reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: „ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი! მაინტერესებს, მათი ფანტაზიები სადამდე მივა...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:47
ინტერვიუ
ვალერი ხაბურძანია: „ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი! მაინტერესებს, მათი ფანტაზიები სადამდე მივა...“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 14:45


ჩერგოლეიშვილის შემდეგ ჯოჯოხეთის მოწყობით „რუსთავი 2"-ის დირექტორი, ნიკა გვარამიაც იმუქრება. როგორც ჩანს, მას საკუთარი თავი მეორე ერასტი ჰგონია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი - მეორე ედიკა. პრინციპში, „ჯოჯოხეთის მოციქულებისგან" მეტს არაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ამასაც ძალა და მარიფთი უნდა. და მაინც, რა ხდება „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და გვაქვს თუ არა საქმე იგივე პროვოკაციის მოწყობის მცდელობასთან, რაც ამ ტელეკომპანიამ 2003 და 2007 წლებში „წარმატებით" დააგვირგვინა? ამ თემაზე „ქრონიკას" საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება.


- ბატონო ვალერი, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და იცით იმ პერიოდის შესახებ, როცა „რუსთავი 2"-მა მოაწყო პროვოკაციები შევარდნაძის დროს... რასაც დღეს ნიკა გვარამია აკეთებს, ამას აშკარად ვერ ბედავდა ეროსი კიწმარიშვილიც კი, ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შემდეგ ესეც ჯოჯოხეთის მოწყობით იმუქრება, რა ხდება?


- მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ტელევიზიები ყველაზე მეტად შეზღუდულები იყვნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ მათ ამავე დროს გაუჩნდათ რაღაც იმუნიტეტი. ახლა გვარამია გამოდის და ყვირის: ჩვენ უფლება გვაქვს, არ გავამხილწოთ მისი ვინაობა, ვინც ფირი მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდანო. როგორ გეკადრებათ?! ესენი კანონს უკუღმა კითხულობენ, ეს ჩანაწერი სხვა თემასთან არის დაკავშირებული, თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე და მართლები არიან, გამოძიებასთკან უნდა ითანამშრომლონ. მაგათ ავიწყდებათ, რომ იქით აქვთ პრეტენზიები, იქით ადანაშაულებენ ხელისუფლებას. ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან, ეს აქსიომაა, მაგრამ სააკაშვილის ჟურნალისტებმა მოირგეს ყველანაირი იმუნიტეტი. საერთოდ, სატელევიზიო ბიზნესი დღეს საქართველოში არ არსებობს, ეს არის დაფინანსება და საქმიანობა, გაზეთები და ჟურნალები უფრო ინახავენ თავს, ვიდრე ტელევიზიები. „რუსთავი 2"-საც ვიღაცა აფინანსებს და ბუნებრივია, ამ ვიღაცის ინტერესებს ატარებს...


- აშკარად ჩანს და ამას არც მალავენ, აქ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ინტერესებია.

 

- ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ჟურნალისტები გადავიკიდო: დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ჟურნალისტი, რომელიც არ არის ჩართული კორუფციაში. ტელეჟურნალისტების უმეტესობას არ გააჩნია „თეთრი ხელფასი". ცნობილ სახეებს ზღაპრულ თანხებს უხდიან, მაგრამ ეს არსად არ ჩანს. არის თუ არა ეს კორუფცია? ამის შემდეგ რომელ სატელევიზიო ობიექტურობაზეა საუბარი? რაც შეეხება ჯოჯოხეთის მოწყობას, გვარამია თვითონ იყო ჯოჯოხეთის ნაწილი. ის უდავოდ ნიჭიერი კაცია, მაგრამ არსებობს კეთილი და ბოროტი ნიჭი. ამ ახალგაზრდას აშკარად ბოროტებისკენ აქვს მიდრეკილება. ახლა უნდა, „რუსთავი 2" აქციონ რაღაც ახალი არეულობისა და დესტაბილიზაციის ბუდედ. ერთია, როცა „ნაციონალების" ინტერესებს ატარებ და მეორეა - როცა აქტიურ ღონისძიებებზე გადადიხარ, მოვლენების მოდელირებას აკეთებ და ასე შემდეგ. როგორც პროფესიონალი, გეტყვი: სრული აბსურდია, რომ ოფსიში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს, მათ ჰყავთ დაცვა და გამოდის, ისინი ყოფილან მოსყიდულები. ეს ძალიან ჰგავს ან მათ მიერვე დამონტაჟებულს, ან კიდევ მაშინ დაუმონტაჟეს, როცა მიხეილ სააკაშვილი აღარავის ენდობოდა. მიშას რაღაც პრობლემები გაუჩნდა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით და როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო თვალთვალი. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი.


- შეიძლება, რომ ეს იყოს მოსმენებთან დაკავშირებული კამპანიის გაგრძელება? გაგახსენებთ კამპანიას - „ეს შენ გეხება - ყველას გვისმენენ".

 

- სხვათა შორის, ის ხალხი აქტიურობს, ვისაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ერთი „გამჭვირვალობა - საქართველო", მეორე - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"... მე ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, მაგრამ არ მახსოვს ამ ორგანიზაციას სააკაშვილის პერიოდში მოსმენები გაეპროტესტებინა. ეს მაშინ, როცა ყველა ხვრელში „ჟუჩოკი" და ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ახლა გაიძახიან, დღეს ხომ ვაქტიურობთო? ეს უკვე ძალიან ჰგავს დაკვეთას და მიზანმიმართულ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონო მოსმენები რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, ეს გასაგებია, მაგრამ ეგენი ებრძვიან, ზოგადად, მოსმენებს, რაც აბსურდია, მოსმენებისა და თვალთვალის გარეშე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იარსებებს. ახლა გვარამია ამბობს, მეც კი იყავი გარეული ამ საქმეში, მაგრამ ბოდიშს ვიხდი, ჩემ დროს ყველაფერი კანონიერად ხდებოდაო. ჯერ ერთი, მოსამართლეები მათ ბრძანებებს ასრულებდნენ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მიეღოთ ნებართვა ნებისმიერ ნომერზე, ვინ გაბედავდა უარის თქმას? მეორე - ამიხსნას გვარამიამ, ჩემი და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სად არის სანქცია? მე ამ საქმეს აღარ გავყევი, არჩევნები ახლოვდებოდა და სხვა საკითხები მოექცა ყურადღების ქვეშ.


- რაც გვარამიამ ბადრი პატარკაციშვილს გაუკეთა, ესეც უნდა იყოს თუ არა გამოძიების საგანი?

 

- რა თქმა უნდა, ეგ საქმე გამოსაძიებელია. ვინც ამაში ჩართული იყოს, ის ხომ ვერ გამოიძიებს? ჩემი ინფორმაციით, მოსმენების დანაყოფში იევ ის ხალხია, ვინც სააკაშვილის პერიოდში იყო. ახლა მეტყვიან, ეგენი შემსრულებლები იყვნენო, მაგ შემსრულებლებმა ძალიან ბევრი რამე იციან, უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მათ ზემდგომებს. ასეთები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთთვის რაღაც ინფორმაციები „გადაიჯიბონ" და „რა იცი, რა ხდება"-ს პრინციპით იმოქმედონ. დავანებოთ ამას თავი, ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას „რუსთავი 2"-ში თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე ცუდად უყურებს, იქ ნინო შუბლაძის ჯგუფი ცალკეა, შიგნით სხვა დაჯგუფებებიც არსებობს. ეტყობა, თანხები მოაკლდათ და ამიტომ გაჩნდა პრობლემები. გვარამია იმასაც ამბობს, ეს ხელისუფლება თავისავე მინისტრებს უსმენს და ამააც გამოვაქვეყნებო. გავარჩიოთ, აქ რასთან გვაქვს საქმე? ადამიანები, რომლებიმაც ზეპირად იციან, რომელი „ჟუჩოკი" და ვიდეოთვალი სად არის გარჭობილი, როგორ გგონიათ, კაბინეტში შესულ ახალ მინისტრს ვერ გადაიღებენ? ისინი სააკაშვილის პერიოდში მუშაობდნენ და ახლა სად არიან, არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში და კულტურის სამინისტროშიც კი არსებობს სააკაშვილის დროს დამონტაჟებული აპარატურა. ახლაც მიმდინარეობს ჩაწერა და ხვალ-ზეგ გამოაქვეყნებენ.


- ანუ გვარამია ტყუილად არ იმუქრება, როცა ამბობს, თქვენივე მინისტრებს რომ უსმენთ, ამას გამოგიქვეყნებთო?

 

- კი, ახლა ყველა სამინისტრომ უნდა შეამოწმოს შენობები. ჩემი აზრით, ბევრგან არის დარჩენილი მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა. ხალხი, რომელიც თავის დროზე ამას აკეთებდა, ისევ მოქმედია. ამას არ სჭირდება დიდი თანამდებობები, რიგით ადამიანებსაც შეუძლიათ, მართონ ე სისტემები კომპიუტერების მეშვეობით. საერთოდ, კომუნისტების დროსაც და ჩემ დროსაც, როცა უშიშროების მინისტრი თანამდებობიდან მიდიოდა, ავტომატურად იცვლებოდა ე.წ. „ოტოს" ხელმძღვანელიც, ეს იყო ორჯერ ორი ოთხი... აქ უნდა ემუშავა მინისტრის უერთგულეს კაცს, პროფესიონალიზმი იმდენად არ იყო საჭირო, რამდენადაც ერთგულება. პროფესიონალებს მერე მოძებნი და კონკრეტულ დავალებებს შეასრულებინებ. მე არ ვიცი, წინა მინისტრს ვინც ჰყავდა, ახალ მინისტრსაც ის ადამიანი ერთგულობს? მით უმეტეს, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიები ძალიან წინ წავიდა, დღეს სკაიპსაც კი უსმენენ, შესაბამისი კოდი გაშიფრეს. ტელეფონში შემოსვლა და სხვა ქვეყანაში მოსმენაც კი შეუძლიათ. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებას ამერიკელებმა უამრავი სახის ვირუსი მისცეს, რომელთა საშუალებითაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ახლა ვის აქვს ეს ვირუსები და ვინ იყენებს, ღმერთმა უწყის.


- მაშინ გამოდის, რა კანონიც არ უნდა მიიღონ მოსმენების აკრძალვის შესახებ, აზრი არ აქვს.

 

- ამ სიტუაციიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ გამოირიცხოს და არ ჰქონდეს უკანონო მოსმენის ცდუნება, უნდა შეიცვალოს სქემა და პასუხისმგებლო გადავიდეს სატელეფონო პროვაიდერებზე - „მაგთიზე", „ჯეოსელზე", „ბილაინზე". თუ რომელიმე პროვაიდერის გავლით ჩემი საუბარი სადღაც გამოქვეყნდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო დოკუმენტებს ვერ წარმოადგენს, მაშინ მან უნდა აგოს პასუხი. ამ პროვაიდერებს ასევე უნდა ჰქონდეთ დაცვის ისეთი სისტემები, სადაც ვერავინ შეაღწევს გარედან.


- როგორ ფიქრობთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, მიაღწევენ იმას, რაც გააკეთეს შევარდნაძის პერიოდში?

 

- ეგ გამორიცხულია... მაგალითად, მე „რუსთავი 2"-ს მხოლოდ იმიტომ ვუყურებ, რომ მაინტერესებს, მათი ფანტაზიები სადამდე მივა. მათ აქვთ რამდენიმე კარგი გადაცემა, ჰყავთ პროფესიონალებიც, მაგრამ საერთო ჯამში მაინც პოლიტიკაში არიან ჩართულები ცალმხრივად. ჩვენ დროს მართლა „რუსთავი 2"-მა მოაწყო გადატრიალება, მისი წილი ამ საქმეში არის, სულ მცირე, 50 პროცენტი. ეს იყო ეროსი კიწმარიშვილის „დამსახურება". მე მასთან რამდენიმეჯერ მქონდა საუბარი: მართალია, პარლამენტის კარის გაღებას მე მაბრალებენ, მაგრამ ეს ქვეყანა შენ დაღუპე და ბოლოს თვითონვე იწვნიე ყველაფერი საკუთარ თავზე-მეთქი. როგორც კი სააკაშვილმა ფესვი გაიმაგრა, „რუსთავი 2" ეგრევე ჩამოართვა ეროსის. ეს ტელეკომპანია არის დამანგრეველი ბრენდის სახეობა, მაგრამ დღეს მას ის ძალა აღარ გააჩნია, რა თქმა უნდა წამოსწიოს გვარამიამ, რომ სრულიად სახალხო აღშფოთება გამოიწვიოს? „ნაციონალების" 10-პროცენტიანი მომხრეების აღშფოთების გარდა, ვერაფერს გამოიწვევენ. თუმცა ისინი ისედაც აღშფოთებულები არიან.


- დაბოლოს, ბატონო ვალერი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არ ყოფილა პრეცედენტი არც შევარდნაძის პერიოდში და არც სააკაშვილის დროს, რომ პრესას, რომელიც სიმართლეს წერს, წაეგო სასამართლო პროცესი. ასეა, ხომ?

- კი, ალბათ... ძირითადად ასეა.

- ბოლო დროს ჩვენ წავაგეთ სამი მოსაგები პროცესი და მარტო გავარვარებული „ნაციონალის", ოთარ კობერიძის სასარგებლოდ დაგვეკისრა 50 ათას ლარს პლუს 3500 ლარი. როგორ ფიქრობთ, რა ხდება? ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ჩაძირკვას, „ნაციონალების" სასამართლო გვირტყამს თუ ორივე ერთად?

 

- მე უფრო მეორე მგონია, ეს მოსამართლეები ახლა „გადემოკრატდნენ", „გაკანონიერდნენ" და ცდილობენ, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ განგაწყონ, ანუ გაგაბოროტონ. ახლა იმის პრეცედენტებს ქმნიან, რომ პრესა დაითრგუნოს.


- გასაგებია, თუ ვტყუივარ, უნდა დავისაჯო, მაგრამ როცა სასამრთლოს „ფრესკოს" აყროლებული ქათმის შესახებ უცნაური გადაწყვეტილება გამოაქვს, ეს უკვე ეჭვებს ბადებს.

 

- დარწმუნებული ვარ, საქართველოში მაღაზიებს ჩვეულებრივი სტანდარტების მიხედვით რომ მიუდგე, ვერც ერთი ვერ იმუშავებს. შეისწავლეთ, ვინ არიან მოსამართლეები და ეგრევე მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. გამოიკვლიეთ, რა საქმეებზე აქვთ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვინ არიან ნათესავები, მეგობრები და სწორ კვალს დაადგებით. როგორც ჩანს, „ნაციონალებმა" მისცეს დირექტივა, რომ პრობლემები შეუქმნან პრესას.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ქრონიკა "


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016