reportiori.ge - გიორგი ბურჯანაძე: არსებობს გასაიდუმლოებული მუხლი, რომელიც "ყაზტრანსგაზის" ჯარიმას აგაცილებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:57
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ბურჯანაძე: არსებობს გასაიდუმლოებული მუხლი, რომელიც "ყაზტრანსგაზის" ჯარიმას აგაცილებთ
ავტორი:
21 მაისი, 2014. 11:13


თუ იცით იმის შესახებ, რომ თურმე არსებობს სემეკის დადგენილება, რომელიც კომპანია "ყაზტრანსგაზის" ფინანსური ჯარიმის მარწუხებიდან გაგათავისუფლებთ? ვინ და რატომ არ ასაჯაროებდა ამას? 


"ალიას" ესაუბრება "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე: 

 

- "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ჩვენმა ორგანიზაციამ საკმაოდ საინტერესო ფაქტი "ამოაგდო". ესაა სემეკის 38-ე დადგენილება, რომელიც აბონენტს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს იმ ფინანსურ სანქციებს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს გულისხმობს გაზის კომპანიიდან და აბონენტს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგანაც ეს საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია, თუმცა მანამდე ჯერ "ყაზტრანსგაზის" ლაბორატორიაში ხდება მრიცხველის შემოწმება და შემდეგ უკვე ასეთი აბონენტი 600 ლარით ჯარიმდება. მაგრამ ამ 38-ე მუხლის დახმარებით, აბონენტებს აქვთ საშუალება, რომ კეთილი ნება გამოიჩინოს, თავად, თავისი ფეხით მივიდნენ, "ყაზტრანსგაზის" სახელზე დაწერონ განცხადება მრიცხველის შემოწმებაზე და შემდეგ მრიცხველი წაიღონ ლაბორატორიაში, რაც საშუალებას აძლევს, ფინანსურ სანქციებს აარიდონ თავი. 
იმდენად არის დახურული და დალუქული ამ მუხლის არსებობა საზოგადოებისთვის, იმდენად არის ჩამალული, რომ წლებია, ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ და ჩვენც ძლივს გავარკვიეთ. ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამდებობის პირი მოვიდა და მან გვითხრა. 



- რეალობაში როგორ იქცეოდა ამ შემთხვევაში კომპანია? 



- რეალურად, მსგავს შემთხვევაში, ასეთ აბონენტთან კომპანიის თანამშრომლები მიდიან და ხდება მრიცხველზე ეჭვის გამოთქმა, რომ შესაძლოა, მრიცხველს ნამდვილად აქვს დაზიანება, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მრიცხველი მოიხსნას და ლაბორატორიაში მიტანის შემდეგ 100 ნიმუშიდან 99-ზე იწერება დასკვნა, რომ მათზე მომხმარებლის მხრიდან ტექნიკური ზემოქმედება მოხდა, რამაც გამოიწვია "ყაზტრანსგაზის" ზარალი და დიდი ჯარიმა ეგრევე აკიდებული აქვს აბონენტს. ამჟამად უკვე თქვენი გაზეთის დახმარებით, საზოგადოებამ იცის ამ მუხლის არსებობა და იმედია, ამას გამოიყენებენ თავის სასარგებლოდ: ვურჩევ, თუ რამე ეჭვი აქვთ მრიცხველთან დაკავშირებით, მივიდნენ თავისი ნებით და ჩააბარონ მრიცხველი, რაზეც არანაირი ფინანსური სანქციები არ იმოქმედებს და თუნდაც დაზიანების შემთხვევაში, მათ მხოლოდ მრიცხველის თანხის გადახდა ეკისრებათ, მეტი არაფერი. 



- რა, სემეკმა არ იცოდა, რომ კომპანია ამ პერიოდის მანძილზე უამრავ ადამიანს აჯარიმებდა ამ მიზეზის გამო? 



- სემეკი თავად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ მომხმარებელს ეს მუხლი სცოდნოდა. ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, დიდი თანხა შესდიოდა გაზის კომპანიას, აქ არ არის ლაპარაკი ათეულ ათასებზე, ლაპარაკია რამდენიმე ასეულ ათასობით ლარზე. აბსოლუტურად არავის აინტერესებს აბონენტის ბედი, არც ის ხელისუფლებაა ამით დაინტერესებული, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ყოველ შეხვედრაზე ლაპარაკობდა იმაზე, რომ შემცირდებოდა გაზის გადასახადი და საერთოდ, კომუნალური გადასახადები. ამ დროს არც მათი დახმარებით არ მომხდარა ამ მუხლის განსაჯაროების პრეცედენტი! გარდა ამისა, პარალელურად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დადის გარკვეული ჯგუფები და აბონენტებს სთავაზობენ ზამთრის პერიოდში მრიცხველების გადაკეთებას, რაზეც ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, მომსახურებაში აიღებენ დაახლოებით 500-1000 ლარს და ამის ნაცვლად ისინი გთავაზობენ სიახლეს, რომ მრიცხველი იმუშავებს ჩვეულებრივად და, რომ ვერანაირი ლაბორატორიული შემოწმება ვერ გამოავლენს მოპარულ დანახარჯს. სამაგიეროდ, თქვენ დახარჯული გაზის ნახევარს გადაიხდით, მაგრამ ეს ტყუილია. ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ უკვე კონსულტაციებს გადიან ინკასატორები, რომლებმაც იციან სტატისტიკა, რომელი აბონენტი რამდენს წვავს და, თუ დადგინდება ფაქტი, რომ თვის მანძილზე თუნდაც 20-ლარიანი სხვაობა მიიღო აბონენტმა, ინკასატორი ვალდებულია, და მას შესაბამისი დადგენილებები ავალდებულებს, რომ მრიცხველის სპეციალური შემოწმება მოითხოვოს. 



- ეს ხომ ძველი ხერხია? 



- არა, ეს ახალი მიგნებაა ყალბისმქმნელების. 



- თავად სიყალბე რაში მდგომარეობს? რა მექანიზმია? 

 


- ახლავე აგიხსნით: თქვენთან მოსული ყალბისმქმნელი რომ გეუბნებათ, რომ შანსი არ არის, სიყალბე გამოვლინდესო, ეს ტყუილია, შემსვლელ "შტუცერში", ანუ მილში ქვემო ნაწილში არის პლასტმასის მონაკვეთი და იქ ჩადიან ცხელი ჯოხით. ამ დროს ხდება გახვრეტა ფირფიტის და ამის შემდეგ მრიცხველში შედის გაზის აირის მხოლოდ ნაწილი, რაც მრიცხველს ატრიალებს, ხოლო მეორე ნაწილი პირდაპირ მიედინება გამავალ "შტუცერში", რასაც მოვიხმართ. ინკასატორებმა ეს უკვე კარგად იციან და თქვენ ფაქტზე დაჭერილი ხართ. 



- კი, მაგრამ აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რის დახმარებითაც იოლად გაიშიფრება ეს მაგათი ნოუჰაუ: არსებობს საერთო მრიცხველი, სადაც აღნიშნულია, რა რაოდენობის გაზი მიეწოდება მთლიან კორპუსს ან სახლს და ეს ხალხი რის გათვალისწინებით სთავაზობს ახალი სიყალბის ჩადენას? კუბების მოპარვა ხომ მაშინვე დაფიქსირდება? 

 


- მინდა გითხრათ, რომ ყველას არ აქვს ეს საერთო მრიცხველები. ბევრი კორპუსი დგას თბილისში, რომელსაც საერთო მრიცხველი საერთოდ არ გააჩნია და ინდივიდუალურად უდგათ აბონენტებს მრიცხველები და სწორედ ეს გაუგებრობაა, ფულს რომ აკეთებინებს ამ ხალხს. კი, ნამდვილად, საერთო მრიცხველის შემთხვევაში მაშინვე მოხდება სიყალბის გამოვლენა, მაგრამ კომპანიის ინტერესშია ამ საერთო მრიცხველების არდაყენება, რადგანაც მაშინ სქემა დაიშლებოდა. ჩემი აზრით, ის ყალბისმქმნელები ამ კომპანიის წილში სხედან, სხვა აზრი მე არ მებადება, რადგანაც ზუსტად ეს ხალხი აძლევს იმის საშუალებას მათ, რომ ეს საჯარიმო სანქციები მუდამ ხორციელდებოდეს. ყალბისმქმნელი კი გიკეთებთ ვითომ საქმეს, მაგრამ თან "ნაკოლს" აძლევს გაზის კომპანიას და გამოვლენა ხდება 6-7 თვის შემდეგ. საბოლოოდ კი დაზარალებული აბონენტი გამოდის.  


კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით, რაზეც მოვიპოვეთ ინფორმაცია "ყაზტრანსგაზზე": უამრავი ობიექტია ქალაქში, რაც გაზიფიკაციას საჭიროებს, მაგალითად, კერძო სახლი. კანონმდებლობით, არსებობენ შპს-ები, რომლებსაც აქვთ უფლება, მოვიდნენ, ჩაატარონ შესაბამისი სამუშაოები, ცხადია, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, რომლის ტარიფიც "ყაზტრანსგაზთან" შედარებით დაბალია. 



- მაგრამ ეს შპს-ები არ არიან ანგარიშვალდებულები კომპანიის წინაშე? 



- რა თქმა უნდა! ასეთი სამუშაოებს ჩატარებისას, ვალდებულები არიან, შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩააბარონ გაზის კომპანიას. ანუ, საბოლოოდ მაინც "ყაზტრანსგაზის" სამსახური წერს დადგენილებას, რომ ამა და ამ შპს-ს მიეცეს უფლება სამუშაოების ჩატარებისა. რა დროსაც ამ შეპესეების 95% იბლოკება "ყაზტრანსგაზის" ტექნიკური სამსახურის მიერ. იმ მიზეზის გამო, რომ იქ რაღაც ხარვეზები გააჩნია მათ პროექტს. გაზის კომპანიის მხრიდან ხდება შემდეგი მოთხოვნა: მოვიდეს დამკვეთი, ვინც სამუშაოები დაგიკვეთათ. შპს-ს წარმომადგენელი ეკითხება, დამკვეთი რა შუაშია, პროექტი ხომ წარმოგიდგინეთო? სანამ ეს ლაპარაკი მიდის, პროექტი ჩერდება და დრო იწელება. გადის თვე, თვე-ნახევარი, პროექტი არ მტკიცდება და დამკვეთი იძულებულია, რომ საბოლოოდ, მივიდეს კომპანიაში, სადაც მას ურჩევენ, გააუქმოს შპს-სთან დადებული ხელშეკრულება და სამაგიეროდ, მას მომსახურების დაბალ ტარიფებს სთავაზობენ. ამაზე აბონენტი ცხადია, თანახმაა, აუქმებს შრომით ხელშეკრულებას შპს-სთან და კომპანიასთან აფორმებს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა სამუშაო სრულდება გაზის კომპანიისგან, მაგრამ პირველ ეტაპზე ნაჩვენები ტარიფი ჯადოსნური კალკულაციით ხდება ორმაგი. აბონენტი, ცხადია, ზარალდება, მაგრამ მაინც კმაყოფილია, რადგანაც ის შპს-ს მომსახურება თავად დაინახა, რომ ვადებში გაიწელა, სამაგიეროდ, კომპანიამ სასწრაფოდ გაუკეთა საქმე. იმას, რომ ამაში სხვა თანხა გადაიხადა, უკვე ნაკლები ყურადღება ექცევა მომხმარებლის მხრიდან. მოკლედ, თუკი ბიუროკრატიაზე ვლაპარაკობთ, ეს სფერო ამით ნამდვილად მოცულია და საერთო ჯამში, თუ ამას არ მიხედა ხელისუფლებამ, ცუდ შედგეს მივიღებთ. 


ამის შემდეგ უკვე კომენტარისთვის ვუკავშირდებით "ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ეკა სარიას, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს წერილობით შემდეგნაირად უპასუხა: 


"კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ხელმძღვანელობს და მკაცრად იცავს სემეკის მიერ დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-5 და მე-12 მუხლებს, სადაც დეტალურადაა გაწერილი, როგორც განაწილების ლიცენზიატის, ამ შემთხვევაში შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის", ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობები. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ზუსტად არეგულირებს მრიცხველის მოხსნა-შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯარიმებს მომხმარებელს, თუ მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დამტკიცდება გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტი. რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებას გარკვეული ჯგუფების შესახებ, ეს არის მითი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. 


დაბოლოს: მხოლოდ ბოლო ორ თვეში (მარტი-აპრილი) შპს-ების მიერ თბილისში, ანუ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სამოქმედო არეალში შესრულებული გაზიფიკაციის სამუშაოების საერთო რაოდენობამ 68 ერთეული (მათ შორის მრავალბინიანი კორპუსებიცაა) შეადგინა, რაც თანხობრივად 817 ათასი ლარია. მხოლოდ ეს ციფრებიც ადასტურებს, რომ კომპანია არც ერთ ლიცენზირებულ შპს-ს მუშაობაში ხელს არ უშლის". 



(გაზეთი "ალია", თამარ ოქრუაშვილი )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016