ჟურნალ „ქვაკუთხედის" მთავარი რედაქტორი, ხათუნა საგინაშვილი თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს და იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის აიდი ბარათებთან დაკავშირებული საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვს.
საგინაშვილის თქმით, წულუკიანის უწყებამ საპატრიარქოს ამ საკითხზე 15 კითხვით მიმართა, პასუხები კი გასაიდუმლოებულია. საგინაშვილი წულუკიანს ურჩევს, თავი დაანებოს ორმაგ თამაშს და ეკლესიის პოზიცია მოსახლეობას გააცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ათეულათასობით მორწმუნე მართლმადიდებელი პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. „ქვაკუთხედის" რედაქტორი, თეა წულუკიანს ღია დებატებშიც იწვევს. „დაჯექით ჩვენთან დებატებში თქვენი არგუმენტებით, თუ ოდნავ მაინც დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში. დაე, საზოგადოებამ განსაჯოს, თუ ვისი პოზიციაა ყალბი და ვისი-არა",- ნათქვამია საგინაშვილის მიმართვაში.