reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონის" წევრი იყო და ამ ადამიანზე საუბარი არ მინდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:04
პრეს-დაიჯესტი
კონსტანტინე გამსახურდია: დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონის" წევრი იყო და ამ ადამიანზე საუბარი არ მინდა!
ავტორი:
12 მაისი, 2014. 15:16


უკრაინაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებას დასახული მიზნის მიღწევამდე არ აპირებს, დასავლეთში კი რუსეთს ოფიციალურ მოწინააღმდეგედ განიხილავენ - ნატო რუსეთის საზღვართან იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნას სახელწოდებით - „საგაზაფხულო შტორმი". მასში ალიანსისა და მისი მოკავშირეების სამხედროთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. რამდენად დაცულია საქართველოს უსაფრთხოება უკრაინის მოვლენების ფონზე და რა სცენარით განვითარდება მოვლენები? „ვერსიას" საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია ესაუბრა.


- უკრაინაში მიმდინარე პროცესები „ევრომაიდნი" გაგრძელებაა. რუსეთი ფიქრობდა, მისი მარიონეტი იანუკოვიჩი ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებდა, თუმცა, როცა მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა და იანუკოვიჩი რუსეთში გადაბარგდა, აგრესიული სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ამ ფონზე, დასავლეთის პოლიტიკური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც იოლად, ერთი ხელის მოსმით, ატომურ სახელმწიფოსთან ომს ვერ გამოაცხადებს.


- სანამ დასავლეთი საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას აანალიზებდა, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და, როგორც ჩანს, ამაზე შეჩერებას არ გეგმავს...

 

- ახლა რუსეთს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - 25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალოს, რის შემდეგაც არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე საუბარის შესაძლებლობა მიეცემა. რუსეთი ფიქრობს, მსგავსი მეთოდით ინტერვენციის გასაფართოებლად ხელ-ფეხი გაეხსნება. დიდი ხანია აღმოსავლეთ უკრაინაში არაფორმალური წარმომადგენლები, ე.წ. მწვანე კაცუნებიც შეგზავნილი ჰყავს. სხვათა შორის, პუტინმა აღიარა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილებს წარმოადგენენ. ზოგადად, სადაც „მწვანე კაცუნები" ჩნდებიან, დივერსიები და სახელმწიფო ბლოკების იძულებით დაკავება გარანტირებულია.


- თქვენი პროგნოზი როგორია - რუსეთი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას მოახერხებს?

 

- რუსეთს მიზნის მიღწევა გაუჭირდება, რადგან უკრაინელი ხალხი მზადაა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს. მართალია, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დროს ჩასახლებული რუსები ცხოვრობენ, რომლებიც მეტწილად, მუშებისა და პატიმრების შთამომავლები არიან, მაგრამ სოფლებში 90 % უკრაინლია. შესაბამისად, რუსეთს დასაყრდენი მხოლოდ სლავიანსკში, ლუგანსკსა და დონეცკში აქვს.


- სლავიანსკში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს, რამდენიმე ადამიანი კი ანტიტერორისტულ ოპერაციას ემსხვერპლა. ამასობაში, ნატო-მ რუსეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი წვრთნა დაიწყო. ეს უკვე დასავლეთსა და რუსეთს შორის მასშტაბური ომის დაწყების ნიშნებია თუ ნატო ფრთხილი ნაბიჯებით მოწინააღმდეგის შეშინების პოლიტიკას აგრძელებს?

 

- ესკალაციის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. არა მგონია, დასავლეთი უკრაინაში რაიმეს დათმობას გეგმავდეს, მაგრამ, თუ იძულებული გახდა და სხვა გზა არ დარჩა, შესაძლოა, კომპრომისზეც წავიდეს. თუ დასავლეთი ნახავს, რომ უკრაინელი ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გულწრფელად იბრძვის, დაეხმრება.


- უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იბრძვის რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

- თითქოს ასეა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იბრძვიან, მიუხედავად ამისა, დასავლეთისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატო  უკრაინაში ჯარს პირდაპირ ვერ შეიყვანს, არც სანქციებია დასჯის ეფექტური მექანიზმი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის წინააღმდეგ ეს აუცილებლად იმუშავებს. მაინც ვფიქრობ, უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს და მოლაპარაკებით დასრულდეს, როგორც ეს ჟენევაში მოხდა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი გოჩა ბახია, მერაბ კოსტავას სახლის ეზოში, გვარდიის ვეტერანებს უკრაინაში გასამგზავრებლად აგროვებს; იმასაც აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის მხარეს იბრძოლებდნენ. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარვყოფ. ჯერ ერთი, გოჩა ბახია ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსი არასოდეს ყოფილა, დაცვის წევრი იყო და ზვიად გამსახურდიას გარემოცვიდან 1992 წლის მეორე ნახევარში გაქრა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - მერაბ კოსტავას ეზოში შეიარაღებული პირები და ბოევიკები არასოდეს შეკრებილან. 1988 წლიდან მოყოლებული იქ მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის ორგანიზება ხდებოდა.


- ისე, დოდო გუგეშაშვილი არ მალავს, რომ უკრაინაში თავის თანამებრძოლებთან ერთად გამგზავრებას გეგმავს.

 

- დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონის" წევრი იყო და მერაბ კოსტავას ეზოსთან შეხება არ აქვს. საერთოდ, ამ ადამიანზე საუბარი არ მინდა, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხს ყველა თავად აგებს. მათი ქმედებებით რა შედეგს მივიღებთ, ვნახავთ.


- უკრაინის ფონზე, საქართველო რა საფრთხის წინაშე დგას, მით უმეტეს, როცა ე.წ. საზღვრიდან ქართველებს თითქმის ყოველდღე იტაცებენ, ხელისუფლება კი კვლავ თმენის რეჟიმშია?

 

- საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მით უმეტეს, როცა ე.წ. საზღვართან მავთულხლართების გავლებისა და „სახელმწიფო საზღვრის" მარკირების პროცესი გრძელდება. მეტიც, თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე ერთი მონაკვეთია, სადაც მავთულხლართი დაახლოებით, 150 მეტრშია. ამბობენ, რომ, შესაძლოა, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ მარკირებულ სახელმწიფო საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდეს. ხელისუფლებას ამ პროცესის საწინააღმდეგო ეფექტური მექანიზმი არ აქვს და აბაშიძე-კარასინის ფორმატის გამოყენებას ცდილობს.


- აბაშიძე-კარასინის რამდენიმეთვიანი უშედეგო დიალოგის გარდა, გიორგი მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრაც დაანონსდა. პრეზიდენტების დიალოგი რეალურად რას შეცვლის?

 

- პოლიტიკაში საუბარი აუცილებელია, კლაუზევიცი წერდა: ომი პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელებაა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ამ ეტაპზე ნამდვილად არ სჭირდება, პოლიტიკური დიალოგიც შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ დარეგულირდება, თუ მეზობელი ქვეყნის ნაწილი გახვდებით. საქართველოს ხელისუფლებას კი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს - დიალოგი ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის უნდა შედგეს. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს. სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ ძლიერი მეხუთე კოლონა მუშაობს, თანაც, ჩვენი სახელმწიფო, უკრაინასთან  შედარებით, ბევრად პატარაა და ჩვენ წინააღმდეგ რუსეთს გზაზე ნაკლები სირთულე შეხვდება. თუ დასავლეთი ჩვენ დაცვაზე ხელს აიღებს და რუსეთიც საზღვარს გადმოლახავს, უსაფრთხოების დაცვა გაგვიჭირდება, ამიტომ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ.


- მაინც არ აკონკრეტებთ - უკრაინის მოვლენების ფონზე, დასავლეთი საქართველოსთვის რეალური დახმარების გასაწევად მზადაა?

 

- შეიძლება ნატო-ს წევრი ვიყოთ, მაგრამ რუსეთმა ამ ფაქტორს ყურადღება არ მიაქციოს და საქართველოში შემოვიდეს, დასავლეთმა კი არ დაგვიცვას. ან პირიქით, შეიძლება ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვიყოთ, რუსეთმა სამხედრო აგრესია აწარმოოს, დასავლეთმა კი მასთან პირდაპირი კონფრონტაცია დაიწყოს და ჩვენი დამოუკიდებლობა დაიცვას.


- ანუ მწარე რეალობაა, რომ საქართველოს მომავალი ორი ძალის განწყობაზეა დამოკიდებული? ისე, უკვე დაანონსდა, რომ საქართველოში შესაძლოა ნატო-ს პოლიგონი განლაგდეს.

 

- მთავარი დასავლეთის პოზიცია და ნებაა - რამდენად მზადაა დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის დასაცავად. რაც შეეხება კავკასიაში ნატო-ს სამხედრო პოლიგონის განლაგებას, რუსეთს შეშინებული ქვეყნის რეაქცია სწორედ ამიტომ აქვს. მიაჩნია, რომ დასავლეთი  რუსეთისთვის გავლენის ზონების ჩამორთმევას ცდილობს, რუსეთი კი საქართველოს, მხოლოდ გავლენის ზონად კი არა, მის ტერიტორიულ ნაწილადაც აღიქვამს. ზოგადად, რუსეთში ასეთი მიდგომა აქვთ - სადაც რუსი ჯარისკაცის სისხლი დაიღვარა, ყველგან რუსეთია, ამიტომ ასოიცრების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა აუცილებელია, ხელისუფლება კი, დეზორგანიზებული მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს და ყველა საფრთხე კარგად აწონ-დაწონოს.


რუსუდან შელია

გაზეთი „ვერსია"

9 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016