ფრიად სამწუხარო ამბავი უნდა ვაუწყოთ ჩვენს ჟურნალისტურ ოჯახს: სულ ცოტა ხნის წინ უკურნებელი სენის შედეგად გარდაიცვალა უსაყვარლესი გუგა კვიტაშვილი – ცნობილი ტელეჟურნალისტი და 90–იანი წლების მეორე ნახევრის "მოამბის" წამყვანი, რეჟისორი, საინფორმაციო სააგენტოს დამაარსებელი, ბადრი პატარკაციშვილის პრეს–მდივანი – კეთილშობილებით აღსავსე პიროვნება, ერთგული მეგობარი. გუგა 42 წლისა იყო. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა მინსკში, ბოლო თვეები–საქართველოში დაბრუნებული მძიმედ ავადმყოფი ლოგინს იყო მიჯაჭვული. ასეთივე ავადმყოფობის შედეგად, უდროოდ გარდაიცვალა მამამისიც–ცნობილი ტელეჟურნალისტი ზურა კვიტაშვილი. ავადმყოფ გუგას ბოლო თვეებში დიდად უამაგეს გია ჯაჯანიძის ოჯახმა, ვანო ბაქრაძემ, ნათია ფოფხაძემ და სხვა ზნეკეთილმა ადამიანებმა. "რეპორტიორი" გულწრფელად უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს.