„თამბაქოს კონტროლის ალიანსი" სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს" თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს და „ფორმულა კრეატივის", „რუსთავი 2"-ისა და კომპანია „ომეგა-მოტორსის" წინააღმდეგ სანქციების გატარებას ითხოვს.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა, თამბაქოს მოხმარების დემონსტრირება პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები", განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონების მხრიდან. მასიურად ხდება ამ ქცევის დემონსტრირება, რომელიც „რეკლამის შესახებ" კანონის შესაბამისად2003 წლის 1 აპრილიდან აკრძალულია. სერიოზული ეჭვი იბადებოდა, რომ სერიალში მოწევის ასეთი აქტიური პროპაგანდის უკან თამბაქოს კონკრეტული ინდუსტრია იდგა, რაც დადასტურდა კიდეც იმით, რომ სერიალების ოფიციალურ სპონსორად მოგვევლინა „ომეგა" ჯგუფის კომპანია, რომელიც საერთაშორისო ტრანსნაციონალური თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისის" პარტნიორია და მათი ლიცენზიით საქართველოში წარმოებული ბრენდების დისტრიბუციას ახდენს. ძალიან სამწუხაროა, რომ შემოქმედებითი გაერთიანება „ფორმულა კრეატივი" თამბაქოს კომპანიასთან ასეთ გარიგებაში შევიდა და შესაბამისად დაირღვა „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2009 წლის 1 სექტემბრიდან „აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/ არაპირდაპირი, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა". ეს დარღვევა კი ითვალისწინებს სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას, როგორც დამკვეთისათვის, სპონსორისათვის, ასევე დამამზადებლისა და გამავრცელებელისთვის. ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები უნდა დაეკისროთ კომპანიებს: „ომეგა-მოტორსს", „ფორმულა კრეატივს" და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2"-ს. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ მიმართავს „ფორმულა კრეატივს", შეწყვიტოს თანამშრომლობა თამბაქოს ინდუსტრიასთან და არ დაუშვას მოწევის პროპაგანდა, რომელიც კანონრადღვევას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ ოფიციალურად მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მოახდინონ რეაგირება ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევაზე და გაატარონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სოლიდური საჯარიმო სანქციები", - ნათქვამია განცხადებაში.