„ყველა პატიმარი იკლებს წონაში. პატიმარი, რომელიც გასუქდა, ჯერ არ დაბადებულა." -ეს განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში გააკეთა.
უმრავლესობის წარმომადგენელი ევროპარლამენტარების კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილს ახლობლებთან კონტაქტი იმდენჯერ ექნება, რამდენჯერაც კანონის მიხედვით ეკუთვნის. პაემნების რაოდენობა ვერ გაიზრდება, მარტო იმიტომ, რომ განსაკუთრებული პატიმარია. საქართველოს სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილი, სანამ მის მიმართ განაჩენი არ შევა ძალაში, ახლობლებს ვერ შეხვდება. მისი თქმით, სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული.
„საჭმელი აკლიაო და სიგარეტი არ აქვსო, მაგას ვერავინ იტყვის, იმიტომ რომ მისი რაციონი ჩვენთვის ცნობილია. მას ხელი ყველაფერზე მიუწვდება. მთავარია, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კანონი არ ირღვევა". აღნიშნა ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ლისეკის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს სამი ხელისუფლება აქვს, ერთ-ერთი, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და სწორედ ის წყვეტს აღმკვეთი ღონისძიების საკითხს.
„საქართველოს სასამართლო წყვეტს ამ საკითხს და არა ბატონი ლისეკი, ევროპის პარლამენტი, ან ვინმე სხვა. ლისეკის მოსაზრება საინტერესოა, მაგრამ არა- გადამწყვეტი.ევროპის პარლამენტი კი არის ევროსაბჭოს, ევროპის კავშირის ორგანო, რომლის წევრიც ჩვენ არ ვართ. მოვუსმენთ ყველას, მაგრამ რეალურად არ შეგვიძლია მათი თხოვნები და ბრძანებები შევასრულოთ. მიგვიღონ ევროკავშირში და განვიხილავდით მაგ საკითხსაც. ."-აღნიშნა ბერძენიშვილმა „რეპორტიორტან" საუბარში.