(ჯაბა ჟვანია, „საქართველო და მსოფლიო")
მას შემდეგ, რაც უსუფაშვილის პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი ხმათა უმრავლესობით მიიღო და ერთბაშად «დემოკრატიის ჭეშმარიტებას» გვაზიარა, უკმაყოფილო საზოგადოების ერთადერთ იმედად ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი მარგველაშვილი რჩებოდა. ბევრი ელოდა, რომ უმაღლეს მთავარსარდალს ეყოფოდა გამბედაობა აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დასადებად, მაგრამ ეს მოლოდინიც ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა, როგორც «მეოცნებეთა» წინასაარჩევნო დაპირებები.
«პლასტელინმა» კანონს ხელი ისე მოაწერა, განხილვაც კი არ ყოფილა და ამით, ფაქტობრივად, წამზომი ჩართო. ახლა ისღა დაგვრჩენია, 30 დღის გასვლას დაველოდოთ. ამის შემდეგ კანონი ძალაში შევა და უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ იტყვიან, თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, დიმიტროვის, ფულესა თუ ეშტონისგან შეჩვენება არ აგვცდება, ევროკავშირი კი კარს მოგვიხურავს და მერე ვერანაირი «სეზამ, გაიღე» საქმეს ვერ უშველის. მოკლედ, ყველაფერი ნათელი და ცხადია, საქართველომ «ისტორიული არჩევანი» გააკეთა. გაუგებარი მხოლოდ ის არის, რა შეცვალა ჩვენთვის ამ არჩევანმა, მაგრამ ამასაც, ალბათ, მალე გავიგებთ... «საქართველო და მსოფლიო» მსახიობ გურამ ფირცხალავას დაუკავშირდა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე აზრის გამოთქმა სთხოვა.
_ ბატონო გურამ, რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? რას გვაძლევს ის და რა აუცილებლობას წარმოადგენდა მისი მიღება?
_ ჯერ დავიწყოთ იმით, არის თუ არა საქართველოში დისკრიმინაცია. მე რაღაც არ მსმენია, ვინმეს სახლში შევარდნოდნენ თავისი განსხვავებულობის გამო, მიეყენებინოთ შეურაცხყოფა, დაემცირებინოთ და ა. შ. პირიქით, ტელევიზორს ჩართავ და, რომელ არხზეც გინდათ, სულ ესენი არიან. ის კი არა, ერთი პირდაპირ იძახდა გადაცემაში, იმდენი კაცი მყავდა, სათვალავი ამერიაო. ვსვამ მარტივ შეკითხვას: ამათ რომ ვინმე დევნიდეს, გაბედავდნენ ამ ტელეორგიების მოწყობას?! ვინმე ამოიღებდა ხმას ასეთ საკითხებზე?! რა ხდება, გამაგებინეთ! გამოდის ქალი და გახარებული ამბობს, რა კარგია ორალური სექსი, ყველამ უნდა გასინჯოსო. მეორე უმოწმებს, _ აბა რა, მაგას რა ჯობიაო. მერე მიდის პროპაგანდა, რომ თურმე მამათმავლობა გადახრა კი არ არის, ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველანი სოლიდარული უნდა ვიყოთ მათ მიმართ. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ამას რომ მოზარდი მოისმენს, ის ნორმალური იქნება?! მე ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები ამაში. რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, მის მიღებას ნამდვილად ველოდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ სამი კაცი არ აღმოჩნდა ამ პარლამენტში, რომლებიც კენჭისყრის დროს წინააღმდეგი წავიდოდნენ... ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის ოქტომბერი, რის ფასად დაგვიჯდა ის გამარჯვება და რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა რეჟიმთან დაპირისპირებას... აი, თურმე რისთვის ვიბრძოდით. ესაა უბედურება და ამაზე მწყდება გული! ჩემთვის უწმინდესზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს და საპატრიარქომ უარყოფითად შეაფასა ეს კანონი. კიდევ ვიმეორებ: მე სრულად ვენდობი ჩვენს ეკლესიას, ამიტომ, რადგან ის ამბობს, რომ ეს არის საფრთხე, ე. ი. მართლა რაღაც არის მასში ისეთი, რაც არ უნდა მივიღოთ.
საინტერესოა, რატომ ითხოვს (თუ ითხოვს საერთოდ) ევროპა ასე დაჟინებით ჩვენგან ამ კანონის მიღებას. ევროკავშირის წარმომადგენლებს, იმავე ბატონ დიმიტროვს და სხვებს, ვკითხავდი _ მართლა მაინტერესებს, რა ღირებულებების გაერთიანებაა ეს ორგანიზაცია, მიგვიღებენ ისეთებს, როგორებიც ვართ, თუ მათნაირები, ევროვიზიის გამარჯვებულ კონჩიტას ნაირები, უნდა გავხდეთ? თუ კონჩიტას უნდა დავემსგავსოთ, მაშინ მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, წინააღმდეგი ვარ ევროინტეგრაციის. თუ არა და ნუ გვაძალებენ და ნუ გვტენიან იმას, რაც ქართველისთვის არასოდეს იქნება მისაღები.
_ თქვენ თქვით, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდა თუნდაც სამი ადამიანი, რომლებიც ხმას კანონპროექტის წინააღმდეგ მისცემდნენ. როგორ ფიქრობთ, მართლა ასეთი ერთსულოვანი იყო უმრავლესობა, თუ რაიმე ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა მათზე ვინმეს?
_ არც ერთ შემთხვევაში ამ საქციელს გამართლება არ აქვს. რა ზემოქმედებაზე ვსაუბრობთ, ვინმემ ძალით დააჭერინათ ხელი ღილაკზე?! დღევანდელ პარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც (ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ შეგნებულად, გაუცნობიერებლად, ამას მნიშვნელობა არ აქვს) უნდა იცოდნენ, თუ კი რამე ცუდი შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის ამ ე. წ. კანონს, რომ ამაზე ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ერის წინაშე.
ახლა ესენი კი ამბობენ, აღნიშნული კანონი ეკლესიას არ ეხება და მღვდელს არ ეკრძალება, ქადაგებაში ცოდვად მოიხსენიოს სექსუალური გადახრებიო, მაგრამ ხვალ-ზეგ რა სახეს მიიღებს ეს კანონი ან კიდევ რას მოითხოვენ ე. წ. უმცირესობები, ვიცით?! ვფიქრობ, ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. აქ იქნება სერიოზული დაპირისპირება ქართულ მენტალიტეტთან და ამას შეეწირება ხელისუფლების რეიტინგი.
_ საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ კოალიციაში დღითიდღე მეტ ყოფილ «ნაციონალს» ვხედავთ. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კალაძემ კი თქვა, «ოცნების» სიაში მათი ჭაჭანება არ იქნებაო, მაგრამ დაპირება ფუჭი აღმოჩნდა...
_ ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და ბუნებრივია, ხალხს აღიზიანებს. მერწმუნეთ, ყველაფერს მოითმენდნენ ადამიანები _ უმუშევრობასაც, უგზოობასაც, სიღარიბეს და ა. შ., დამნაშავეების პარპაშს კი ვერა. ამიტომაა ამდენი აგრესია და ბოღმა. ამიტომაა, რომ გაუბედურებული მოქალაქეები უკვე შურისძიებაზე გადავიდნენ... მე პირადად რამდენიმე კაცმა დამირეკა სენაკიდან, აბაშიდან; გაგიჟებულნი იყვნენ, _ სააკაშვილს ვებრძოდით, გვეგონა, რეჟიმი დავასრულეთ და გამგებლად ისევ «ნაციონალი» დაგვინიშნესო. ყველაფერს საზღვარი აქვს, ხალხმა შეიძლება ვერ მოითმინოს და ერთ დღესაც მართლა დიდი მღელვარება მივიღოთ.