მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C , E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს.
მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით!
უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს.
• თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.
• თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა მიირთვით - ტკივილი გაგივლით.
• გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.
• მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.