ელდარ შენგელაიას ''ცისფერ მთებს'' 2014 წელს კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში - ''კანის კინოკლასიკა'', ფრანგული სუბტიტრებით აჩვენებენ. ფესტივალი 14 მაისს გაიხსნება, ხოლო ფილმს ''ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' 16 რიცხვში წარმოადგენენ და კლასიკური ფილმების ჩვენების სექციას იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახსნის.
''ცისფერი მთები'' ''კანის კლასიკაში'' 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და არჩევანი 1000 ფილმს შორის გაკეთდა. შენგელაიას ფილმის გარდა, ოცეულში შესულია სხვა ცნობილი რეჟისორების: ჰიჩკოკის, ვიტორიო დე სიკას, ფედერიკო ფელინის, გოდარის ნამუშევრები...
ამ სექციაში ქართული ფილმი წელს პირველად აღმოჩნდა, თუმცა კანის ფესტივალზე, 1985 წელს, რეჟისორთა კვირეულზე ეს ფილმი ერთი დღის განმავლობაში ორჯერ უჩვენებიათ - დილით და საღამოს. როგორც ბატონმა ელდარმა აღნიშნა, მაშინ ამ ფილმს პრესაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად კი ფილმი კანში ქალბატონმა თაკო ტატიშვილმა, ''კინოცენტრის'' ყოფილმა დირექტორმა წარადგინა.
''ცისფერი მთები'' 1963 წელს რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. ეპოქის ალეგორია, ჩაკეტილი სივრცე და ფილმი აბსურდის თეატრალური ელემენტებით, დღემდე თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესია. ფესტივალზე ფილმის ჩვენებაზე დასწრებას მისი რეჟისორი, ელდარ შენგელაიაც აპირებს...
- ბატონო ელდარ, როცა ამდენი წლის შემდეგ უყურებთ თქვენს ფილმს ''ცისფერი მთები'', გიჩნდებათ რამე ცვლილების სურვილი?
- არა. არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი. ესენია: ''არაჩვეულებრივი გამოფენა'', ''შერეკილები'', ''სამანიშვილის დედინაცვალი'' და ''ცისფერი მთები''. რაც შეეხება ''ექსპრეს ინფორმაციას'', მე ის გადავამონტაჟე. ამ ფილმს თბილისის ომის პერიოდში ვიღებდით და მუშაობა რთული იყო. არადა, როცა რეჟისორი ფილმს იღებს, სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს და აწუხებდეს. ამ ფილმებამდე კი მე და თამაზ მელიავამ გავაკეთეთ ''თეთრი ქარავანი''. ეს ფილმი როგორიც იყო, ასევე დარჩა.
- თქვენ გიყვართ არაპროფესიონალების მიწვევა ფილმებში...
- ჰო, მყავს პროფესიონალები და არაპროფესიონალებიც. ბევრი ჩემი ფილმის პერსონაჟი მსახიობი არ იყო, ისინი ''ცხოვრებიდან'' შევარჩიე. მაგალითად, ''ცისფერ მთებში'' კომენდანტის როლზე ძველი კინოსტუდიის კომენდანტი მივიწვიე, პრინციპში თავის თავს თამაშობდა. რაც შეეხება ვასილ ჩხაიძეს, ''არაჩვეულებრივი გამოფენისთვის'' პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.
გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი - პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. სინჯებს რომ ვუღებდით, კაცი გაქვავდა. მივხვდი, განათებას და მსგავს გარემოს არ იყო შეჩვეული. ჯერ სხვებს გადავიღებ, თქვენ დამელოდეთ და მერე ჩვენ ვცადოთ-მეთქი, - ვუთხარი ბატონ ვასოს. ასეც მოვიქეცი და მოგვიანებით კიდევ გადავიღე. ეტყობა, შეეჩვია გარემოს და აი, მაშინ უკვე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარგოდა და მეორე რეჟისორის, რამაზ შარაბიძის რჩევით, გახმოვანებისას ეროსი მოვიწვიეთ.
ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისათვის. მან ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' პიპინია და შემდეგ ''შერეკილებში'' ქრისტოფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. მისი ხმა გადამწყვეტი იყო.
- ბატონო ელდარ, სამწუხაროდ, ''ცისფერი მთების'' შემადგენლობიდან უმეტესობა გარდაცვლილია. უმრავლესობის გზა და ბედი საზოგადოებამ იცის. თემიკო ჩირგაძე თქვენი მეგობარი იყო, პროფესიით ექიმი. მაგრამ ვინ იყვნენ მდივანი თინა? არტემ ჩაჩანიძე? ან თუნდაც ის ორი კაცი, გივის რომ ეძებდა...
- სამწუხაროდ, რამაზ გიორგობიანი, თემიკო ჩირგაძე, დარეჯან სუმბათაშვილი გარდაიცვალნენ. თემიკო ჩემი ძმის, თენგიზის, უახლოესი მეგობარი იყო. მოგვიანებით ჩვენც ძალიან დავახლოვდით. თემიკო სოფელ ვოროტინსკში სამხედრო ექიმად მსახურობდა. იქვე იყო დიდი აეროდრომი.
ჩვენს დროს ასეთი წესი იყო, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ვინც პირველ კურსს კარგად ვერ დაამთავრებდა, მას ინსტიტუტიდან რიცხავდნენ. დედა ამაზე ძალიან წუხდა და მოსკოვში ჩამომაკითხა. თუმცა ყველაფერი კარგად ჩავაბარე და ვუთხარი, რომ თემიკოსთან ვოროტინსკში მივდიოდი. დედა მეორე დღეს, ანუ საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვიდან უკან ბრუნდებოდა. მითხრა, აუცილებლად ჩამოდი, თორემ არ წავალო. მანამდე კი თემიკოსთან ჩავედი. პატარა სახლი იყო, როგორიც რუსეთის სოფლებშია ხოლმე. დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა და იქ გურამ მელიავამ, გურამ ასათიანმა და სხვა მეგობრებმა ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და დავწექი. ისეთი ძილი ვიცოდი, ატომური ბომბი რომ ჩამოგეგდოთ, არ ვიღვიძებდი. თუმცა საპირისპირო რამ მოხდა: მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს დავლიე, ნამგზავრი ვიყავი, ღამით 3 საათზე გამეღვიძა. ნეტავ არ გამღვიძებოდა... თემიკო გამოვაფხიზლე და ვუთხარი, რომ დედასთან წასვლას ვაპირებდი. გაუკვირდა, არ მიშვებდა, მატარებელი არ იქნებაო, მაგრამ სადგურზე მაინც წავედი და პატარა საბარგოს გავყევი. მოსკოვს რომ მივუახლოვდი, ''ელექტრიჩკაში'' გადავჯექი და დედასთან მივედი. იქ ცნობილი მახიობი ლუბა ორლოვა და მისი მეუღლე იყვნენ. მათ გამო-ვემშვიდობე, მერე დედას. მან არასოდეს იცოდა სილის გაწვნა ან ხელის მოქნევა, მაშინაც უბრალოდ სიტყვიერად მისაყვედურა ჩემი საქციელის გამო. რა გინდა, ხომ ჩამოვედი შენთან-მეთქი, ვუთხარი. მერე ის მე და ჩემმა უფროსმა ძმამ გავაცილეთ. მაშინ ტაქსი არ იყო, ავტობუსში ჩავსვით. წავიდა და წავიდა... მერე მოხდა ის, რაც მოხდა...
(მოსკოვიდან ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. გზაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და მსახიობი დაიღუპა, - ავტ).
''ცისფერი მთების'' სცენარი რომ დაიწერა, ბუღალტრის როლში მაშინვე სესილია თაყაიშვილი წარმოვიდგინე. ჩემი ძმა გიორგი ვერიკო ანჯაფარიძის სიძე იყო და მათ ოჯახში გავიცანი. ქალბატონ სესილიასთან სცენარით რომ მივედი და ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი, უარი მითხრა, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ხვალ-ზეგ ცოცხალი აღარ ვიქნებიო. კარგი, მაშინ მე სცენარს დაგიტოვებთ, ხვალ მოვალ და თქვენ მითხარით, რომელი მსახიობი წარმოგიდგენიათ ამ როლზე-მეთქი. იმავე საღამოს, 9 თუ 10 საათზე, ტელეფონზე ქალბატონი სესილიას ზარი გაისმა: სასწრაფოდ ჩემთან მოდიო. მაშინ ''ნივა'' მყავდა. ჩავჯექი მანქანაში და მივედი. ბინაში რომ შევედი, ზუსტად ისე ჩაცმული დამხვდა, როგორც შემდეგ ფილმშია. შევეხვეწე, ოღონდ და-მთანხმდით და წუთებში გადაგიღებთ ხოლმე-მეთქი. ქალბატონი სესილია უკვე ცუდად იყო. ვაკეში ''ლეჩკომისიის'' საავადმყოფოში იწვა. ფილმისთვის განათებას ლევან პაატაშვილი აყენებდა. მიზანსცენას რომ გავაწყობდით, ქალბატონ სესილიას საავადმყოფოდან გამოვიყვანდით, უკვე გამზადებულ ადგილებში მის სცენებს ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით.
ქალბატონი სესილია თავმდაბალი ადამიანი იყო. გადაღებები რომ დამთავრდა, კინოსახლში პრემიერის დროს სხვა მსახიობებთან ერთად სცენაზე არ ამოვიდა. მთელი ჯგუფი წარვადგინე და როცა ვთქვი, რომ ფილმში ქალბატონი სესილია თამაშობდა, ადგილიდან მუშტი მომიღერა. ფილმის ჩვენების შემდეგ მისი აზრით დავინტერესდი. მითხრა, ვერაფერი გავიგეო. იმ დროს სმენა დაქვეითებული ჰქონდა. მეორე დღეს დარბაზში ისევ მივიყვანე. მექანიკოსთან მივედი, მაქსიმალურად ავაწევინე ფილმის ხმა. მაყურებელი დაყრუვდა, მაგრამ ქალბატონი სესილია იყო ძალიან კმაყოფილი.
ბოლოს ფილარმონიის, ახლანდელი საკონცერტო დარბაზის დიდ დარბაზში გვქონდა ფილმის ჩვენება. ქალბატონი სესილია არ მოდიოდა, ძლივს დავითანხმეთ, თქვა, მოვალ, მაგრამ არაფერს ვიტყვიო. სცენაზე იდგა პატარა სკამი და დასვეს. მინახავს, მსახიობს როგორ ხვდებიან, მაგრამ ისეთი ოვაცია, რაც მაშინ მაყურებლის მხრიდან იყო, სხვა არ მახსოვს. მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ქალბატონ სესილიას. მერე ვარდები მიართვეს, მანქანაში ჩასვეს, შინ წაიყვანეს და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
რაც შეეხება მდივანს, ის სტუდიაში მუშაობდა, ფილმის მერე დამეკარგა და არ ვიცი, რა ბედი ეწია. ის კაცები, გივისთან რომ მოდიან, ტიპაჟები არიან, არაპროფესიონალები. მოტოციკლისტი რამაზ გიორგობიანმა მომიყვანა, ტიპაჟურად ძალიან კარგი იყო და გადავიღე. თითქმის ყველა სხვა ასეთივე ტიპაჟები არიან...
ამ ფილმის სცენარი რეზო ჭეიშვილმა დაწერა, ლევან პაატაშვილმა გადაიღო და დამდგმელი მხატვარი ბორის ცხაკაია გახლდათ. შესანიშნავი კოსტიუმები შექმნა მედიკო ბაქრაძემ. საერთოდ, არ მიყვარს, როცა რეჟისორები ამბობენ - ''ჩემი'' ფილმი. ამ სიტყვებს არასოდეს ვამბობ. ეს იყო ჩვენი და არა ჩემი ფილმი, რადგან, მიმაჩნია, რომ სურათს ჯგუფი აკეთებს.
- დასამახსოვრებელი სცენაა, როცა ფილმში, რედაქციაში სტუმრები მოდიან: მედეა ჯაფარიძე, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლიკა ქავჟარაძე...
- კი... ეს გამოჩენილი მსახიობები რომ მოვიდნენ და გრიმის გასაკეთებლად დასხდნენ, ქალბატონი სესილია თვალს ადევნებდა და თქვა: ო, როგორი კარგი ''მასოვკა'' მოიყვანა ელდარმაო (იღიმის). მეგობრობა მაკავშირებდა ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ამ სცენის გადაღებაზე დამთანხმდნენ: ქალბატონ მედეას ოჯახთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მის შვილ ლაშასთან ვმეგობრობდი, მის მეუღლესთანაც. ქალბატონ ლია ელიავასთან და მის ოჯახთანაც ასეთივე ურთიერთობა მქონდა და ა.შ.
- ''ცისფერი მთების'' მუსიკა გია ყანჩელს ეკუთვნის. ფიქრობთ, რომ ამან ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ფილმის წარმატებაში?
- რა თქმა უნდა. გიას რაც შეეხება, სულ ვამბობ, რომ ის ჩემი პირადი კომპოზიტორია. ჩემი ფილმებიდან მხოლოდ ''ექსპრეს ინფორმაციაში'' ჟღერს ჯანო და ვატო კახიძეების მუსიკა. გიამ დაიწყო ''არაჩვეულებრივი გამოფენით'' და ჩვენი ურთიერთობა შემდეგშიც გაგრძელდა...
(ჟურნალი ''რეიტინგი'', ანა კალანდაძე)