გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“დღევანდელ ნომერში, ანზორ თოთაძის სტატია დაიბეჭდა გახმაურებულ მოსმენებზე. „რეპორტიორი“გთავაზობთ პუბლიკაციის მცირედ შემოკლებულ ვერსიას.
ყოფილმა პრეზიდენტმა, როდესაც შეიტყო, რომ მისი საქმე წასული იყო და საქართველოში ცხოვრების იმედიც გადაეწურა, სასწრაფოდ მისთვის ხელსაყრელ თანამდებობაზე სანდო კაცები დანიშნა, რათა გარედან ემართა თავისთვის სასურველი პროცესებიც და ქვეყანაში ისევ არევდარევა შეეტანა. ასე მოგვევლინა ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თავკაცად. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მტერს იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც მიაყენა „რუსთავი 2“-ის არხმა. დღიდან მისი დაარსებისა, ეს ტელეარხი ერის ორგანიზმის სამუდამო გატეხვას, მის ფიზიკურ და სულიერ განადგურებას ცდილობდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველა პირობა შეუქმნა ამ ტელევიზიას, რათა იგი მოესყიდა და თავისი ბინძური საქმეების უსიტყვო აღმსრულებლად და თანამონაწილედ გაეხადა. ტელევიზიას ჩამოაწერეს ათეულ მილიონობით ლარი, მის ეკრანზე მხოლოდ მეტად საეჭვო ქცევის გოგო-ბიჭები ჩნდებოდნენ, რომელთაც თავზე წამოიცვეს მორალი და ზნეობა. სააკაშვილმა კარიერის დასაწყისში, როდესაც იგი იუსტიციის მინისტრი გახდა, თავისი კაბინეტის ფოიეში და მთლიანად კორიდორში მოაწყო ფოტოსურათების გამოფენა: „ჩვენი მეგობრები გვსტუმრობენ“. სურათებში სააკაშვილი გადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის ყველა წამყვან თანამშრომელთან ერთად, რა თქმა უნდა, მეგობრულ პოზებში.
მოკლედ, ამ არხზე მომუშავე ჭორიკანებმა: ინგა გრიგოლიამ, ეკა ხოფერიამ, მაია ასათიანმა, ნინო შუბლაძემ, რომელთა კოჰორტა ამჟამად ეკა კვესიტაძითა და ნანუკა ჟორჟოლიანით შეივსო, ერი ფაქტობრივად დააავადა. ისინი გარეგნულად ცდილობდნენ მამა აბრამის ბატკნები ყოფილიყვნენ, მაგრამ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას დასჭირდებოდა თავიანთი ბინძური საქმეების კეთება, ყველაფერზე მიდიოდნენ. რად ღირს თუნდაც ორღობის დედაკაცივით ჭორიკანა აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა „60 წუთი“. თუ მას კიდევ შერჩენია სინდისის ნატამალი, ახლა მაინც აღიაროს ვინ შეუკვეთა ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრის, პროფესორ ვალერი ასათიანის შესახებ სრულიად აბსურდული მაკომპრომეტირებელი მასალა, მაგრამ ამის ვაჟკაცობა არა მგონია მას ეყოს. „რუსთავი 2“-ს დღემდე ბატონი ვალერი ასათიანისათვის ბოდიშიც არ მოუხდია, რაც მას სასამართლომ მიუსაჯა.
ახლახან „რუსთავი 2“-მა ქვეყანას ამცნო, ადამიანების ფარული მოსმენები გრძელდებაო და კადრებიც აჩვენეს ტელევიზიით. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს კადრები არაფერში ჭირდებოდა. ყველაფერი უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ეს ძველი ხელისუფლების ნახელავია. როგორც გვჩვევია, ატყდა ერთი დავიდარაბა და სატელევიზიო გადაცემები და პრესა ერთი კვირაა ამ თემით კვებავს მოსახლეობას. ერთ-ერთ გადაცემაში ბატონმა დავით დარჩიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც სჩვევია, ყველაფერი ხელისუფლებას დაავალა – კონკრეტული პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოსო, თანაც დაამატა, ზეწოლას ახორციელებენ თავისუფალ მედიაზეო. მან გადაცემაში მომღერლის, რაღაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დამკვრელის, პარლამენტარ გოგა ხაჩიძის „ექსპერიმენტიც“ გაიხსენა, როდესაც მან ფარული მოსმენების გამოსავლენად ნაცნობს დაურეკა, ხვალ პრემიერ-მინისტრის სახლთან აქციას აწყობენო. ამ საწყალ მუსიკოსს დაავიწყდა, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლს ყოველთვის იცავენ პოლიციელები და გადაცმული უწყების მუშაკებიც. დამატებით პოლიციელების რაოდენობა თუ რაზმი მთავრობის მეთაურის სახლთან კი არ მისულა. დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, პარლამენტარებს უსმენენო, მაგრამ საკითხავია, ვის რაში სჭირდება ხაჩიძის მოსმენა. ბატონმა დავითმა შესანიშნავად იცის, რომ თავის დროზე ხაჩიძის მინისტრად დანიშვნა სრული გაუგებრობა იყო. ამის შესახებ ღირს ერთი ანეკდოტიც გავიხსენოთ: გურულს უთხრეს: ლენინს ბავშვობაში მუსიკა უყვარდაო. გურულმა მიუგო: გაყოლოდა მერე მუსიკას, კაცი გამოვიდოდაო. დარჩიაშვილმა, ალბათ, ისიც იცის, როგორ დანიშნეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერონიკა ქობალია და ისიც ეცოდინება, რომ ნაციონალების მიერ უამრავი მოსმენა და ჩანაწერი უშუალოდ სააკაშვილის მიუთითებლად არ კეთდებოდა.
დარჩიაშვილი ყოველი გამოსვლისას ნირშეუცვლელად იმდენ ტყუილს ახვავებს, რომ ადამიანს სურვილი ებადება პირზე პამპერსი გაუკეთოს, რათა მისი ნალაპარაკები ისევ მასთან დარჩეს.
ერთი რამ ცხადია: ახალმა ხელისუფლებამ ყველა ჩვენგანს რომ მოუსმინოს, დარჩიაშვილს, ბოკერიას, ხაჩიძეს და თავის სასარგებლოდ თავგზააბნეულ ნაციონალებს არავითარი მორალური უფლება არ აქვთ მოსმენა-ჩანაწერებზე ილაპარაკონ. მათ არასოდეს ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანურ უფლებებს. ახლად თავს კი ვერავინ იშობს.
დასასრულ, გარკვევით უნდა ითქვას, რომ სანამ ნაციონალებს თავის ადგილზე არ მოვსვამთ, მანამ ვერც ეკონომიკაში, ვერც სოციალურ სფეროში, ვერც პოლიტიკაში, ვერც სულიერ ცხოვრებაში წინ ვერ წავიწევთ. ეს ძალა მხოლოდ ნგრევისთვისაა მოწოდებული. ხალხი სამართალს ითხოვს, რადგან მხოლოდ სამართლიან სახელმწიფოში შეიძლება ახლის შენება და თვით ადამიანთა გამრავლებაც კი. ვახტანგ VI-ის სამართალი გვახსენებს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ანდერძს: „უსამართლობა ამა სოფელსა კაცსა უძეოდ აღმოჰფხურის და გარდაავლინებს, დღეთსიგრძეობასა მოუკლებს, ქვეყანას აუოხრებს, ცანი ცვარს დააკლებენ და ქვეყანა – ნაყოფს, ამ სოფელს შეარცხვენს და იმ სოფელს წასწყმედს და საუკუნო სატანჯველს დაუმკვიდრებს.
ესენი ყველა უსამართლობისგან გამოვლენ და სამართლის ქმნა მეფესა და მსაჯულს ამ ყოვლის ბოროტისაგან შორედ ჰყოფს და განსდევნის“. დიდი რუსთაველი კი ამბობს: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.
ანზორ თოთაძე