reportiori.ge - 27-სართულიანი მონსტრი სპორტის სასახლესა და მთელ მიმდებარე ტერიტორიას შთანთქავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
27-სართულიანი მონსტრი სპორტის სასახლესა და მთელ მიმდებარე ტერიტორიას შთანთქავს
ავტორი:
21 მაისი, 2014. 10:54


სპორტის სასახლესთან შორიდანაც შენიშნავთ, რომ აქაურობა ერთ დიდ სახინკლე-დუქან-კაფეებად იქცა. თანაც, ვისაც სად მოუნდება, იქ დგამს "ფულის საჭრელ დაზგას". საცხოვრებელი კორპუსებიც ისევ ქაოსურად შენდება. აკურის ქუჩის "ბარაკების" მობინადრეები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, თუ სპორტის სასახლის სალაროების ადგილზე მიმდინარე მშენებლობის დამკვეთებს და მშენებლებს პასუხს არავინ მოსთხოვს.

სამშენებლო ტერიტორიის ღობე თანდათან იწევს სპორტის სასახლის კიბისკენ და "ჭამს" საავტომობილო და საფეხმავლო გზას. აქ 27-სართულიანი კორპუსი უნდა აიგოს(?!).



სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელ უბნად იქცა, უკვე არა მარტო ავტომობილიანს, ფეხით მოსიარულესაც უჭირს გადაადგილება. ერთ დროს "ბარაკებად" ცნობილი ადგილი უზარმაზარმა კორპუსებმა და ბიზნესცენტრებმა დაიკავა, თუმცა, ისინიც ისევე სტიქიურად, დაუგეგმავად და მოუწესრიგებლად არის აშენებული, როგორც თავის დროზე "ბარაკები" იყო, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობას შინ დასაბრუნებლად მთელ სამეზობლოზე უნდა გაევლო. ამჯერად აქაურებს არა მხოლოდ სახლამდე მიღწევა უჭირთ, უჰაერობაც სტანჯავთ.




კორპუსი კორპუსის გვერდით იგება, ოღონდ ისე კი არა, რომ მთელ დასახლებას თანაბრად მიეწოდოს ჰაერი - ყოველი ახალი სახლი თითქოს წინა სახლის ბინადართა სიცოცხლის ხარჯზე შენდება, თანაც სპონტანურად, ან მტაცებლური დაგეგმვის საფუძველზე, მიზეზი კი ის არის, რომ როგორც არქიტექტორები ამბობენ, დღემდე არ არსებობს ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც აღკვეთდა ამ ქაოსურ არქიტექტურას და ნებისმიერ მესაკუთრეს აიძულებდა, საკუთარი სურვილები ქალაქის ერთიანი არქიტექტურული ანსამბლისთვის მოერგო. დღეს მავანი მიწის მეპატრონე, თუ ზურგს ვინმე უმაგრებს, იტაცებს მიმდებარე ტერიტორიებსაც (ცალკე განსჯის თემაა, მათ კანონიერად აქვთ თუ არა შესყიდული მიწა). ასეთებს არ ანაღვლებთ თუნდაც ის, რომ შევიწროებული ავტომობილების სავალი გზის გამო აქ მუდმივად საცობები იქმნება, ადამიანებს კი ფეხით გავლა უჭირთ. მთავარია, ახალაშენებულ კორპუსში მეტი ფართობი ჰქონდეთ გასაყიდი. დღევანდელი კვერცხით ხელის მოთბობას დახარბებულებს არც ხვალინდელი ქათამი ანაღვლებთ და არც ის, შერცხვება თუ არა მის შვილს, თუ მამამისს ხალხი დედაქალაქის დამმახინჯებლად გამოაცხადებს. 




ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს მეტრო "რუსთაველიდან" ფილარმონიისკენ მიმავალი გზის გასწვრივ კედელს იმდროინდელმა პარლამენტის დეპუტატმა თედო პაატაშვილმა შუშის შენობა მიადგა. მაშინ ბევრი იყო უკმაყოფილო კედლის დამახინჯებით და მოითხოვდნენ, ასეთი უსახური არქიტექტურის ავტორ-შემკვეთთ აღა მაჰმად ხანის სახელობის თბილისის ამაოხრებელთა ორდენები გადასცემოდათ. 2003 წლის ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ შუშის სასახლეც აღგავა მიწის პირიდან, "ანდროპოვის ყურებიც" დააჭრა იმ დროს "რესპუბლიკის", მოგვიანებით კი "ვარდების" მოედანს, რიყეზეც მოანგრია დუქან-რესტორნები, მაგრამ ქალაქი კიდევ უფრო დაამახინჯა ისეთ მშენებლობებზე თანხმობის გაცემით, როგორიცაა მაგალითად კაზინო "შანგრილა", "ბუდაბარი" ან "გულივერის ბოტებად წოდებული" საკონცერტო დარბაზი. არქიტექტორების აზრით, რაც შევარდნაძის დროს ვერ გაფუჭდა, მერიის ხელშეწყობით ახლა ფუჭდება.


დიდი ხანია, აზრი აღარ აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ სპორტის სასახლე უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა და მსგავსი შენობების გარშემო, გარკვეულ რადიუსში, იკრძალებ(ოდ)ა ისეთი შენობების აგება, რომლებიც მათ ღირებულებას დააკნინებს. არც იმის თქმა ღირს, რომ თავის დროზე აკადემქალაქისა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია იმიტომ დატოვეს "მოშიშვლებული", რომ საბურთალოს უბნის განიავების პრობლემა არ დამდგარიყო დღის წესრიგში და თუ ამ ტერიტორიის განაშენიანება გადაწყდებოდა, არ უნდა დარღვეულიყო ქალაქის კონდიცირებისა და არქიტექტურული ძეგლის დაცვის პირობები. მაგრამ ვის ახსოვს ეს?

აკურის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიანი კორპუსი ერთი კედლით უკვე აშენებულ მაღლივ კორპუსს მიებჯინება, მეორე მხრივ კი ქვეშ მოიქცევს ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს. ამასთან, სიმაღლის გამო არა მხოლოდ სპორტის სასახლის ისედაც დაკნინებულ იერს უფრო დააკნინებს, მის უკან მდებარე კორპუსებს ჟანგბადს შეუზღუდავს, ამიტომაც აქაური მოსახლეობა იმუქრება, რომ ბარაკების მობინადრეების პროტესტს შეუერთდება და მოითხოვს, შპს "დეველოპერს" 15 სართულზე მეტის აშენების უფლება არ მისცენ. სხვათა შორის, თავიდან 27 სართული არც ყოფილა დაგეგმილი - სართულების მომატების ნებართვა მოგვიანებით მიუღიათ მშენებლებს. ამას ემატება ისიც, რომ მომჩივანთა თქმით, როდესაც მერიაში მშენებლობა გააპროტესტეს, მათ დაემუქრნენ, გაჩუმდით, თორემ გაგაჩუმებთო. "საბედნიეროდ, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლამ მოგვისწრო და დაჭერას გადავურჩით, მაგრამ იმის გამო, რომ მერიაში კვლავ კაციჭამიები სხედან, სამართალი ვერ ვიპოვეთ. მშენებლობის ადგილი 26 მაისის მოედნის სახელით იყო ცნობილი და კაზინო "აჭარის" მფლობელ თემურ უგულავას, სპორტის სასახლის სალაროების ტერიტორიასთან ერთად, 30-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. იჯარით აღებული მიწა როგორ უნდა გაყიდო, თუ ხელისუფლებიდან ვიღაც არ გმფარველობს? ე.ი. მხოლოდ თემურ უგულავა კი არა, გიგი უგულავაც დაინტერესებულია ამ მშენებლობით. მოვითხოვთ, მშენებლობის ნებართვის კანონიერების საკითხი გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები: არ აშენდეს 15 სართულზე მეტი, არ შეავიწროონ ავტოსატრანსპორტო გზის ფართობი და ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა შეგვასახლონ აქვე, სხვა ან მშენებარე კორპუსში, ბარაკების ადგილი კი გამოიყენონ სურვილისამებრ", - მოითხოვს მოსახლეობა. 
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ როგორც ამ მშენებლობის, ასევე სხვა, უამრავი მიმდინარე და უკვე დასრულებული მშენებლობის საკითხს ქალაქის მმართველობა შეისწავლის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობას" მერია დახურულ ზონად აქვს გამოცხადებული, შეუძლებელია იმ მასალების გამომზეურება, რაც უგულავას და მისი თანამზრახველ-თანაგუნდელების საქმიანობას მოჰფენს ნათელს. 


ჯაბა სამუშია: 



- სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აკადემქალაქში დღემდე აგებულ შენობებს უამრავი რამ შეეწირა. არა მხოლოდ სპორტის სასახლის არქიტექტურული იმიჯი, არამედ მწვანე ნარგავები, რეკრეაციული ზონები. აკადემქალაქში ინსტიტუტებს შეგნებულად აუქმებდნენ, რომ შენობები საკუთარი ინტერესებისამებრ გამოეყენებინათ.

არც ერთი კორპუსის აშენებისას არ არის დაცული სამშენებლო ნორმები, არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა, პარკირების ადგილები, სკვერები, უსაფრთხოების ნორმები საერთოდ უგულებელყოფილია, უბედური შემთხვევის დროს გადაადგილებაც კი შეუძლებელი იქნება.
სპორტის სასახლე უნდა ყოფილიყო არქიტექტორული დომინანტი, მიმდებარე ტერიტორია კი - ხელუხლებელი, მაგრამ იმის გამო, რომ ქალაქის ცენტრია და აქ მიწა ძვირი ღირს, მთელი ეს მიდამო უგულავამ მოასწრო და ფულის საჭრელ მანქანად აქცია. საინტერესოა ისიც, რომ თითქმის ყველა კორპუსის აშენების წინ გაცემულია დაახლოებით 6-7 სართულის ნებართვა, შემდეგ ეტაპობრივად ემატება სართულები. მშენებლობის მცირედ მცოდნემაც კი იცის, რომ მშენებლობას აძვირებს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის ვალდებულება, საპარკინგე სისტემა, გზა, სარეკრეაციო ზოლი, რომელიც სწორედ სართულების რაოდენობის მიხედვით არის გათვლილი. ამიტომ თუ შენების პროცესში სართულების დაშენების უფლება გაიცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც პარკინგის სისტემას და ვერც სხვა რამეს ვერ შეცვლი. შესაბამისად პროექტი უფრო იაფი დაჯდება და უფრო მეტ ფულს იშოვი, მაგრამ მათ, ვინც ასეთ ნაგებობაში უნდა იცხოვროს, უამრავი პრობლემა შეექმნება. გაიარეთ სპორტის სასახლესთან - არც ერთ კორპუსს არ აქვს დამოუკიდებელი პარკინგი და ავტომობილები სავალ ნაწილზე დგას. ყველა მშენებლობის საკითხი შესასწავლია და ეს აუცილებლად დაიწყება ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე.





(„კვირის პალიტრა", ეკა ლომიძე)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016