10 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მამა-შვილ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების შემოქმედებითი საღამო. მათი ვარსკვლავიც გაიხსნა... ინფორმაცია პირველად მედიაჰოლდინგ „რეპორტიორთან" არსებული არტ-სახელოსნო „კოლიბრის" მიერ ჯანსუღ ჩარკვიანისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოზე, TV 3-ის ეთერით საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა. TV 3-ის ერთ-ერთ დამფუძნებლის, ქალბატონ ლალი ეგაძის შეფასებით:
„მინდა გულდაწყვეტით გითხრათ, რომ კულტურასა და ხელოვნებაში თითქმის არაფერი არ ხდება. ერთადერთი ნათელი წერტილი კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილია. ადამიანი, რომელიც იდეების უბადლო ოსტატია. დიახ, რომ არა დათო ოქიტაშვილი, ალბათ არც არაფერი იქნებოდა ამ სამყაროში.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაზე უნდა იფიქრონ და სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მისცენ ასპარეზი დიდი კულტურული პროექტების განხორციელებისათვის, თორემ სხვანაირად ისევე დააბრუნებენ უკან ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებს, რომელიც კულტურის სფეროზე იყო გამოყოფილი.
გულდასაწყვეტია , რომ ბიზნესმენები არ აფინანსებენ მსგავს პროექტებს. საბოლოო ჯამში ყველა უნდა დაფიქრდეს , რომ კულტურა ყველაზე დიდი პოლიტიკაა. განა რამდენი ადამიანი დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც დიდი შემოქმედი ჰქვია?! ჯანსუღ ჩარკვიანი ხომ აღარ დაიბადება? ვარსკვლავი კი არა, ხელში ატატებული და გულში ჩახუტებული უნდა ვატაროთ ასეთი ხალხი... მადლობა მინდა დავით ოქიტაშვილს გადავუხადო ასეთი ინიციატივებისთვის."
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია TV 3 ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს ასეთი ტიპის შემოქმედებით საღამოებს.