reportiori.ge - კობა კობალაძე: ამ სამივეს დიდი სიამოვნებით მივუნგრევდი თავ-ყბას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:00
პრეს-დაიჯესტი
კობა კობალაძე: ამ სამივეს დიდი სიამოვნებით მივუნგრევდი თავ-ყბას
ავტორი:
20 მაისი, 2014. 19:08



"ეს სააკაშვილი, უგულავა და თარგამაძე, სამივე არეულია და გემი რომ გეზს დაკარგავს, ეგრე დაბორიალობენ. ესენი იმდენს იზამენ, ერთმანეთს შეასკდებიან! ამ დროს ამ სამივეს დიდი სიამოვნებით მივუნგრევდი თავ-ყბას, თან დიდი სიამოვნებით, მაგრამ გავიზარდე და მასე აღარ ვიქცევი", - ეს სიტყვები გენერალ კობა კობალაძეს ეკუთვნის. რატომ ერჩიან "ნაციონალი მამები" "ქართული ოცნების" წარდგენილ მაჟორიტარს  და რას უპირებს მათ კობალაძე? 

- წინა კვირაში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მკითხა, გიგი უგულავას განცხადებაზე რას იტყვითო და არ მქონდა მოსმენილი ეს ინტერვიუ. რომ მოვისმინე, მივხვდი, არც არაფერი შეცვლილა: გამოუქვეყნებიათ ჩემი ფოტო და გიგი უგულავა ამბობს, რომ ამჟამად პარტია "ქართული ოცნებიდან" კენჭს იყრის გლდანისა და ავჭალის ოლქიდან კობა კობალაძეო და, თურმე მე გვარდიაში ყოფნის დროს სიმბოლო ვყოფილვარ კორუფციისა და, თურმე ჩემი ჯარიდან წასვლის შემდეგ დამთავრებულა ყველანაირი კორუფცია, და ნაციონალები რომ მოსულან, მაშინ აყვავებულა ჩვენი ჯარი. ასევე, რაც მთავარია, თურმე, ვყოფილვარ დამეგობრებული "გრუ"-სთან. რა ვთქვა? უგულავა ტუტუცია, უპასუხისმგებლო და ბრიყვია! 

 

- რატომ აღიზიანებთ ასე უგულავასა და სააკაშვილს? ყველგან რომ ახსენდებით, ყველა გამოსვლაზე? 
- საერთოდ, ყველა იმას იღებს ჩემგან, რისი ღირსებიც არიან. ეტყობა, მსუქანი რომ ვარ, გადაწყვიტა, რომ ასეთი ამბებით მანერვიულონ და უნდა გამახდუნონ! 

 

- თვითონაც არ უჩივიან სიგამხდრეს! 
- თვითონ მშვიდი მსუქნები არიან, მე კი - აგრესიული მსუქანი ვარ! აბა, რა გითხრა? 

 

- მათმა სასამართლომ არ გაგამართლათ? თუ "გრუ"-სთან იყავით შეკრული, ციხეში არ ჰყავდით? რატომ გამოგიშვეს? 
- მეც ამას ვკითხულობ! არ გაითვალისწინეს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ისევ მათი პარტიიდან გამოტანილი ბრალდებები აღარავისთვის არის საინტერესო, რადგანაც მხოლოდ ბრალდებაა და არა არგუმენტი. ამათ, ეტყობა, ექსკლუზივი აქვთ აღებული ქვეყნის მართვაზე და, ჩვენი აზრით კი, ხვრაზე! ამდენი წელია სულ ახდენენ ჩემი სახელისა და პიროვნების დისკრედიტებას არა მარტო საქართველოში, სადაც პატიმარიც გამხადეს, არამედ მის საზღვრებს გარეთაც! მე მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ელჩის წერილი, სადაც მწერენ, რომ ის ცილისმწამებლური კამპანია, რაც ჩემს წინააღმდეგ იყო აგორებული, რეალურად გაბათილდა და წარმატებას მისურვებენ. მერე, რა? მაინც აგრძელებენ თავის საქმეს. 

 

- რას აპირებთ? 
- მივმართავ იურისტებს და სარჩელს შევიტან სასამართლოში. თუმცა, მანამდე ვიტყვი, რომ უგულავათი არ დამთავრებულა წინა კვირაში ეგ ამბავი: უგულავას შემდეგ გამობრწყინდა ეთერში თარგამაძის ბიჭი, ახლა ჩემს შესახებ იმან იბოდიალა უპასუხისმგებლოდ, მერე გამობრძანდა გიგა ბოკერია, რომელმაც მოითხოვა პასუხი "ქართული ოცნებისგან", თუ რატომ დამნიშნეს მაჟორიტარად. თქვენი საშუალებით ვუბრუნებ კითხვას: რატომ არ უნდა დავეყენებინე "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარად, მიპასუხოს გიგა ბოკერიამ და მე, მინიმუმ, ას მიზეზს მაინც ჩამოვუთვლი, რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ წამყვან სახელისუფლებო თანამდებობებზე ეგენიც და მათ მიერ დანიშნული სახელმწიფო მოხელეები. 

 

- როდის შეგაქვთ სარჩელი? 
- ამ კვირაში. ეს იქნება სარჩელი ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის საპასუხოდ და მოვითხოვ, დაადასტუროს უგულავამ ის, რაც თვითონ წამოროშა, თუ პატრონის დავალებით. გავიხედე და, ამას წინათ გამოვარდა ის გრძელი ადამიანი და ახლა უკრაინიდანაც კი მე არ მომიხსენია, როგორც ყაჩაღი და ბანდიტი? ასეთი არაფერი გამიგია, რა ვქნა, კაცო, არ ვავიწყდები არსად! ტიპი გამოდის, საერთაშორისო საკითხებზე საუბრობს და უცებ კობალაძე არ ჩართო საქმეში?! ვერ ვიგებ, მართლა ვერ ვიგებ, რა უნდათ? 

 

- უყვარხართ! 
- კი, ბავშვობის აუხდენელი სიყვარული ვარ მაგათი! მაგრამ თან უნდა აღმგავონ პირისაგან მიწისა, მაგრამ ვერ მომინელებენ, მაგათ არ გავუჩენივარ, თან დამრიგებელიც რომ არავინ ჰყავთ? ამათ რომ ჭკუა ჰქონოდათ, მაჟორიტარად რომ დამასახელეს, უნდა გამოსულიყვნენ და გულით უნდა შევექე! ეს სააკაშვილი, უგულავა და თარგამაძე, სამივე არეულია და გემი რომ გეზს დაკარგავს, ეგრე დაბორიალობენ. ესენი იმდენს იზამენ, ერთმანეთს შეასკდებიან! ამ დროს ამ სამივეს დიდი სიამოვნებით მივუნგრევდი თავ-ყბას, თან დიდი სიამოვნებით, მაგრამ გავიზარდე და მასე აღარ ვიქცევი. მე რეალურად ნდობა გამომიცხადა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და პასუხისმგებლობა მაქვს მათ წინაშე, ამიტომ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ამ ტუტუცებთან ბოქსი გავმართო. ამ დროს მაგათ, ეტყობა, იმის იმედი ჰქონდათ, რომ ბრაზიანი ვარ და სადღაც დავხვდებოდი და შევულამაზებდი ფიზიონომიას, მაგრამ გავუცრუებ იმედს, აღარ ვჩხუბობ, ბატონო, აღარ ვირტყმევინები, აღარც კი ვბრაზდები, რადგანაც მათი შემწეობით მთავარი ნერვი დიდი ხანია, გამიწყდა, და ახლა მარტო ღიმილზე ვარ გადასული (ეცინება)! რაც შეეხება იმას, "გრუ"-დან ვარ თუ მრუდან, მე ვარ ჩემი სახლიდან, ოჯახიდან და უბნიდან! საზღვარგარეთ ჰამბურგერს ვყავარ მოწამლული და საქართველოში ჩემი მიწა მიჭამია პეშვით და ის შემრგებია. არ და ვერ წავალ ამ ქვეყნიდან ვერსად და რა ვქნა, ხალხო? ახლა რომ დავდივარ და ხალხს ვხვდები საარჩევნო უბანზე, ვერ წარმოიდგენთ, რა კარგები არიან, მაგრამ როგორი გარიყულები არიან, დედაქალაქში არსებობის შეგრძნება დაგეკარგებათ. ხალხი რომ ამ დღეში ჰყავდათ, ეს არ ახსოვთ? ხალხს ბიოგრაფიები ამოუთხლიშეს ცხოვრებიდან და ეს არ ახსოვთ? ხალხს რომ საზრდო არ აქვს და იმედი, ეს არ ახსოვთ? იმ უბნებში, სადაც დავდივარ და სკოლა არ არის, საბავშვო ბაღი არ არის და გზა, ეს არ ახსოვთ? ისე პატარაა ჩვენი ქვეყანა, რომ მოქნეული ხელი ისევ შენ გხვდება და გავიხსენოთ, რამდენჯერ გაგვილახეს ქვეყანა? საზღვარი არ უნდა ჰქონდეს ამას ყველაფერს? ესენი ამ დასასრულს ვერ ხედავენ და რა ვქნა? დავიღალეთ, ეს ყველაფერი მაგათ გააკეთეს და ახლა, წავლენ-წამოვლენ და ისევ ჩვენ არ გვეტაკებიან? რა ჯანდაბა ვქნა, ვერ გავიგე? ეს ოხერი მასაჟის კეთებაც ვერ ვისწავლე და მირჩიეთ, რა ვქნა, ამათ თავი როგორ შევაყვარო? ეს კუდის ქიცინიც რომ არ გამომდის? ერთი თუ გავიქნიე, ნახევარი კორპუსი მომყვება, ეს დიეტაც არ მშველის და ამიტომ სასამართლოსთან მაქვს უკვე საქმე: დავსხდებით და იქ გავარკვევ. 


 

 

გაზეთი "კვირის ქრონიკა", თამარ ოქრუაშვილი 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016