საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში „ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება, რომ არ დაიწყო კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი იყო. მოსახლეობასთან არ იყო მათი უფლებები განმარტებული და კომპენსაციის თაობაზე შესაძლო ვარიანტები განხილული. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირები იყვნენ დაინტერესებული ხუდონის პროექტის განუხორციელებლობაში.
„ახლა, ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, პროექტი ისე განხორციელდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. ამ საკითხის სხვა ჭრილში გადატანა ხელოვნურად ხდებოდა. რა თქმა უნდა, „ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლი ქვეყანა. რაც უფრო მეტი ენერგიის წყარო გვექნება, მით მალე შევძლებთ გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები. ყველა თავმოყვარე ქვეყანა თვითკმარი უნდა იყოს, კარგი გაგებით. შეიძლება იმდენი ხორბალი არ გქონდეს, რომ შენი მოსახლეობა დააკმაყოფილო და სხვადასხვა პროდუქტები სხვა ქვეყნიდან შემოვიტანოთ, მაგრამ, რაც გაქვს და რითიც მდიდარი ხარ, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ, იმით არ უნდა იმათხოვრო მსოფლიოში. არ უნდა გააკეთო ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სვლები, რომელიც შემდეგში ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის წამგებიანი იქნება. როდესაც ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაზე იყო საუბარი, მაშინაც ვნებათაღელვა იყო, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პროექტი განხორციელდა და ახლა უკვე მეორე გაზსადენის მშენებლობაზეა საუბარი," - განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.