reportiori.ge - მანანა კობახიძე: სერიოზული ბრალდებაა! - გამობრძანდეს კახა კახიშვილი და თქვას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:38
ინტერვიუ
მანანა კობახიძე: სერიოზული ბრალდებაა! - გამობრძანდეს კახა კახიშვილი და თქვას...
12 მაისი, 2014. 18:47


ამჟამინელი ხელისუფლების  პოლიტიკური ოპონენტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, დღეს არსებულ საარჩევნო გარემოს აკრიტიკებენ. კრიტიკის გარკვეული  ნაწილი, საარჩევნო  სიებზე -  კრიტიკის მეორე ნაწილი კი, საარჩევნო სუბიექტებისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზე მოდის.

ასევე საუბრობენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მკაცრად კონტროლდება ბიზნესი,  რათა  მათ არ გაუჩნდეთ,  რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დაფინანსების სურვილი. 

ზემოთაღნიშნულ  საკითხებზე, „რეპორტიორი" პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს ესაუბრა:



 

-ქალბატონო მანანა, თქვენ, ამჟამინდელი ხელისუფლება, ოპოზიციაში ყოფნისას ამბობდით, რომ საარჩევნო სიები „გაბერილი" იყო. პროექტიც გქონდათ მომზადებული, რომელიც საარჩევნო სიების ბიომეტრიული პარამეტრებით შედგენას გულისხმობდა, რომელიც არ განახორციელეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ...


-ათეულობით ცვლილება შევიდა საარჩევნო კოდექსში,  რათა საარჩევნო უფლება გაგვეხადა გარანტირებული და საარჩევნო გარემო გაგვეუმჯობესებინა. ჩვენს მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, დღეს,  ყალბი პირადობების გამოყენებით, ე.წ. კარუსელების დატრიალება გამოირიცხა. თუ პირი გააყალბებს თავის პირადობის მოწმობას, ის კანონის ძალით დაისჯება.  შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით აგებს პასუხს. 


მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩაგვიტარებია ბიომეტრიული პარამეტრების  გამოყენებით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ეს იყო უპრეცედენტოდ სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე არჩევნები. ამიტომაც ის „შიშები", რომლებიც გამოითქმის, როგორც საარჩევნო გარემოსთან, ასევე საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს გაზვიადებულად მიმაჩნია.


-საუბრობენ, რომ ხელოვნურად გააჭიანურეთ საარჩევნო სიების ბიომეტრიული პარამეტრებით შედგენის პროცესი. გამოითქვა ვარაუდი, რომ  ამ იდეის განხორციელებით, შესაძლოა  ხელისუფლების ძალაუფლება შესუსტდეს და   ოპონენტად არა „ნაციონალური მოძრაობა", არამედ სხვა ძალა აღმოჩნდეს, რის გამოც   ხელისუფლება იმ დოზით  ვერ გაამარჯვებინებს საკუთარ კანდიდატებს, როგორც ეს დაგეგმილი აქვს...

 

-ხელოვნურად არ გაჭიანურებულა, ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამ იდეის განხორციელება.


-ადრე  ამბობდით, რომ ეს შესაძლებელი იყო



-ამ არჩევნებამდე  ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებების განხოტციელება რთული  იყო.  სამი  წლის განმავლობაში საარჩევნო რეჟიმში ვიყავით და  რადიკალურ ცვლილებებს ვერ ვასწრებდით. თუმცა, ჩვენ საკმაო დრო გვაქვს მომავალ საპარლამენტო  არჩვნებამდე და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება თავისუფლად  მოხერხდება.


-„ყველა  ბიზნესმენი, რომელიც გასულ წლებში,   დიდი ენთუზიაზმით აფინანსებდა  „ნაციონალურ მოძრაობას", დღეს მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას"  აფინანსებს. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მკაცრად კონტროლდება ბიზნესი,  რომ მათ არ გაუჩნდეთ რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის დაფინანსების სურვილი.  ბიზნესი, რომელსაც  პოლიტიკური პარტიის დაფინანსება შეუძლია -  დღეს კონტროლირებადია", - აღნიშნული მოსაზრება,  „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელს, ექსპერტს, კახა კახიშვილს ეკუთვნის. რას უპასუხებდით მას?

 

-რომელ ბიზნესზეა ზეწოლა?! რომელი ბიზნესმენი ვაიძულეთ, რომ „ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა? დღეს  იმაზე ბევრად უფრო დემოკრატიული გარემოა, ვიდრე ოდესმე იყო.გამოვიდნენ ეს ბიზნესმენები და თქვან!   ჩვენ ამ თემაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება!


უხერხულია, როცა დღეს „ქართული ოცნების" მისამართით, ვინმე ამბობს, რომ ბიზნესზე ზეწლას ახორციელებს. ჩვენ არანაირი დამფინანსელები არ გვყავს. თუ ის ბიზნესმენი ჩვენი პარტიის წევრია და შემოწირულობას ახორციელებს, ეს სხვა საკითხია.


ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ვთხოვ ბატონ კახა კახიშვილს, გამობრძანდეს და  თქვას - სად და რომელი ბიზნესმენი კონტროლდება. ეს არის არასერიოზული განცხადება, როცა ექსპერტი ასეთ ზოგად ფრაზას ამბობს - კომენტარის გაკეთების  სურვილიც არ მაქვს! 


ასე, ჰაერზე განცხადების გაკეთება  და დაბრალება ძალიან ადვილია.  ეს არის სერიოზული ბრალდება -  რომელსაც არ მივიღებთ! თუ ვინმე ვერ ხედავს განსხვავებას ადრინდელსა და ახლანდელს შორის, ეს არის ძალიან   უსამართლო დამოკიდებულება.


-ექსპერთა ნაწილის მოსაზრების თანახმად,  ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის  კომუნიკაცია ვერ შედგა, რომ ხელისუფლება ვერ უხსნის საზოგადოებას რას - რატომ აკეთებს, ხშირ შემთხვევაში კი, მთავრობა ვერ განმარტავს - რა უნდა საერთოდ. რას უპასუხებდით მათ?


-რას ჰქვია ვერ ვაგებინებთ?!  ჩვენი ვალდებულებაა ამომრჩეველს გავაგებინოთ რას ვაპირებთ, რა შეიცვლება სამომავლოდ მათთვის და ამისთვის აქტიურად ვიყენებთ ყველა რესურსს.  გაუგებარია! რაც უფრო მეტ ცვლილებას შეიტან და მეტად გააუმჯობესებ  კანონმდებლობას, მით უფრო მეტი საყვედური მოდის.


P.S. ქვეყანაში, ურთიერთგამომრიცხავი განცხადების კეთების პოლიტიკას ბოლო არ უჩანს.

დრო გადის...

დრო არ იხედება კალენდარში.

ყველასთვის მისაღები, ნორმალური საარჩევნო გარემო კი, ვერა და ვერ შეიქმნა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016