"საქართველოს მყიფე დემოკრატიული პროცესი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "Wall Street Journal"-ი „ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის წერილს. სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ "პრაგმატიზმის გზით პროგრესის " მიღწევა მისთვის გაურკვეველი მცნებაა, მაშინ, როდესაც საქმე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.
"ყოფილ მთავრობას ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ მან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის ინდექსი ადასტურებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, დემოკრატიის საბოლოო ტესტიც ჩააბარა - გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებით, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას".
ბატონმა ივანიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ოპოზიცია, მაგრამ ის ვერ უარყოფს, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩაიბარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ პროგრესის გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იქნა მიღწეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ ინსტიტუციებს მუქარის, შევიწროებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებისთვის, რითაც რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას", - აღნიშნავს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი.
გუნარ ჰოკმარკი ასევე ციტირებს აპრილში, ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.
"ლე მონდის" კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ოპონენტები ციხეში უნდა ჩასვან, ბატონმა ივანიშვილმა უპასუხა, რომ "თუ ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ტყუილსა და ხალხის იგნორირებას, პროკურატურის წინ რიგები კიდევ უფრო მოიმატებს". მას შემდეგ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი მიეცა პასუხისგებაში, დააკავეს და ციხეში ჩასვეს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ყოველივე ეს საგანგაშოა და რა თქმა უნდა, არა პრაგმატული გზა საქართველოს წინსვლისთვის", - წერს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი გუნარ ჰოკმარკი.