშეთში, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი იმყოფებოდა, რომელთან ერთად უნარ-შეზღუდულთა პანსიონატს საჩუქრები გადავეცით. სპორტი დუშეთში ძალიან უყვართ. “ქართუ ფონდის” ინიციატივით, დუშეთში, უახლოეს მომავალში ღია ტიპის საჭიდაო დარბაზი აშენდება. ამასთან, ძიუდოს ფედერაციამ საჩუქრად ტატამი გადმოგვცა, რომელსაც მთიულეთის სპორტულ დარბაზს ვუსახსოვრებთ. აღსანიშნავია, რომ დუშეთის რაიონის საფეხბურთო გუნდიც წარმატებით ასპარეზობს. ახალგაზრდები მეორე ჯგუფში თამაშობენ და მოწინავე პოზიციებსაც იკავებენ. რამდენიმე დღის წინ კი,

აზერბაიჯანში პრეზიდენტის თასის საერთაშორისო შეჯიბრზე, დუშელმა ახალგაზრდებმა რვა სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ და რაიონში თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზები ავაშენოთ. ფასანაურში სპორტულ დარბაზს უკვე ვარემონტებთ. ქალაქ დუშეთში კი, მრავალფუნცქიური დარბაზის მშენებლობას ვგეგმავთ, ან მეორე ვარიანტიც გვაქვს: შესაძლოა, კერძო საკუთრებაში არსებული თანამედროვე სპორტული კომპექსი სახელმწიფოს გადაეცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეპატრონეებთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.

დუშეთის რაიონში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას, სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლაწარმოადგენს. განგვიმარტეთ, როგორ რა მექანიზმებით ცდილობთ ამ პრობლემისმოგვარებას? 

- ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად

დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელშიც დუშეთთან ერთად, კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტია ჩართული. კომისიის ფარგლებში, განათლებისა და ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსება გადაწყდა. სამწუხაროდ, რაიონი ახალგაზრდებისგან მართლაც იცლება, მაგრამ პარლამენტში მთის კანონი უკვე მუშავდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურ ყოფას საგრძნობლად შეუმსუბუქებს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, USAID-ის ინიციატივით, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მცხეთა-თიანეთის გუბერნატორის მოადგილე და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ. კონფერენცია დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ გახსნა. შესაბამისი კანონის მიღება, მთას მართლაც გადაარჩენს. 

თუმცა მანამდე მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლაუწევს. მოსახლეობა ბიბლიოთეკების აღდგენასაც ითხოვს...  

- სკოლების საკითხი, ძირითადად,  მოგვარებულია. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის სკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა თუ მოსწავლეს სკოლაში მისასვლელად გრძელი მანძილის დაფარვა უწევს, მას ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. რაც შეეხება, ბიბლიოთეკების აღდგენის საკითხს, ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით, მაღალმთიან სოფლების თანამედროვე წიგნებით აღჭურვის აქცია დაიწყო. ასე რომ, უახლოეს მომავალში ყველა მაღალმთიან სოფელში ბიბლიოთეკა გაიხსნება. ამ მიმართულებით ბიუჯეტში შესაბამისი თანხაც გათვალისწინებული გვაქვს. პარალელურად, რამდენიმე კერძო კომპანიას რაიონში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი შემოყავს და თითოეულ ოჯახს, მაღალი ხარისხის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა ექნება. ახალგაზრდა თაობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება: დუშეთის მესამე სკოლის ბაზაზე პროფესიული გადამზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ. ამის შესახებ მთავრობას უკვე შევატყობინეთ და იმედი მაქვს, საკითხი დადებითად გადაწყდება. სამწუხაროდ, რაიონში სპეციალისტების ნაკლებობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა ხელობის შესწავლა რაიონშივე შეძლონ. 

ახალგაზდებს ხშირად ხვდებით ან რამდენად ითვალისწინებთ მათ რჩევებს? 

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. ბედნიერი ვარ, რომ საკმაოდ აქტიური ახალგაზრდობა გვყავს, საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. სულ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდული სათათბირო შექმნეს. როცა მათ ვხვდები, ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველა საკითხში არ უნდა დამეთანხმონ, ხანდახან უნდა გაგვაკრიტიკონ და საკუთარი მოსაზრებები რადიკალურადაც გამოხატონ.

ახალგაზრდული სათათბიროს წევრებისგან კონკრეტული მოთხოვნა უკვე მიიღეთ? 

- როგორც გითხარით, ახალგაზრდული სათათბირო სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ამიტომ მათგან საინტერესო წინადადებებს უახლოეს მომავალში ველოდები. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ შენიშვნა მოგვცა, დუშეთი ქალაქია და ცენტრში საათი რატომ არ უნდა იყოსო... მისი მოსაზრება მაშინვე გავითვალისწინეთ, ტენდერიც გამოვაცხადეთ და დაახლოებით ორ კვირაში დუშეთის ცენტრალურ მოედანს საათი და ორი შადრევანი დაამშვენებს. რამდენიმე დღეში რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, წარჩინებული მოსწავლეებისთვის საჩუქრების გადაცემას ვგეგმავთ. გვინდა, რომ მსგავსი ქმედებებით მეტი სტიმული მივცეთ.

თავად საკმაოდ აქტიური ახალგაზრდა გახლდით. მახსოვს, სტუდენტებმა ახალგაზრდული საკრებულო შევქმენით, რომლის თავმჯდომარედაც რატომღაც მე ამირჩიეს. უბედნიერესები ვიყავით, როცა სოხუმის უნივერსიტეტიდან დაწყებული თელავით დამთავრებული, საქართველოს ყველა ქალაქის სტუდენტურმა წარმომადგენლობამ ბაზალეთში ერთობლივი კონფერენცია ჩავატარეთ. მაშინ სტუდენტური ლიგაც ჩამოვაყალიბეთ. ასე რომ, ახალგაზრდების აქტიურობას ყოველთვის მივესალმები და მათ წარმატების მისაღწევად ხელს მაქსიმალურად შევუწყობ.

 

 

(ნიკა ასლანიძე. For.ge)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016