reportiori.ge - ეკა ბესელია: „საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს დაკანონდება!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:57
ინტერვიუ
ეკა ბესელია: „საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არასდროს დაკანონდება!“
ავტორი:
12 მაისი, 2014. 23:17



ინტერვიუ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან

 

– ქალბატონო ეკა, პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ საზოგადოებაში მმართველი გუნდისადმი უკმაყოფილება გაზარდა. რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ კანონის მიღება, როცა ქვეყანაში ამ მხრივ პრობლემები არ არის? ქვეყნის გარედან მომდინარე დაკვეთა შეასრულეთ?

– კანონი ყველა ფორმის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – ეს არის კანონი, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს მიღებული. ზოგ ქვეყანაში მას თანასწორობის, სოლიდარობის კანონი ეწოდება. კანონი ჩაგვრისა და უსამართლო მოპყრობის წინააღმდეგ. მახსოვს სიტყვები, რომელიც მისმა უწმინდესობამ, საქართველოს პატრიარქმა მითხრა ამ კანონზე საუბრისას: „ზოგჯერ ეკლესიის კანონი და პოზიცია არ დაემთხვევა სახელმწიფოს კანონსა და პოზიციას. ეს ცუდი არაა. არაფერია სანერვიულო“. მართლაც ასეა, ეკლესიის კანონები და სახელმწიფოს კანონები ვერ იქნება იდენტური. სახელმწიფო ვერ იტყვის იმ ადამიანებზე, ვისაც ცოდვილად განიხილავს ეკლესია, რომ მათი დისკრიმინაცია შეიძლება. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია, აღიაროს, რაც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს პრინციპი ხომ სულ ეწერა? ვინმე აპროტესტებდა ამას? ამ კანონშიც ეს არის პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არანაირი ნიშნით არ შეიძლება ჩაგვრა. შარშანდელი 17 მაისის მოვლენებზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ეს შეფასდა ნეგატიურად და სულ თავდაცვით რეჟიმში ვიყავით. აღქმული იქნა, რომ ეს პრობლემური თემაა და, როდესაც ქვეყანა ხდება ევროპული ოჯახის წევრი, იღებს ვალდებულებებს, რომ კანონმდებლობა უნდა მოწესრიგდეს. პატრიარქი მიესალმა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესს. ამ პროცესში არსებობს ბევრი საკანონმდებლო პრობლემის მოგვარების ვალდებულება და ეს კანონი უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის და ევროპაში საქართველოს დამკვიდრებისთვის არის საჭირო. მთავარი შინაარსია. ეს კანონი არ არის პროპაგანდის საშუალება სექსუალური უმცირესობებისთვის, არც წახალისებაა და არც მამათმავლობის დაკანონება. მსგავსი რამ არსად წერია. ტერმინი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არსებობდა ჩვენამდე და წინა პარლამენტში მიღებულ 6 სხვადასხვა კანონში. მაშინ რატომ არავინ ამბობდა ამ ტერმინებზე? ეს ხომ წერია სხვადასხვა კანონში? სისხლის სამართლის კოდექსი და აქ 1997 წლიდან კანონებში ეს ტერმინები ანუ ეს ფაქტია, რომ ჩვენ პარლამენტში არ არის ეს ჩანაწერი პირველი. შინაარსს რაც შეეხება, მთავარი არსი არის ის, რომ არ შეიძლება არავის ჩაგვრა. ამ პრინციპს ეკლესიაც აღიარებს.


– პატრიარქის განცხადებით, ამ კანონის მიღებით უკანონობა დააკანონეთ, რაც, თავის მხრივ, დიდი ცოდვაა. უკანონობის დაკანონებით სამართიანი სამართლებრივი სახელმწიფოს მშვენებლობას როგორ აპირებს ხელისუფლება, ყველაზე ძლიერ ინსტიტუტთან – ეკლესიასთან კონფრონტაციით?

– ტერმინებზე უკვე გითხარით. კანონში ბოლოს დავამატეთ, რომ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება, თუ რომელიმე უფლება იზღუდება საზოგადოებრივი წესრიგის ან ზნეობის გათვალისწინებით ანუ საზოგადოებრივი ზნეობა აღმატებულია ცალკეული უფლების გამოხატვაზე. ეს ჩანაწერი ცვლის წინა ვერსიას. ეს დავამატეთ მაშინ, როდესაც საქართველოს პატრიარქი არ იყო საქართველოში და არ გვქონდა საშუალება ამ დეტალებზე იმ დღეებში საუბრის, მაგრამ იყო კონსულტაციები სასულიერო პირებთან და მათ ეს მოიწონეს. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო საშუალება ამ კანონის განხილვის გადადების და მეტი დროში განსჯის. მე ამ განწყობას ნამდვილად ვიზიარებ, რასაც წერდა განცხადებაში პატრიარქი და უდავოდ საჭირო იყო მეტი დრო. აღმოჩნდა, რომ ხუთთვიანი მუშაობის მიუხედავად, ამ კანონზე იუსტიციის სამინისტროში მაინც მეტი დრო იყო საჭირო საპატრიარქოსთვის. პარლამენტი უკვე შესვენებას აცხადებს არჩევნებამდე, კანონის თანახმად, ივნისში კი უკვე ასოცირების შეხლეკრულებას ეწერება ხელი და ეს პროცესი დადგა საფრთხის ქვეშ. ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო ინტერესები და მისი მომავლის ბედი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ბუნებრივია, მხოლოდ ემოციით მოქმედება ხელისუფლებაში მყოფი პირის მხრიდან არ შეიძლება. ეს იყო დროის დეფიციტის მიზეზი და არა ის, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს საპატრიარქოს. ამ კანონში ჩვენ პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ვაღიარებთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფოს  შეთანხმებას ანუ კონკორდატს. ეს ნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და სტასტუსს და ამ კანონშიც გავუსვით ხაზი. დამცავი ნორმები ჩავდეთ, რომ ეს კანონი არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ გამოყენებული და ა.შ. ამ ჩანაწერების შემდეგ მე, როგორც იურისტი, ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს ეკლესიისთვის. ბოლო განხილვაზე ისიც კი დავამატეთ, რომ ღვთისმსახურებას არ შეეშალოს ხელი. ესეც სასულიერო პირები თხოვნით ჩვაწერეთ.


– რატომ წავიდა კოალიციური ხელისუფლება, თუნდაც იმავე არჩევნების წინ პოლიტიკურად ასეთ მიუღებელ ნაბიჯზე, რომელიც პოლიტიკურ თვითმკვლელ ნაბიჯად შეფასდა? ფიქრობთ, რომ ეს კანონი არჩევნებში ხმებს არ დაგაკარგვინებთ?

– არჩევნების წინ, რასაკვირველია, ეს ვითარება ამომრჩეველთა განწყობებზე მოქმედებს, მაგრამ  ზემოთ ავხსენი ვითარება, რაც შეიქმნა ასოცირება ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ეს არ არის კონფლიქტი ეკლესიასთან. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და ბევრი ჩვენგანი, მეც მათ შორის, ვართ მაზიარებელი მართლმადიდებლები. ამის აფიშირება არ არის საჭირო, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ ეკლესიას დაუპირისპირდით, არ შეიძლება. პატრიარქი ასე არ აფასებს. ზოგჯერ ზღვარი გადის საერო და სასულიერო კანონებს შორის და ეს კონკორდატშიც წერია. ერთნაირი კანონები ვერ იქნება. ეს ხომ ცხადია.


– ოპოზიციაში ყოფნის დროს კოალიციის ლიდერები ხშირად მიდიოდნენ პატრიარქთან რჩევისთვის. ახლა რატომ არ მოხდა პატრიარქის აზრის გათვალისწინება. ეს პარლამენტზე ზეწოლის შედეგია?

– პატრიარქთან ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დავდიოდი რჩევებისთვის და ახლა უფრო ხშირად მივდივარ მასთან და ვესაუბრები. წავიკითხე კომენტარები ზოგი „თავდადებული დამცველის“, ძალიან შეურაცხმყოფელი და ვინც ასე კატეგორიულად აზროვნებს და აგრესიას აფრქვევს, მათ მინდა ვუთხრა: სწორედ ეს არი არის ჩვენი რელიგია. ზიზღი, ბოღმა და აგრესაია არ არის მართლმადიდებელი ბუნება. ასეთი დამცველები ეკლესიას არ სჭირდება. პატრიარქია თავად მაგალითი ყველაზე დიდი სიყვარულისა და სათნოების.


– იყო ინფორმაცია, რომ თქვენ ამ კანონისთვის ხმის მიცემას არ აპირებდით, სხვა კოლეგების მსგავსად, მაგრამ კოალიციის ლიდერ ივანიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილეთ...

– მე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორ უნდა ავხსნა, რომ ამ კანონის წინაღმდეგი ვარ. მე არჩეული დეპუტატი და არჩეული თავმჯდომარე ვარ ამ კომიტეტის და ეს ვალდებულებაა, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება დავიცვა, მომწონს თუ არა იგი. ჩემი რწმენა და მრწამსი მეხმარება, არაფერ შუაში არაა ზეწოლა. ბიძინა ივანიშვილსაც ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. მას უდიდესი როლი აქვს სამშობლოს გადარჩენაში. მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ კანონის განხილვის გადადება აღმოჩნდება შეუძლებელი და ამ დროში ეს გაუგებრობა გაირკვეოდა.


– ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააქტიურდა საუბარი და იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები უნდა გაიზარდოს და რომ უშიშროების საბჭო შეიძლება გაუქმდეს. ფუნქციების გაზრდით პრეზიდენტს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშისთვის უხსნით გზას? საზოგადოებაში ბოკერია-მარგველაშვილის ფარულმა შეხვედრამ არაერთი ეჭვი გააჩინა...

– რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კონსტიტუციაში ჩაიწერება მკაფიოდ, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა და ამით დასრულდება ნებისმიერი შიში ერთსექსიანთა ქორწინების შესახებ. ეს საქართველოში არასოდეს არ იქნება. ამასთან, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა საკითხებზე, ეს მუშა პროცესია და წინ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, რა და როგორ იქნება.


– როგორც უფლებადამცველი და კომიტეტის თავმჯდომარე, რას იტყვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აღმოჩენილ ფარული მიყურადებისა და მოსასმენი აპარატურის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და გამორიცხავთ, რომ ფარული კამერა ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს იყო ტელევიზიაში დამონტაჟებული?

– მოსმენების თემა, ეს იყო ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც სააკაშვილის სისტემურმა ძალადობრივმა მანქანამ შექმნა. ტოტალური მოსმენა ყველასი. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოავლინა და გაანადგურა ათასობით ფაილი. კანონპროექტში ცვლილებები მზადდება და დაწყებულია განხილვა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის განცხადებას, აქ იმის თქმა, რომ ეს ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა, უსამართლობაა. ბევრი კითხვაა, როდის, სად, ვის მიერ მოხდა ჩანაწერი. აპრიორი მიღება მტკიცებად ფაქტის, რასაც ამბობს ბატონი გვარამია, ბუნებრივია, გამოძიების გარეშე არასწორია. გვახსოვს მოსმენების სერიალები. გადაღებული ფილმები დაპატიმრებულები მოღალატეების იარლიყით და დღეს გვჯერა, რომ იგივე ადამიანები სრულ სიმართლეს გვეუბნებიან?! ვაცადოთ გამოძიებას. თუ დადგინდება, რომ უკანონო მოსმენები ხდება, ჩვენ ამაზე თვალს არ დავხუჭავთ და შესაბამისი რეაგირება იქნება.


– ნოშრევან ნამორაძის მხრიდან ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტმი ხომ არ გახდება სისხლიან გარჩევების საფუძველი? საერთოდ, რა სიტყვით ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით? ცნობილია, რომ ნარკოტიკების საქმეში ნამორაძის ინტერესებს თქვენ იცავდით.

– ნამორაძეს 2006 წელს ვიცავდი, როდესაც ადვოკატი ვიყავი, არა ნარკოტიკების საქმეზე, არამედ სხვა შემთხვევა იყო – მაშინ ნამორაძე კონფლიქტის დროს მძიმედ იყო დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით. ის საქმე მაშინ შეწყდა. სხვა საქმესთან შეხება არ მქონია და არასწორი იყო ინფორმაცია, თითქოს მას დღეს ჩემი ადვოკატი იცავს. ვიმეორებ, სამართლიანობის აღდგენა უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი მთავარი ვალდებულებაა და ამისთვის ბევრს ვმუშაობთ.

 

შორენა კოწოწაშვილი

გაზეთი „ახალი თაობა“

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016