reportiori.ge - ლია მუხაშავრია: დღეს შაშკინი დადის და აქეთ გვასწავლის ჭკუას, კალმახელიზისთვის კი არავის არაფერი მოუკითხავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:42
ინტერვიუ
ლია მუხაშავრია: დღეს შაშკინი დადის და აქეთ გვასწავლის ჭკუას, კალმახელიზისთვის კი არავის არაფერი მოუკითხავს!
ავტორი:
10 მაისი, 2014. 15:18


- დავით კოდუაზე განხორციელებული თავდასხმა არის პროკურატურის არაეფექტურობის შედეგი? პროკურატურის პოზიცია, რომ უამრავი საჩივარია შესული და ყველა ერთდროულად ვერ გაიხსნება, იზიარებთ ამ პოზიციას?

 

- სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ვამბობდი. ეს პროცესები დაიწყებოდა და ახლა ამის მოწმეები გავხდით. მაშინაც პროკურატურის ბრალი იყო, რომ ეს უმსგავსობა ხდებოდა, ადამიანებს კანონის სახელით ასე რომ ექცეოდნენ და დღესაც პროკურატურის ბრალია. ეს საქმეები თაროზე შემოდებული მწნილდება. სახელმწიფო დანაშაულის ფაქტებზე არ რეაგირებს ისე, როგორც საერთაშორისო და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები აკისრებს.


დღეს ორი ფრონტი გაეხსნა პროკურატურას, ერთი მხრივ, თუ გაამართლებენ ნამორაძეს, ეს იქნება სიგნალი ყველასთვის, ვინც თავს უკანონობის მსხვერპლად მიიჩნევს, ასეთივე ქმედება ჩაიდინოს. თუ გაამტყუნებს ნამორაძეს, ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული საპროტესტო მოვლენები საზოგადოების მხრიდან, თანაც, წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოსთვის ეს მომაკვდინებელია. ამიტომ, პროკურატურას ამაზე ადრე უნდა ეფიქრა. რაც უფრო გააჭიანურებდა ამ საქმეთა გახსნა-გამოძიებას, მით უფრო დიდი ესკალაციის გამოწვევა შეიძლებოდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ამიტომ, კეთილი ინებონ და ახალა მაინც შეისმინონ ჩვენი ღაღადი, ნუ დავრჩებით უდაბნოში.


პროკურატურას აქვს შესაძლებლობა, გადაარჩინოს ეს საქმეები, რამე სტრატეგია აირჩიოს ასეთი მასობრივი საქმეების გამოძიების დროს. ანუ, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს პრეტენგზია, რომ ვინც განკარგულებას, ბრძანებას და დავალებას ასრულებდა, ყველა მიეცეს პასუხიგებაში. ჩვენს საზოგადოებას პრეტენზია აქვს, რომ ის, ვინც შექმნა ეს დანაშაულებრივი სისტემა, ვინც იყო ამ სისტემის სათავეში, ვისი განკარგულებითაც ხდებოდა ეს დანაშაულები, ისინი მიეცნენ პასუხისგებაში. ისინი რომ მიეცნენ პასუხისგებაში, მაშინ, გამოდის, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები. მაგალითისთვის, დღეს შაშკინი დადის და აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ გვიკითხავს მორალს. კალმახელიძისთვის არავის არაფერი მოუკითხავს, ხოლო იმდროინდელი პროკურატურის ხელმძღვანელობიდან ვინ მიეცა პასუხისმგებლობაში? პრაქტიკულად - არავინ.


ნუ დაავიწყდება პროკურატურას, რომ ისინი ჩვენ გვემსახურებიან, იმისთვის დავიქირავეთ, რომ დამნაშავეები გამოავლინონ და დასაჯონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყოველი კონკრეტული ფაქტის შესახებ, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, რა ეტაპზეა ეს გამოძიება და სავარაუდოდ, როდის წარიმართება ეს საქმეები სასამართლოში, როდის მოხდება დარღვეული უფლებების რეალური აღდგენა. არ ვამბობ, რომ კონკრეტული დღე დაასახელოს, არა ბატონო, უნდა თქვას, რომ ამ თვის ბოლოს, ან ამ წლის ბოლოს, მაგრამ ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ არაფერი არ კეთდება. რამეს რომ აკეთებდნენ, აქამდე იტყოდნენ.


- პროკურატურის არაპროფესიონალიზმის დასტურია, თუ გარიგების შედეგი, როდესაც პროკრატურამ ვერ შეძლო კონკრეტული პირების ქვეყანაში ექსტრადირება?

 

- პასუხისმგებელია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. მე ვამტკიცებ, რომ ხელისუფლების დავალებით ხდება ის, რომ პროკურატურა ასე უსუსურად გამოიყურება და ასე არაკვალიფიციურად მუშაობს. თუ პროკურატურა არ ვარგა, მაშინ პასუხისმგებლობას ნუ დააკისრებ იმას, ვისი ბრალითაც საქმე ფუჭდება, მაგრამ ხელისუფლებას ნება რომ ჰქონდეს, ის გაათავისუფლებდა უვარგის პროკურორებს, ახალს დანიშნავდა და გამოძიებაც იქნებოდა, მაგრამ ეს არ ხდება. გამუდმებით დავდივართ ამ მოჯადოებულ წრეზე.


- რამდენად საგანგაშოა ვითარება, როდესაც სახელმწიფო ადამიანს აიძულებს, სამართალი თვითონ გააჩინოს ამ ქვეყანაში, ეს არის მაგალითი იმ პირებისთვის, რომლებიც ღიად ამბობენ, სამართალს თავად აღვასრულებთო?

 

- ეს გაცილებით საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ იწვევს სახელმწიფოს ნგრევას. უფრო სწორად, ცალსახად ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს. თუ რამე არ ფუნქციონირებს, ის ინგრევა და კვდება. სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის მართლმსაჯულების განხორციელება, კანონიერების დაცვა. თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო, მაშინ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა. ვიღაცა შემომედავა - ასეთ საშინელ პროგნოზს ნუ აკეთებთო. იცით, რა? სჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ, დავინახოთ, რა უბედურება გვჭირს და ვიზრუნოთ მის გამოსწორებაზე და არა ის, რომ ვიძახოთ ჩვენ ისეთი პროგრესული სახელმწიფო ვართ, რომ ახლა ნატოში მიგვიღებენ, მერე ევროკავშირში და ამასობაში უარესი დაგვემართება. კარგია, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა რომ გვაქვს. იქნებ, საერთაშორისო ზეწოლით შევძლოთ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რის გამოც ასეთ ძალიან ცუდ და მძიმე დასკვნებს ვაკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახელმწიფო ძალიან ცუდ ეტაპზეა მისული. თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მართლმსაჯულების განხორციელებას არ და ვერ ახერხებს.


- იმისთვის, რომ გამოირიცხოს ქუჩური ანგარიშსწორება, რაც შესაძლოა, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, ამ ვითარებაში ადეკვატური არ იქნება შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია?

 

- მოსახლეობა არ ითხოვს ვინმეს უკანონოდ და უსაფუძვლოდ დასჯას. საზოგადოება ითხოვს დარღვეული უფლებები აღუდგეს დაზარალებულებს და დამნაშავეებმა აგონ პასუხი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებს, თუ მოვლენები ამ ლოგიკით და ამ სცენარით განვითარდა, ეს უკვე მიგვიყვანს ქაოსამდე, როდესაც პოლიცია ვერ შეძლებს წესრიგის დამყარებას. საზოგადოებაში დაიწყება ისეთი ანგარიშსწორება, როდესაც უკვე მართლა დაზარალებული კი არ მოსთხოვს პასუხს მართლა დამნაშავეს, არამედ ამით ისარგებლებს ბევრი ადამიანი და დაიწყება განუკითხაობა. ეს განუკითხაობა საშიშია ყველასთვის. ჩვენ ხომ გვახსოვს, რა გაუნკითხაობა იყო ე.წ. მხედრიონის თარეშის პერიოდში. თუ ვინმეს ეს გვახსოვს და ვფიქრობ, რომ ბევრს გვახსოვს, ძალიან სეროზულად უნდა დავფიქრდეთ და მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას. სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ევროპა და ამერიკა. მე მინდა, რომ ჩემს სამშობლოში იყოს წესრიგი და კანონიერება.


როგორც იურისტი, ვამბობ და ვამტკიცებ, რომ ვერავინ ვერავის ვერ ეტყვის, დამნაშავე არ დასაჯო, დამნაშავეს არ მოსთხოვო პასუხი, ასეთი რამ არსად არ ხდება. ის, რაც ახლა ხდება, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და ვერ გამოვა ეგ ამბავი. ჩვენ ხომ ვიცით და ვხედავთ, რაც მოხდა ახალაიასა და მერაბიშვილის საქმეში. გამოკვეთილია პოლიტიკური დევნა, ამ ადამიანებს არ ედავებიან ჩადენილ დანაშაულებს, არამედ ედავებიან წვრილმანებს.


- რატომ, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს?

 

- ან არ არის პოლიტიკური ნება, ან არ ჰყავთ საკმარისად კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც დაუმტკიცებდნენ მათ ბრალს და ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცემდნენ. არა იმ იწილობიწილოსთვის, რომელიც ჩვენთვის არის სასაცილო და ახლა წარმოიდგინეთ დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის რამდენად სასაცილო და მიუღებელია. ამიტომ, ეს გადაფარვა და თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა უნდა დასრულდეს.


გაზეთი „ალია"

9 მაისი, 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016