როდესაც არტურ კონანდოილმა საკუთარი პერსონაჟი, შერლოკ ჰოლმსი, გაწირა და რეიხენბახის ჩანჩქერის სიახლოვეს „მოკლა“, მთელი ინგლისი ფეხზე დამდგარა, ეს როგორ იკადრაო. მკითხველები სასტიკ პროტესტს გამოთქვამდნენ თურმე.
დაბნეულ დოილს დედისთვის მიუწერია წერილი, რჩევა უკითხავს. დედასაც არ დაუყოვნებია, შენ ნამუსი თუ გაქვს საერთოდ, ყველასთვის საყვარელ ჰოლმსს როგორ კლავ, მაგას როგორ ბედავო!
ამ ამბავს რომ ვიხსენებდი, შემშურდა კიდეც ვიქტორიანული ინგლისის, წიგნის გმირის სიკვდილს საკუთარივით რომ განიცდიდნენ, ლიტერატურით რომ ცხოვრობდნენ და ალბათ ჩვენზე ცოტათი ბედნიერებიც იყვნენ.
თუმცა, ჩვენც გვაქვს ასეთი სასიამოვნო მაგალითი: ალექსანდ რეყაზბეგის „ელგუჯა“ თავიდან პატარა მოთხრობა იყო, ახლა რომ ერთი თავია, იმისგან შედგებოდა მთლიანად. დანარჩენი მერე დაუმატებია ყაზბეგს. მიზეზი კი ასეთი ყოფილა: სტამბაში უნდა აეწყოთ მოთხრობა (მაშინ გაცილებით ჩახლართული იყო ეს ამბავი) დაცხადია, ასოთამწყობები მუშაობისას კითხულობდნენ კიდეც. ბოლომდე რომ ჩასულან და ელგუჯას სიკვდილის ამბავი რომ შეუტყვიათ, პროტესტი განუცხადებიათ: არ ავაწყობთ არაფერს, თუ ავტორი არ გააგრძელებს მოთხრობას და შესაბამისად, ელგუჯას არ „გააცოცხლებსო“, ასეთი კაი კაცის მოკვლის უფლებას ვერ მივცემთ ავტორსო.
რა უნდა ექნა ყაზბეგს? გააგრძელა.
როგორც ყველა პატიოსანმა ბავშვმა, კითხვა მეც ზღაპრებით დავიწყე. მერე და მერე სხვა წიგნებიც შემომაპარეს მშობლებმა, მაგრამ, მახსოვს, დიდად არ მივუზიდივარ. იმდენად, რომ ორი-სამი გვერდის მერე ვხურავდი და პროტესტის ნიშნად, სათამაშოდ გავრბოდი. მაგრამ მამაჩემს ხელები არ ჩამოუშვია, როგორც ჩანს, მალევე შეიმუშავა ახალი მეთოდი: მეტყოდა, ახლა ამას (მაგ: ნიკო ლორთქიფანიძის რომელიმე ნოველას) თუ წაიკითხავ, მერე წავალთ გალში და შოკოლადის ნაყინსაც გიყიდიო. რა თქმა უნდა, მოტყუება არ გამომივიდოდა, მერე კითხვებს მისვამდა, მალაპარაკებდა წიგნის ავ-კარგზე, მეკამათებოდა, ვეკამათებოდი. ჩემი „მოქრთამვა“ მხოლოდ შოკოლადებით არ ხდებოდა, იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
როგორ ვაიძულოთ ადამიანებს, რომ იკითხონ? შევძლებთ კი, ვაიძულოთ? ან რატომ უნდა ვაიძულოთ? ვთქვათ, ვაიძულეთ, მერე?
იძულება კითხვის მექანიზაციაა და გამორიცხავს ინტერპრეტაციის აქტს. ამის გარეშე კითხვა კი არაფრის მომცემია. გამოსავალი მოტივაციის გაღვივება შეიძლება იყოს. მაგრამ როგორ გინდა, ეკრანის თაობას (როგორც დაგლას რაშკოვი იტყოდა, სქრინეიჯერებს) ეკრანი გამოსტყუო და წიგნისკენ წაიტყუო. მართალია, ეკრანიც შეიძლება წიგნის ფუნქციით დატვირთო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჰარიპოტერის“ ეკრანიზაციისკენ გაიწევენ, ვიდრე ტექსტისკენ.
ნაცად ტრუიზმს რომ მივყვეთ, კარგი ფილმი კარგია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ კარგი ლიტერატურა კიდევ უფრო კარგია. არა, არ ვაპირებ კინემატოგრაფის და ლიტერატურის შედარებით დახასიათებას და შესაბამისად, ამ უკანასკნელის იმ პირველთან უპირატესობის გამოკვეთას. ესეც შეიძლებოდა, რატომაც არა, მაგრამ მე მხოლოდ ორი მაგალითის მოტანით დავკმაყოფილდები.
ჰომეროსის „ილიადაში“ მშვენიერი ელენეს შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მშვენიერია. დანარჩენი უკვე ჩვენზე, მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მთავარია, როგორ აღვადგენთ მშვენიერის ხატს გონებაში, როგორ შევქმნით ჩვენს, პერსონალურ ელენეს.
ახლა ვნახოთ „გაფილმებული“ ელენე – ის კარგი ნაშაა, ჩვენი დროისათვის სახასიათო სილამაზის ყველა სტერეოტიპმომადლებული. რაღა უნდა წარმოვიდგინოთ, წარმოსადგენზე უკეთესიც კი ამისი ვიზუალი. წარმოსახვა რაღაზე უნდა დავძაბოთ, როცა კასტინგის რეჟისორმა უკვე იზრუნა და ჩვენ მაგივრად წარმოისახა. რაღა დაგვრჩენია, თვალები უნდა გავაფაციცოთ და ვუყუროთ, წარმოსახვა, ფანტაზიის დაძაბვა საჭირო აღარაა.
ახლა ვნახოთ სხვა ტიპის მაგალითიც. მიშელუელბეკი, დიდი პროვოკატორი და „გლამურული მარკიზდესადი“, როგორც მას უწოდებენ, ერთ ოსტატურ სვლას გვთავაზობს. მის „რუკა და ტერიტორიაში“ ასეთი საინტერესო მომენტია: ავტორი აღწერს პერსონაჟს, ისე, რომ საერთოდ არ აღწერს მას. ამ რომანში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ჟედი, რომლის გარეგნობის შესახებ არაფერი ვიცით. არადა, შევეჩვიეთ, უკვე ნახევარი რომანი მოვლიეთ, გვესიმპათიურება კიდეც ეს გმირი, მაგრამ არ ვიცით, როგორი გარეგნობა აქვს: მაღალია, მელოტია, მსუქანია თუ? ცოტათი მაინც რომ მიენიშნებინა, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდით, მაგრამ უელბეკი გვეთამაშება.
და აი, რომანის (დაახლოებით) შუა ნაწილში, პერსონაჟი ჟედი იძახებს ხელოსანს, რომლის გარეგნობას ავტორი უშურველად აღწერს: „პატარა ტანის, შავთმიანი კაცი გახლდათ, თხელი, სწორ ნაკვთებიანი გაფითრებული სახე ჰქონდადა Belle époque-ის სტილის პატარა ულვაში“. რა გავიგეთ აქედან ხელოსნის გარეგნობაზე? ბევრი რამ. ჟედის გარეგნობაზე? ჟედი ისევ თამაშგარეთაა. მაგრამ ავტორი იქვე ამატებს: „რაღაცით ოდნავ ჟედს ჩამოაგავდა, ულვაშს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია“.
აი, ასე მარტივად და ოსტატურად აღწერა უელბეკმა „რუკა და ტერიტორიაში“ მთავარი პერსონაჟი ისე, რომ მასზე საერთოდ არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, ჩვენს ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და ამავე დროს, ორი კურდღელი დაიჭირა: შემთხვევითი პერსონაჟის აღწერაც მოგვცა და მთავარი გმირის გარეგნობაზეც „დაგვლინკა“. სხვა ყველაფერთან ერთად, ამაშიცაა ლიტერატურის უპირატესობა.
ვასილი კანდინსკი ნაშრომში „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ წერს: ძალზე მარტივი მოძრაობა, რომლის მიზანიც უცნობია, თავისთავად მოქმედებს, როგორც მნიშვნელოვანი, საიდუმლოებით აღსავსე, სადღესასწაულო“.
აქ მნიშვნელოვანია დღესასწაულის და მოულოდნელობის დიქოტომია. დღესასწაული ეს არის საშუალება, ხერხი, თუ როგორ გამოვტყუოთ რუტინას საკუთარი თავი. რუტინა სტატიკური დროა, დღესასწაული – დინამიკური.
როდესაც მწერალი „აამუშავებს“, „მოქმედებაში მოიყვანს“ დღესასწაულს, აქ იწყება ლიტერატურის მოულოდნელობა და დავინახავთ, როგორ მოძრაობს დრო, რომელიც აქამდე რუტინული, გაქვავებული და შედედებული იყო. წავიკითხოთ ტრანსტრომერის ეს ფრაზა: „ვიკეთებ მზის სათვალეს, ჩიტების ჭიკჭიკი ჩამუქდა“. წარმოგიდგენიათ ამის გაფილმება? ვერ ცერთი რეჟისორი ვერ წარმოიდგენს ჩამუქებულ ჭიკჭიკს, ან ივლისისფერ ყინვის თასებს. ჯერჯერობით, ტექნიკურად მოუხერხებელია ასეთი რამ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
ისე გამოვიდა, რომ, დაპირების მიუხედავად, მაინც ფილმები და ლიტერატურა დავაპირისპირე და ამ უკანასკნელის უპირატესობის გამოკვეთას ვეცადე. ცხადია, ეს ოდნავ გადაჭარბებულია, ცხადია, ბევრი გენიალური ფილმი არსებობს, რომელიც რაგინდარა ლიტერატურას გაუწევს კონკურენციას და ზოგჯერ, მათზე მაღლაც დადგება. უბრალოდ, მე ლიტერატურის აპოლოგიას ვეწევი, ფილმებს კი ისედაც არაფერი სჭირთ ჩემი დასაცავი, მათ თავისუფალი ბაზრის მადლი ჰფარავთ.
პაატა შამუგია