სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით ნინო შუბლაძე არხიდან წასვლას აგვისტოში გეგმავდა. როგორც ნიკა გვარამიამ prime time news-სთან საუბარში აღნიშნა, სამწუხაროა რომ ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო.
"არავითარი დაპირისპირება ნინო შუბლაძესთან საბედნიეროდ არ ყოფილა და არც ივარაუდება. შარშან გადაწყდა რომ ნინო მიდიოდა აგვისტოს თვეში და ეს რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროა რომ ნინომ ემოციურ ფონზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა უნდა წასულიყო. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ნინო იყო ჩემი მარჯვენა ხელი. არა მხოლოდ ნიუსში, არამედ ზოგადად კორპორაციაში, მართვაში და საერთოდაც მგონია, რომ ნინოს მსგავსი პროფესიონალი ქართულ მედიას არ ჰყავს. ქართულ მედიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნინო შუბლაძე იყოს ქვეყანაში და ის არ მუშაობდეს. ამიტომაც მას ველოდებით დიდი მოლოდინით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც მისი პირადი პრობლემები გადაივლის ის დაბრუნდება მედიაში. რამდენიმე შეთავაზება ახლაც გვაქვს მისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ შეთავაზებებს მიიღებს, როგორც კი სიტუაცია დამშვიდდება", - აცხადებს ნიკა გვარამია.
ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია გუშინ დატოვა.