საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დავით კობახიძის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონიდან კიდევ შვიდი ადამიანი გაიტაცეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
"11 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის რაიონის სოფლების ცხამისა და სპეთის მკვიდრი 7 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული პირები, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გადაყვანილები არიან ოკუპირებულ ცხინვალში და მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით", - განაცხადა დავით კობახიძემ.
კობახიძის ინფორმაციით, დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდა საქართველოს 4 მოქალაქე, რომელთაგან ერთი შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრებია, ხოლო 3 - საჩხერის.
საჩხერის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა ზაბახიძის განცხადებით, დღეს ელოდებიან, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 5 მაისს დაკავებულ სამ პირს გაათავისუფლებენ. მისი ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებულებს, როგორც წესი, ე.წ. ადმინისტრაციულ ჯარიმის გადახდა უწევთ - 2000 რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 100 ლარს შეადგენს.